ბრაზილიაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენეთა ლიდერმა და ექსპრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გამარჯვება მოიპოვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟიარ ბოლსონარუმ დამარცხება არ აღიარა. ეს კი აჩენს ეჭვებს, რომ ბოლსონარუმ შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააპროტესტოს.
„უზენაესი საარჩევნო სასამართლოს“ (TSE) განცხადებით, ხმების 50.9%-ით, ბრაზილიის შემდეგი პრეზიდენტი ლულა გახდა, ბოლსონარუმ კი საარჩევნო ხმების 49.1%-ის დაგროვება შეძლო. 77 წლის ლულას ინაუგურაცია 1-ელ იანვარს არის დაგეგმილი. შედეგად, მემარცხენე ექსპრეზიდენტი წლების შემდგომ თანამდებობას დაუბრუნდა.
როგორ ლულამ ათასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამ ეტაპზე ბოლსონარუ მას არ დაკავშირებია და, შესაბამისად, არც მისი გამარჯვება უღიარებია. თავად ბოლსონარუს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ბოლსონარუ უკვე წლებია, ეჭვქვეშ აყენებს ბრაზილიის ელექტრულ ხმის მიცემის სისტემას და მას თაღლითობისგან დაუცველს უწოდებს. ბოლსონარუს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე არჩევნებს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ ისეთ ოპოზიცია იქნება, რომელიც ლულასაც კი ვერ წარმოუდგენია.
ლულასადმი მილოცვებში ლათინური ამერიკისა და ევროპის ლიდერებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც შეუერთდა. ბაიდენმა ლულას „თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა.
ლუის ინასიუ ლულა და სილვა ლათინური ამერიკის უდიდეს ქვეყანას 2003 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2017 წელს, ყოვლისმომცველი გამოძიების შემდგომ, პოლიტიკური და ბიზნესის ელიტის მრავალ წარმომადგენელთან ერთად, ქვეყნის ექსპრეზიდენტიც დააპატიმრეს. ლულა 2019 წელს გაათავისუფლეს, ნასამართლობის გაუქმებით კი მას პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებისკენ გზა გაეხსნა.
დატოვე კომენტარი