“მაკდონალდს საქართველომ” ბურგერის მომზადების წესი შეცვალა. პოპულარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი მომხმარებელს უფრო ცხელ, წვნიან და გემრიელ კლასიკურ ბურგერებს სთავაზობს. ამის შესახებ “მაკდონალდს საქართველოს” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე შენგელიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
„შეიცვალა ბურგერის მომზადების წესი. ეს არის გლობალური პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად ხორციელდება და ჩვენ პატივი გვერგო, ერთ-ერთი პირველები ვყოფილიყავით“, – აღნიშნა მან.
კერძოდ, ბურგერში იცვლება ფუნთუშის რეცეპტი, რომელიც უფრო გემრიელი და მადის აღმძვრელი გახდა, ასევე მეორე ცვლილება ეხება ხორცის დამზადების ტექნოლოგიას. უფრო კონკრეტულად გრილზე უფრო ნაკლები რაოდენობის ხორცი იწვება და მომხმარებლისთვის მირთმევისას ის არის უფრო ცხელი.
„ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ამ ახალ პროექტში, გამომდინარე იქიდან, რომ გადამზადდა თითოეული თანამშრომელი. ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდა. ეს ყველა რესტორანში ერთდროულად არ მომხდარა“, – განაცხადა “მაკდონალდს საქართველოს” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ეს ერთადერთი სიახლე არ არის, რასაც “მაკდონალდს საქართველოს” მომხმარებელს წელს ჰპირდება. როგორც ალექსანდრე შენგელიამ აღნიშნა, წლის ბოლომდე რესტორანი კლასიკური სენდვიჩის გაუმჯობესებულ ვერსიას შესთავაზებს მომხმარებელს.
გარდა ამისა, “მაკდონალდს საქართველო“ აქტიურად მუშაობს ქსელის გაფართოებაზე. სად გაიხსნება “მაკდონალდსის“ მორიგი რესტორანი, ჯერ არ აკონკრეტებენ. ამჟამად მას საქართველოს ხუთ ქალაქში18 რესტორანი აქვს.
ცნობისთვის, პროდუქტის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, “მაკდონალდს საქართველო“ 24,5 მლნ ლარის საინვესტიციო მოცულობის პურ-ფუნთუშეულის საწარმოს აშენებს.
“მაკდონალდსი” საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 2019 წელს კომპანიამ ბიუჯეტში 19,9 მლნ ლარი შეიტანა, იმავე წელს ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 14 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წელს კი ორი ახალი რესტორნისთვის 17,3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
დატოვე კომენტარი