კრემლის მიერ მობილიზაციის გამოცხადებისა და უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების ანექსიის შემდეგ გამწვავებულ უკრაინის ომს შესაძლოა ბელარუსიც შეუერთდეს. 10 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთთან „ერთიანი სამხედრო ჯგუფის“ შექმნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. მისმა ასეთმა განცხადებებმა ეჭვი გააჩინა, რომ მინსკი შეიძლება უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში პირდაპირ ჩაებას.
რუსეთი ლუკაშენკოს რეჟიმის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური დასაყრდენია, რომელიც მის ავტორიტარულ რეჟიმს 27 წელზე მეტია, მხარს უჭერს. მიუხედავად ასეთი „ახლო მეგობრობისა“, ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ყოველთვის ჰქონდათ განსხვავებული ინტერესები. მაგალითად, ბელარუსი არასდროს ყოფილა დაინტერესებული „რუსული სამყაროს“ წევრობით, ცდილობდა დასავლეთთან დაახლოებას და მოსკოვს ეწინააღმდეგებოდა კიდეც – ლუკაშენკომ საჯაროდ უთხრა უარი რუსეთს უკრაინასთან კონფლიქტში მხარდაჭერაზე და „პრორუსული ელემენტებიც“ კი გაათავისუფლა ქვეყნის უსაფრთხოების აპარატიდან. 2014 წელს ლუკაშენკომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო კამპანიაში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე მტკიცე უარი განაცხადა.
მიუხედავად ამისა, 2020 წელს ახალი პერიოდი დაიწყო ლუკაშენკოს რეჟიმის პოლიტიკაში, მას შემდეგ, რაც აგვისტოში გამართულ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკო დამარცხდა სვიატლანა ციხანოუსკაიასთან, 37 წლის ყოფილ მასწავლებელთან, რომელმაც თავისი კანდიდატურა ქმრის, სიარჰეი ციხანოუსკის, დაკავებისა და მისი კანდიდატურის დაბლოკვის შემდეგ წარადგინა. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ხმების 80%-ით, რის შემდეგაც არჩევნების შედეგები გაყალბებულად ცნო როგორც ბელარუსის მოსახლეობამ, ასევე დასავლეთმა. ევროკავშირმა გაერთიანებულ სამეფოსთან, აშშ-სთან, კანადასთან და შვეიცარიასთან ერთად ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა. ბელარუსში კი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ლუკაშენკოს მეექვსე ვადით არჩევა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალები დიქტატორის დავალებით დიდმასშტაბიან პროტესტებს სასტიკად გაუსწორდნენ და და მასობრივი რეპრესიები წამოიწყეს. საერთო ჯამში, დემონსტრაციების დროს 35 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
კრემლმა თვეების განმავლობაში პირდაპირი დახმარება გაუწია ლუკაშენკოს ქუჩის მასობრივი დემონსტრაციების დარბევასა და დასავლური სანქციების დაძლევაში. პუტინმა ბელარუსის ლიდერს სამხედრო დახმარებაც კი აღუთქვა, თუ სიტუაცია კონტროლს გასცდებოდა. მიუხედავად ასეთი გარანტიებისა, რუსული დახმარება ლუკაშენკოს უპირობოდ არ მიუღია. მოსკოვმა, რომელიც ბელარუსის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი უკვე იყო, ქვეყანას 1.5 მილიარდის აშშ დოლარის დახმარება გაუწია. აქედან გამომდინარე, ლუკაშენკო მოსკოვზე იმდენად დამოკიდებული გახდა, რომ მის გარეშე რეჟიმი ფაქტობრივად ვერც კი იარსებებს. აქედან გამომდინარე, დასავლეთის მიერ იზოლირებული ბელარუსის დიქტატორი იძულებულია, კრემლის წესების მიხედვით „ითამაშოს“.
2022 წლის თებერვალში, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, ლუკაშენკო იძულებული გახდა, მოსკოვისთვის უკრაინის ანექსიაში დახმარება გაეწია და რუსული სამხედრო დანაყოფებისთვის უფლება მიეცა, ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე მიეტანათ იერიში და მას შემდეგ კრემლის სამხედრო აღჭურვილობა და რუსი ჯარისკაცები ბელარუსის ტერიტორიაზე კვლავ არიან განლაგებული.
თუმცა უკრაინის ტერიტორიების რუსული სამხედროებისგან გათავისუფლებამ და კიევის მიერ ყირიმის ხიდზე მიტანილმა კონტრშეტევამ სტატუს-კვო გარკვეულწილად შეცვალა, რის შედეგადაც პუტინის წნეხის ქვეშ მოქცეულ ლუკაშენკოსგან კრემლი მეტ მხარდაჭერას მოელის. ასეთმა მოვლენებმა შესაძლოა ლუკაშენკოს კონფლიქტის მიმართ ამჟამინდელ პოზიციაზე გავლენა მოახდინოს. რუსეთის წარუმატებლობა მიუთითებს იმას, რომ მოსკოვს აღარ ჰყავს საკმარისი ძალები უკრაინის კონტრშეტევების შესაჩერებლად და პუტინისთვის შესაძლოა სასიცოცხლოც კი იყოს ბელარუსი სამხედროების დახმარება კონფლიქტში ჩრდილოეთის ფრონტის ხელახლა გასახსნელად.
ლუკაშენკომ იცის, რომ ბელარუსები უკრაინის წინააღმდეგ კონფლიქტს მხარს არ უჭერენ და მის მიერ ბელარუსის არმიის მობილიზებამ შესაძლოა მის რეჟიმს დიდი საფრთხეც კი შეუქმნას. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის მოსახლეობის მხოლოდ 13% ემხრობა რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, მაშინ როდესაც, მხოლოდ 12% უჭერს მხარს ბელარუსის კონფლიქტში ჩაბმას. თუმცა ბელარუსის კრემლის აგრესიისთვის მხარის დაჭერაზე უარის თქმამ შესაძლოა ლუკაშენკო სასიცოცხლო დახმარების გარეშე დატოვოს. აქედან გამომდინარე, ბელარუსმა რუსეთისთვის სამხედრო დახმარება უკვე გაზარდა, მაშინ როდესაც ქვეყნის დიქტატორმა საკუთარ განცხადებებში უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა გაახშირა.
რუსეთის დამარცხება ლუკაშენკოს ინტერესებში არ შედის, რადგან მას შესაძლოა პუტინის რეჟიმის განადგურება მოჰყვეს – იმ სისტემისა, რომელიც ლუკაშენკოს ერთადერთი მხარდამჭერია დასავლეთისა და ბელარუსის საზოგადოების პირისპირ. ლუკაშენკომ თავად უკვე აღიარა, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, ბელარუსი „სრულად შეიძლება გაუჩინარდეს“. ასეთ სიტუაციაში ბელარუსი დიქტატორისთვის ნებისმიერი არჩევანი ზიანის მომტანი იქნება. არსებობს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაც, რის შედეგადაც ბელარუსი სახელმწიფოებრიობას დაკარგავს და რუსეთის ნაწილი გახდება. ასეთი რთული ვითარების დროს ლუკაშენკომ შეიძლება დასავლეთთან დიალოგის განახლებაც კი სცადოს. საინტერესოა, რომ ახლანდელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომის შემდეგ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ შეხვედრები გამართა დასავლელ დიპლომატებთან ბელარუსის მთავარ საექსპორტო პროდუქტზე – პოტასიუმზე სანქციების მოხსნაზე თხოვნის მიზნით. მინისტრმა დასავლელ დიპლომატებს პირობა მისცა, რომ თუ ისინი მინსკზე ზეწოლას შეარბილებენ, მთავრობა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასაც კი დაიწყებს. დევნილი პოლიტიკოსი სვიატლანა ციხანოუსკაიას მთავარი მრჩეველი ფრანაკ ვიაჩურკას მიხედვით, მაკეის მიზანი დასავლეთისა და ბელარუსის ურთიერთობებში „ახალი გვერდის“ გადაშლაა. მინსკის შემდეგი ნაბიჯები კი ამჟამად სრულიად დამოკიდებულია კონფლიქტის განვითარებაზე.
დატოვე კომენტარი