“იყიდეთ ჩემი დღეები, ჩემი კვირები და თქვენ მიიღებთ მომენტებს, რომლებიც არავის დაავიწყდება”, – ამბობს 3i-ს, Mothercare-ის, Ministry of Sound-ის, Citibank and Citigroup-ის, Sony Ericsson-ის, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების, Mercedes-Benz-ის, USA Today-ს, Windows-ის, Skype-ის დიზაინერი.
ივლისში საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გრაფიკოს-დიზაინერი, მაიკლ ვულფი ეწვია, ის აქ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მოწვევით ჩამოვიდა. ვულფმა ლექცია უნივერსიტეტის მომავალ მაგისტრანტებს ჩაუტარა. ლექციის თემა ბრენდის იდენტობა იყო. რა განაპირობებს წარმატებული ბრენდების სიცოცხლისუნარიანობას და როგორ იქმნება ემოციური კავშირი კომპანიასა და მომხმარებელს შორის – სწორედ ამ თემებზე მესაუბრა მეც. პირველი შეხვედრისას მან ჩემზე საკმაოდ უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება მოახდინა: ის საუბრობს მშვიდად და დინჯად, უყვარს ხუმრობა და საერთო ჯამში, ასაკის მიუხედავად, თანამედროვე და აქტიურია და ეს ალბათ არც არის გასაკვირი, მაიკლ ვულფი დიზაინის, ბრენდინგისა და მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და აღიარებული პერსონაა. მისი კლიენტები არიან: 3i, Mothercare-ი, Ministry of Sound-ი, Citibank and Citigroup-ი, Sony Ericsson-ი, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები, Mercedes-Benz-ი, USA Today , Windows-ი , Skype-ი და ა.შ. ინტერვიუს დროს ვულფმა ბევრი ისაუბრა სპეციალური საჭიროების ადამიანების პრობლემებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და დიზაინის მნიშვნელობაზე ინკლუზიაში, სიღარიბესა და ბიზნესის როლზე მის დაძლევაში, ის ემხრობა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას და ამქვეყნად ალბათ დეტალებზე ყველაზე მეტად დაკვირვებული ადამიანია.
“ჩემს ცხოვრებაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მახსოვს, ამ ფაქტებმა ბევრი რამ გადაწყვიტეს ჩემს ცხოვრებაში. დაახლოებით ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი პირველი ველოსიპედი მყავდა, ეს ველოსიპედი კი ამქვეყნად ყველაზე საოცარი და დაუჯერებელი ლურჯი ფერის იყო. კარგად მახსოვს, რომ მთელი ჩემი გული და გონება ამ ფერით იყო მოწამლულიც და შთაგონებულიც. მაშინ მივხვდი, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საგნების ფერს. დღესაც თუ მკითხავთ, რა აქვს უნიკალური Volkswagen Beetle-ს, გიპასუხებთ, რომ ის ალბათ ერთ-ერთი იმ უიშვიათეს მანქანათაგანია, რომელსაც აქვს ფერი – შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და გამორჩეული ფერი. მეორე შემთხვევა, რომელმაც ასევე ბევრი რამ შეცვალა ჩემში, იყო ბანანის ნახვა პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მახსოვს, რომ ბანანის სტრუქტურამ, სუნმა, ფერმა მაშინ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ახლაც, როდესაც ვასწავლი, ვცდილობ სტუდენტების ყურადღება გავამახვილო ასეთ თემებზე, თუნდაც ფორთოხალზე, მის განსაკუთრებულ და თავისებურ ფერზე, სუნზე, ფორმაზე, ფაქტურაზე; რომ მისი ფორმა, ფაქტობრივად, ფანტასტიკურია, შიდა სტრუქტურა, ფერები, არომატი, რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან. სწორედ ეს არის ჩემი პროფესია, ერთ ფორმაში არსებული უამრავი შეგრძნება, აღქმა თითოეული ნივთისა, რომელიც აღძრავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ინდივიდუალურ ემოციებსა და გამოცდილებას, – ამბობს მაიკლ ვულფი, – დიზაინი არის იდენტობის კამპანია და ამ ბიზნესში ყოფნის დროს დიდ ყურადღებას აქცევ სიკეთეს, სულგრძელობას. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკის მანძილზე ძალიან ცოტა ასეთ ბიზნესლიდერს შევხვედრივარ. დღესდღეობით, თუ დავაკვირდებით, ბიზნესს დომინანტი ბუნების მამაკაცები მართავენ და საერთოდაც, ბიზნესმა ძალიან მავნებლური და გარყვნილი სახე მიიღო, ვგულისხმობ იმას, რომ დღეს, როდესაც ბიზნესი და მისი ფული მსოფლიოს მართავს, ძალიან ცოტა ადამიანი არის უკიდურესად მდიდარი და მილიონობით და მილიარდობით ადამიანი – უკიდურესად ღატაკი, რომელთაგან უმეტესობა ყოველდღე შიმშილით იღუპება. სწორედ ეს განაპირობებს მსოფლიოს პოლარიზებას. მე ვმუშაობ ბიზნესთან, მე ვეხმარები მათ განვითარებას, ისინი ასაზრდოებენ ჩემს კომპანიას, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მუდმივად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს კაპიტალიზმი ჩვენს ყოფაზე.
როგორი იყო თქვენი გზა წარმატებისკენ, რა არის მაიკლ ვულფის წარმატების საიდუმლო?
იცით, ეს ძალიან კარგი კითხვაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს საიდუმლო უშიშრობაშია. ადამიანებისადმი ჩემი პატივისცემა გამოიხატება იმაში, რომ მე მათ ვაძლევ იმ ყველაფერ საუკეთესოს, რაც შემიძლია და რაც გამაჩნია, მე არასდროს მრცხვენია აღიარება, რომ რაღაც არ ვიცი, ან რაღაც არ შემიძლია, თუმცა არც არასდროს ვერიდები იმის თქმას, რაც ძალიან კარგად ვიცი. დიახ, მე ძალიან კარგი სტრატეგი ვარ დიზაინის სამყაროში და მე ვიცი, რომ ეს საუკეთესოდ გამომდის. მე შეიძლება არ ვიყო საუკეთესო მუსიკოსი, თუმცა ყოველგვარი მორიდების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ვარ იდეების საუკეთესო გამტარი, ეს სიმართლეა. მე ძლიერი კონცეპტუალური დიზაინერი ვარ, შეპყრობილი ვარ დეტალებზე დაკვირვებულობით – დეტალებზე, რომლებიც საგნებსა და მოვლენებს სრულიად უნიკალურ სახეს აძლევს. მე ასევე ძალიან ვარ დაინტერესებული და გატაცებული ინკლუზიური დიზაინით, რადგან, თუნდაც ATM ბანკომატები რომ ავიღოთ, ეტლით მოსარგებლე ადამიანებს უწევთ დახმარებისთვის მიმართონ სხვებს, რადგან ბანკომატების პროექტირებისას ძალიან ცოტა ითვალისწინებს მათ სპეციალურ საჭიროებებს, იმ ადამიანების ინტერესებს, ვისაც არ ესმის, ვინც ცუდად ხედავს, ვისაც გადაადგილება უჭირს და ა.შ. და თუ ჩვენ ვიფიქრებთ ამ ადამიანებზე, მივიღებთ გაცილებით უკეთეს, დახვეწილ ინკლუზიურ დიზაინს. კიდევ ერთი რამ, რაც ბანკომატებთან დაკავშირებით არ მომწონს: როდესაც მომხმარებელს გამოაქვს ფული, სისტემა წერს ასეთ ფრაზას Remove your Card, რაც საკმაოდ უხეშ მიმართვად ითვლება გაერთიანებულ სამეფოში. გააზრებული დიზაინის კონცეფციის შექმნისას, მე ვურჩევდი ბანკებს, დაეწერათ “ისიამოვნეთ თქვენი ფულით” (Enjoy your Money), ან არ დაგავიწყდეთ ბარათის აღება. მე ვფიქრობ, რომ კარგად ვხვდები, რას გრძნობენ ადამიანები, სწორედ ამაშია ჩემი წარმატების საიდუმლო, მე არ მინდა ადამიანს ბანკომატთან ურთიერთობისას ჰქონდეს უხერხულობის შეგრძნება, თითქოს ის სხვის ფულს იღებს ამ მოწყობილობიდან, ვფიქრობ, ბანკომატისა და ადამიანის ურთიერთობა გაცილებით რბილი და უშუალო უნდა იყოს.
ე.წ. წარმატების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, კონცეპტუალისტს ახსოვდეს, რომ ადამიანები იცვლებიან, იცვლება მათი წარმოდგენები, გემოვნება, მოთხოვნები, აღქმები. ყოველთვის, როდესაც საყვარელ წიგნს კითხულობ, მას სულ სხვადასხვანაირად აღიქვამ, რადგან შენ, როგორც მკითხველი, იცვლები, ახალ ემოციებს იწვევს შენში ეს წიგნი და ვფიქრობ, რომ ზუსტად იმავენაირად აღიქვამს ადამიანი ნებისმიერ დიზაინს – ყოველ ჯერზე ახლებურად, ამიტომ არის აუცილებელი გააზრებული მიდგომა, ჩვენ ვქმნით დიზაინს, რომელიც ყოველ ჯერზე უნიკალურია. ყველაფერი შეიძლება იყოს უკეთესი – ეს არის ჩემი საქმიანობისა და მუშაობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მაგალითისთვის, ბორბალი გამოიგონეს რვა ათასი წლის წინ, გორგოლაჭებიანი ჩემოდნის გამოგონებას კი 7960 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ არ არის ჯერ დაკავშირებული ერთმანეთს? წარმოგიდგენიათ, მომავალში რამდენი რამ შეიძლება იყოს უკეთესად?
დიზაინი არის ცნობისმოყვარეობა (ეს არის თვისება, რომელიც მუდმივად უნდა გამოიმუშაო და განავითარო), ადამიანი ყოველთვის უნდა სვამდეს შეკითხვას – რატომ? რომ დაფიქრდეთ, ყველა ადამიანი თავის მხრივ დიზაინერია, ცნობისმოყვარეობა კი ზრდის ხარისხს და აუმჯობესებს გემოვნებას. მნიშვნელობით მეორე ფაქტორი დიზაინში განსხვავებული ხედვაა. ნებისმიერი ადამიანი ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვანაირად ხედავს, უნივერსალური დიზაინი ყველა ხედვისთვის მისაღები და მასზე მორგებული უნდა იყოს.
თქვენს კლიენტებზე მოგვიყევით, ვინ იყვნენ პირველი დამკვეთები, როგორი იყო მათთან მუშაობა?
პირველი კლიენტები ჩემი დიზაინერული მოღვაწეობის ძალიან ადრეულ საფეხურზე გაჩნდნენ. იმ პერიოდში სულ რამდენიმე დიზაინერული კომპანია არსებობდა და ჩემი იყო ერთ-ერთი მათ შორის. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა კომპანიებისთვის იმის მტკიცება, რომ მათ ჩვენი მომსახურება სჭირდებოდათ, რომ ჩვენ შეგვეძლო უკეთ შეგვეფუთა მათი საქმიანობა. იმ პერიოდში ძალიან ცოტა კომპანია ხვდებოდა, რომ ისინი ვალდებულები იყვნენ, პროდუქტი უფრო სასიამოვნო და პრაქტიკული გაეხადათ მყიდველისთვის. 40-იანების ბოლოს ეს გააცნობიერა IBM-მა, General Motors-მაც, მაგრამ ძალიან ბევრი კომპანია ამას ვერ ხვდებოდა და, შესაბამისად, ჩვენც ბევრი საქმე გვქონდა. იმ პერიოდში ვიყავი დიზაინის უფლებადამცველი, ერთგვარი ადვოკატი. მე ვარწმუნებდი ბიზნესმენებს, რომ ის, თუ როგორ გამოიყურება პროდუქტი, რა სუნი აქვს, რა შეფუთვა, რა ემოციებს აღძრავს ის, მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ გონივრული დაგეგმვა ბევრ ფულს მოიტანს, არამედ იმიტომ, რომ ეს ადამიანებს, მყიდველებს უფრო ბედნიერს გახდის. აი, ასე დავიწყეთ მუშაობა.
თქვენთვის ყველაზე საინტერესო კლიენტი ვინ იყო? ან რამდენად რთულია კლიენტებთან ურთიერთობა დღეს?
ყველა კლიენტი საინტერესოა, მაგრამ იცით, მე ძალიან გამიმართლა, რომ ბიზნესის წარმოების აუცილებლობა აღარ მაქვს, მე უბრალოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვმუშაობ. ამიტომაც არ მიწევს იმის კეთება, რისი კეთებაც არ მომწონს. არ ვმუშაობ იმ ადამიანებთან, ვისთანაც მუშაობა არ მინდა. თუმცა ამდენწლიანი გამოცდილების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემს კლიენტს პატივს ვცემ და მათგანაც ყოველთვის იმავეს ვიღებ. შესაძლოა მე დამისრულებია რომელიმე მათგანთან ურთიერთობა, თუმცა არასდროს დამიკარგავს ისინი.
რამდენად ძვირი ღირს თქვენი მომსახურება?
იცით, მე ვფიქრობ, რომ ღირებულება ამ ყველაფრის ერთადერთი საზომია. მე ვყიდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩემს დროს, თუმცა ხშირად გენიალური იდეები ერთ წამში მოდის. ასე რომ, მე ვყიდი დროს. მე ვეუბნები ჩემს კლიენტებს, იყიდეთ ჩემი დღეები, ჩემი კვირები და თქვენ მიიღებთ მომენტებს, რომლებიც არავის დაავიწყდება. თქვენ ყიდულობთ მომენტებს, ყიდულობთ ჩემს გონებას, ნიჭსა და ტალანტს. ბიზნესმენები ითხოვენ ჩემთან შეხვედრას კვირაში ერთხელ, მათ სურთ გაიგონ, რას ვფიქრობ მათზე თვეში ერთხელ, სწორედ ამიტომ დაწესებული მაქვს დღიური ღირებულება ჩემი ფიქრებისთვის, მათ იციან, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ადამიანი ვარ და მე არ მეშინია ამის თქმის, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ძალიან კარგად ვიცი, რა გამომდის ყველაზე უკეთ.
რას იტყვით საქართველოზე?
ამ ქვეყანას ეტყობა, რომ აქ რელიგია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში, თუმცა ისიც გავიგე, რომ ხშირად ტარდება აქციები მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. ვფიქრობ, რომ თუ დეკრიმინალიზაცია არ მოხდება, ეს იქნება ძალიან შორს, უკან გადადგმული ნაბიჯი. ყველა ქვეყანას აქვს რაღაც, რაც მას უკან ხევს, ამერიკის შემთხვევაში ეს არის აღმატებულობის ილუზიური განცდა, რუსეთის შემთხვევაში ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსი. საქართველოში რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, არის ადამიანების მეგობრული დამოკიდებულება. მე ვფიქრობ, რომ აქ ცხოვრება ძალიან მარტივია, თუ დაინახავთ შესაძლებლობებს. თუმცა მე მხოლოდ ერთი დღეა, რაც აქ ვარ და არ გამოვრიცხავ, რომ ვცდებოდე.
რას ურჩევდით ქართველ მარკეტოლოგებს, დიზაინერებსა და CEO-ებს?
სწავლას. არასდროს შეწყვიტოთ სწავლა. იყავით მამაცები, მაგრამ ნურასდროს იქნებით ბოლომდე დარწმუნებულები, რომ მართლები ხართ, აიღეთ მაგალითი სხვებისგან, მაგრამ შეინარჩუნეთ თქვენი ინდივიდუალური, კრეატიული მე. ნუ ეცდებით სხვების იმიტაციას, რადგან საქართველოში არის პოტენციალი, შეიქმნას მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდები.
და კიდევ, ბევრი იმოგზაურეთ.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)
დატოვე კომენტარი