Arnet-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს იმპრესიონისტთა და თანამედროვე მხატვრების $10 მილიონზე ძვირი ნამუშევრების გაყიდვა 40%-ით შემცირდა, მთლიანად ბაზრის ზომა კი 25%-ით.
ამასთანავე, ფრენსის ბეკონის $84.5 მილიონად გაყიდული ტრიპტიქის გარდა, არც ერთი ნამუშევარი არ გაყიდულა $33.3 მილიონზე ძვირად. პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული შეყვარებულის პორტრეტი Christie’s აუქციონის სახლმა $55 მილიონ დოლარად შეაფასა. ნამუშევარი მომავალ თვეს გაიყიდება. ეს ფაქტი მანიშნებელია იმისა, რომ მაღალი დონის ხელოვნების ბაზარი პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება.
პიკასოს ნამუშევარი 1932 წელსაა შესრულებული. ექსპერტთა განმარტებით, ამ წელმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ესპანელი მხატვრის შემოქმედების განვითარებაში. ნახატზე, რომელიც ერთ თვეში აუქციონზე გავა, გამოსახულია მისი მუზა და საყვარელი მარი-ტერეზ ვალტერი.
Sotheby’s-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ მომავალ თვეს აუქციონზე გაიტანს ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარს: Versus Medici სავარაუდოდ $50 მილიონად გაიყიდება. ბასკიას ნახატი ,,მებრძოლი“ ჰონკონგში რეკორდულ თანხად, $42 მილიონად გაიყიდა – იგი აღმოსავლეთში დასავლელი მხატვრის ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარია.
ცნობილი მხატვრის ბენქსის ნამუშევარი Game Changer-ი გასულ თვეს $20 მილიონად გაიყიდა, ბენქსის შემოქმედებაში ყველაზე ძვირად. ნახატი ეძღვნება ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას.
წელს ყველაზე ძვირად – $92 მილიონად გაიყიდა სანდრო ბოტიჩელის ნამუშევარი – ,,ახალგაზრდა ბიჭი მედალიონით“. ეს ახალი რეკორდია მხატვრისთვის.
დატოვე კომენტარი