მაიამიში Amazon-ის აქციების გაყიდვით ბეზოსი $600 მილიონის გადასახადებს დაზოგავს

მაიამიში Amazon-ის აქციების გაყიდვით ბეზოსი $600 მილიონის გადასახადებს დაზოგავს

გასულ წელს ჯეფ ბეზოსმა საცხოვრებლად სიეტლიდან მაიამიში გადასვლის გადაწყვეტილება პრესას აცნობა. თითქმის 30 წლის შემდეგ საცხოვრებლის შეცვლის მიზეზად მილიარდერმა მშობლებთან და თავისი კოსმოსური კომპანიის, Blue Origin-ის ოფისთან უფრო ახლოს ყოფნა დაასახელა.

პარალელურად კი მილიარდერი Amazon-ის აქციების გაყიდვას განაგრძობს. უახლოეს მომავალში კომპანიის 50 მილიონი აქციის გაყიდვის დაანონსებიდან მხოლოდ ორ კვირაში, ბეზოსმა Amazon-ის $4 მილიარდის ღირებულების, ჯამში 24 მილიონი აქცია გაყიდა. მარეგულირებლის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ტრანზაქციები ოთხი სავაჭრო დღის განმავლობაში განხორციელდა. ცნობისთვის, მსოფლიოს მესამე უმდიდრესმა ადამიანმა კომპანიის აქციები 2021 წლის შემდეგ პირველად გაყიდა.

2022 წელს ვაშინგტონის შტატმა $250 ათასზე მეტის ღირებულების აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვისთვის კაპიტალზე 7%-იანი გადასახადი დააწესა. შედეგად, ახალი წესდებით, ბეზოსს აქციების გაყიდვაზე სახელმწიფო გადასახადები პირველად დაეკისრებოდა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ ბეზოსს აქციები აღარ გაუყიდია, მხოლოდ გასული წლის დასასრულს გასცა $200 მილიონის აქციები.

მაიამიში გადასვლასთან ერთად კი, გასულ კვირას, Amazon-ის დამფუძნებელმა SEC-ში 2025 წლის 31 იანვრამდე კომპანიის 50 მილიონი აქციის გაყიდვაზე განცხადება შეიტანა. დღევანდელი ფასით, საერთო ღირებულება $8.7 მილიარდზე მეტია.

ფლორიდაში არ მოქმედებს არც სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადი და არც კაპიტალზე გადასახადი. შედეგად, გასულ კვირაში $2 მილიარდის აქციების გაყიდვისას ბეზოსმა $140 მილიონი დაზოგა, რომლის გადახდაც ვაშინგტონში მოუწევდა. მომავალი წლის განმავლობაში 50 მილიონი აქციის გაყიდვით მილიარდერი $610 მილიონს დაზოგავს, ეს თანხა კი, აქციების ფასის მატებასთან ერთად, შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.