ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბელარუს სამხედროებს მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლება მიენიჭათ.
შეიარაღებული ძალების შინაგანი სამსახურის წესდების მე-11 მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ფიზიკური ძალა და იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ. მოქალაქის დაზიანების ან გარდაცვალების შემთხვევაში კი საჭიროა პროკურატურისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებისათვის დაუყოვნებლივი შეტყობინება.
საინტერესოა, რომ სამხედრო მოსამსახურე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუკი იარაღის გამოყენება ზოგადი სამხედრო წესების მოთხოვნებს შეესაბამება.
რამდენიმე კვირით ადრე, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ცვლილებებს „სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ იარაღი გამოიყენონ ქალების, ბავშვებისა და შშმ პირების წინააღმდეგ „შეიარაღებული წინააღმდეგობის, ინდივიდუალური ან ჯგუფური შეიარაღებული თავდასხმის ან სხვა ქმედების შემთხვევაში“, თუკი ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.