მილიარდერმა მაკენზი სკოტმა მორიგი მსხვილი დონაცია განახორციელა. კერძოდ, მან ქველმოქმედებისთვის $2,7 მილიარდი გაიღო. როგორც BBC წერს, Amazon-ის შემქმნელის ყოფილმა მეუღლემ თანხა გადაურიცხა 286 სხვადასხვა ორგანიზაციას, რომლებიც რასობრივი უთანასწორობის, ხელოვნებისა და განათლების საკითხებზე მუშაობენ. როგორც მაკენზი სკოტმა თავის ბლოგში აღნიშნა, მას სურდა, თანხა შეეწირა მათთვის, რომლებიც „ისტორიულად შეუმჩნევლები და დაუფინანსებლები იყვნენ“.
როგორც სკოტმა განაცხადა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვისთვის უნდა გადაერიცხა თანხა, მან მკვლევრების გუნდთან და თავის ამჟამინდელ მეუღლესთან, მეცნიერების მასწავლებელ დენ ჯიუვიტთან ერთად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მაკენზი სკოტი მსოფლიოს უმდიდრესი ქალია. მისი სიმდიდრე 2019 წელს ჯეფ ბეზოსთან გაყრის შედეგად მიღებულ ქონებას მოიცავს. განწორწინების შემდეგ სკოტმა Amazon-ის აქციების 4% მიიღო, რაც სულაც არ ყოფილა დაუმსახურებელი, ვინაიდან 1994 წელს რიტეილ-გიგანტის შექმნაში ბეზოსს სწორედ ის ეხმარებოდა.
მაკენზი სკოტის ქველმოქმედება გასაკვირი არ არის, ვინაიდან ის დონაციას ხშირად ახორციელებს. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მაკენზი სკოტს ოთხი თვის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $4 მილიარდზე მეტი ჰქონდა გაღებული. მიუხედავად მსხვილი დონაციებისა, მაკენზი სკოტი კვლავ მსოფლიოში უმდიდრესი 22-ე ადამიანია. მისი ქონება Forbes-ის მიხედვით $59.5 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, მაკენზი სკოტმა 2019 წელს ხელი მოაწერა ინიციატივა Giving Pledge-ს, რომლის მიხედვითაც ის თანახმაა, რომ მისი ქონების უმეტესი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს. აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსს აღნიშნული ინიციატივისთვის ხელი მოწერილი ჯერ არა აქვს.
დატოვე კომენტარი