პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზე მომდევნო დღეების განმავლობაში განლაგდება. ლუკაშენკომ ასევე დასძინა, რომ ქვეყანას უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ბაზირების შესაძლებლობაც აქვს.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებით, რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უახლოესი პარტნიორის, ბელარუსის ტერიტორიაზე მას შემდეგ განათავსებს, რაც 7-8 ივლისისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მზად იქნება.
აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსების პირველი შემთხვევა იქნება. ომში ბირთვული იარაღის გამოყენებისაგან თავის შეკავებისაკენ რუსეთს არა მხოლოდ აშშ და დასავლური ქვეყნები, არამედ ჩინეთიც მოუწოდებს.
პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მარტში გამოაცხადა და მიანიშნა, რომ მსგავსი იარაღი აშშ-ს უკვე ათეულობით წლებია, რაც ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე აქვს განლაგებული.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა პუტინის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, განმარტა, რომ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. გარდა ამისა, ამერიკული მხარე უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მკაფიო ნიშნებს ამ ეტაპისთვის ვერ ხედავს.