გადამზიდი გიგანტის, Maersk-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მწვანე საწვავზე გადასვლა ძვირად ღირებული პროცესი იქნება, თუმცა შორეულ პერსპექტივაში მისი დადებითი მხარეების დანახვა უნდა შეგვეძლოს. კომპანიის CEO-მ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც Maersk-მა გამონაბოლქვის გარეშე მომავლისათვის ახალი მიზანი დაისახა. ახალი პოლიტიკით კომპანია სასათბურე აირების გამოყოფის სრულად გაქრობას 2040 წლისათვის შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში გამოყოფილი ნახშიროჟანგის 2% სწორედ საერთაშორისო გადაზიდვებზე მოდიოდა. შესაბამისად, თანამედროვე ტრენდს ფეხი ამ სექტორმაც უნდა აუწყოს და საკუთარი გზა მოძებნოს გამონაბოლქვის შემცირების საკაცობრიო საქმეში.
გასული წლის აგვისტოში, Maersk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია რამდენიმე დიდი ზომის გემს შეუკვეთდა, რომლებიც მეთანოლზე იმუშავებდა. გემებს სამხრეთკორეული Hyundai Heavy Industries-ი დაუმზადებდა, გამონაბოლქვისაგან ნეიტრალურ, მეთანოლზე მომუშავე ტრანსპორტს კი 16 000-მდე კონტეინერის გადაზიდვა შეეძლებოდა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეთანოლზე მომუშავე ძრავიანი გადამზიდი გემები ტრადიციულ გემებთან შედარებით უფრო ძვირად ღირებული იქნება. დანახარჯის ზრდა მოსალონდელია როგორც დამზადებისას, ისე მისი ფუნქციონირებისას. ეს კი ტრანსპორტირების ხარჯებსაც გააძვირებს.
Maersk-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მეთანოლის საწვავი ტრადიციულისაგან განსხვავებით 2-3-ჯერ უფრო ძვირია. დღესდღეობით ერთი კონტეინერის გადაზიდვაზე საშუალოდ 400$-ის საწვავი იხარჯება, მომავალში კი ეს თანხა, სავარაუდოდ, $800-ით გაიზრდება.
დატოვე კომენტარი