„მაგთიკომმა“ საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართა. როგორც წერილშია აღნიშნული, კომუნიკაციების კომისია უკიდურესად დაპირისპირებულია დარგში მოღვაწე თითქმის ყველა სუბიექტთან. დარგში მოღვაწე კომპანიები გაუთავებელ სასამართლო დავებში არიან ჩართული კომუნიკაციების კომისიასთან.
„არაკომპეტენტურობა, ტყუილი, დაუმსახურებელი სანქცირება (უკანონო გადაწყვეტილებები) და შერჩევითი სამართალი გახდა ნორმა/სტილი კომისიის მუშაობისა. მის ხელში დარგი ნადგურდება, მას არ ესმის დარგის მნიშვნელობა, კიბერუსაფრთხოება თუ ეკონომიკის პრინციპები. კიბერუსაფრთხოების გაზრდილი რისკების უგულებელყოფამ შეიძლება პარალიზებამდე მიიყვანოს ქვეყანა, იქნება ეს თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, საბანკო-საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტურიზმი თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება“, – წერია წერილში.
ამასთან, პარლამენტისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ 2017-2018 წლებში საქართველოს ბაზრიდან ორი უდიდესი საერთაშორისო ინვესტორი კომპანია („თელია სონერა“ და „მეტრომედია“) გავიდა. როგორც „მაგთიკომში“ აცხადებენ, ზოგადად, კომისიის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები ხელს უშლის და აფრთხობს ინვესტორს.
„უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის არასწორი, არაკომპეტენტური და უკანონო მიდგომების ფონზე, ჩვენი კომპანია იძულებული გახდა, მაქსიმალურად ფრთხილად შეხედოს მომავალს როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, ასევე არსებითი კაპიტალდაბანდების განხორციელების მიმართულებით, იმ დროს, როდესაც „მაგთიკომი“ ყოველდღიურად 40 კმ ოპტიკური კაბელის მშენებლობას წარმატებით ახორციელებდა საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაციისა და მოქალაქეებისათვის ფიქსირებული ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
კომისიის უსუსური გადაწყვეტილებები გახდა საბაბი, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში საქართველოზე, კომუნიკაციების კომისია ნეგატიური კუთხით მოხვდა.
თქვენთვის ცნობილია ვენეციის კომისიის ნეგატიური დასკვნები კომუნიკაციების კომისიის ავტორობით შექმნილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
Freedom House-ის ანგარიშში კომუნიკაციების კომისიის ქმედება უარყოფითად არის შეფასებული. კომისიის მხრიდან ხშირად ხდება ევროპული რეგულაციების არასწორი ინტერპრეტაცია. კანონებისა და რეგულაციების საკუთარ თავზე მორგება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის დარგს. ასე, მაგალითად: კომისიის თავმჯდომარის რამდენიმე ვადით არჩევა; კონკურენციის კანონის მორგება კომუნიკაციების კომისიაზე იმ ვადით, სანამ ბატონი ბექაური იქნება თავმჯდომარე…
ისმის ლოგიკური კითხვა: კიდევ რა უარყოფითი უნდა მოახერხოს ამჟამინდელმა კომისიამ დარგის გასანადგურებლად?!
გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის ანგარიში პარლამენტს ჯერ კიდევ არ განუხილავს. ვიმედოვნებთ, რომ 2019 წლის და 2020 წლის ანგარიშების მოსმენა გაიმართება უახლოეს მომავალში“, – აღნიშნულია წერილში.
„მაგთიკომი“ მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, შეაფასონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა, დადებითია თუ უარყოფითი იგი, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური იმსახურებს თუ არა ნდობას.
დატოვე კომენტარი