საქართველოში თითოეული მობილური აბონენტიდან საშუალო თვიური შემოსავალი 8.6 ლარია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამავე დროს, სამი მობილური ოპერატორიდან ორი წმინდა ზარალზეა, – ამის შესახებ „მაგთიკომის“ მორიგ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. „მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, კომუნიკაციების კომისია უგულებელყოფს ITU-ის (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის) მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს და მისგან გამომდინარე შედეგებს.
„მიუხედავად იმისა, რომ “მაგთიკომმა” არაერთხელ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისია არსებული რისკების შესახებ და ეს რისკები დადასტურებულ იქნა მსოფლიოში ექვსი საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადო კვლევა/ანალიზის/დასკვნის საფუძველზე, კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა. ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ამოქმედება, განსაკუთრებით, იმ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა როგორც პანდემიისა და მისი შედეგების, ასევე საქართველოში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მხრივ..
შესაბამისად, გაუგებარია, აღნიშნული გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება? იმას, რომ მომავალში ვერ განვვითარდეთ? თუ სხვამ დაგვიმონოს? თუ დაანგრიოს ქვეყნის ეკონომიკა, უსაფრთხოება და ყველაფერი ის, რაც აქამდე შექმნილა? აქედან გამომდინარე ჩნდება გონივრული ეჭვი, ყოველივე ეს ვინმეს პირად ინტერესს ხომ არ უკავშირდება ან კომუნიკაციების კომისია ხომ არ არის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) მხარე? მაშინ, როდესაც მისი ვალდებულებაა იყოს დარგის ნეიტრალური არბიტრი“, – აღნიშნულია „მაგთიკომის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2021 წლის 15 ივნისს „მაგთიკომმა“ საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ასახული იყო “მაგთიკომის” საჯარო განცხადებები – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშზე.
“აღნიშნულმა ღია წერილმა ფართო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, დაგვიკავშირდნენ და გვიკავშირდებიან პარლამენტის წევრები, ფრაქციები, პოლიტიკური პარტიები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასთან, ვინაიდან გაურკვეველია, როდის გაიმართება კომუნიკაციების კომისიის 2019 და 2020 წლების ანგარიშების განხილვა/მოსმენა საქართველოს პარლამენტში და ვინაიდან ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის განხილვისას დეტალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი პოზიცია, დაპირებისამებრ ვიწყებთ საჯარო სივრცეში კონკრეტული ფაქტების თემატურ წარმოჩენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაკომპეტენტურ ქმედებებზე”, – აღნიშნულია „მაგთიკომის“ განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის მსოფლიოში ათი საუკეთესო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის Deloitte-ის, KPMG-ის, BDO-ის, RSM-ის, Nexia-ს და Grant Thornton-ის პასუხები კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე.
დატოვე კომენტარი