ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ექვსგზის ჩემპიონის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელები, რომლებიც კალათბურთის ლეგენდას ამ ტიტულების მოპოვებისას ეცვა, აუქციონზე რეკორდულ ფასად, $8 მილიონად გაიყიდა.
აუქციონის სახლ Sotheby’s-ის თანახმად, „დინასტიის კოლექციისთვის“ შეთავაზებამ $8,032,800-ს მიაღწია და აუქციონზე გაყიდული სათამაშო სპორტული ფეხსაცმლისთვის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. Sotheby’s-ზე გაყიდული კომპლექტი ექვსი მოდელისგან შედგებოდა, ესენია: Air Jordan VI (1991), Air Jordan VII (1992), Air Jordan VIII (1993), Air Jordan XI (1996), Air Jordan XII (1997) და Air Jordan XIV (1998).
აუქციონის სახლის განცხადებითვე, ეს Air Jordan-ის ფეხსაცმლის ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრებია, რომელიც ოდესმე გასაყიდად გამოუტანიათ. ცნობისთვის, თითოეული წყვილიდან მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი გაიყიდა. აუქციონის ლოტი ჯორდანის გამოსახულებიანი, ხელმოწერილი ფოტოების ლიმიტირებულ კომპლექტსაც მოიცავდა.
Sotheby’s-მა სპორტული ფეხსაცმელები კერძო ამერიკელი კოლექციონერისგან მიიღო, რომლთანაც მოდელები ტიმ ჰალანდისგან მოხვდა. როგორც ცნობილია, 1991 წლის ფინალამდე, ჰალანდმა, რომელიც Chicago Bulls-ის პიარის აღმასრულებელი დირექტორი იყო, სთხოვა ჯორდანს, გამარჯვების შემთხვევაში მისთვის ფეხსაცმელი გადაეცა. ფინალის შემდეგ ჯორდანმა მისი ხელმოწერილი ცალი ფეხსაცმელი ჰალანდს უსახსოვრა, ეს ტრადიცია კი, შემდეგი ხუთი ჩემპიონობისასაც გაგრძელდა.
ჯორდანმა, ზედმეტსახელი „Air Jordan“-ი, აკრობატული მანევრებისა და ნახტომის გამო დაიმსახურა. გასულ წელს, Sotheby’s-ზე $2.2 მილიონად გაიყიდა ჯორდანის საკულტო შავი და წითელი Air Jordan 13-ები. ხოლო 2021 წლის ოქტომბერში – Nike Air Ships-ის წითელი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ჯორდანს NBA-ზე, მის მეხუთე თამაშზე ეცვა, $1.47 მილიონად გაიყიდა.