ეს კონკრეტული ამბავი არ უკავშირდება XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის თბილისს და ეპოქას, რომელსაც აღვწერთ, თუმცა კარგად ასახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, ლამის ფუფუნების საგანი იყო ტელეფონი საბჭოთა საქართველოშიც კი.
ამბავი 1970-იან წლებში მთელი ქვეყნის სიამაყის, თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატის“ ერთ-ერთ მატჩს უკავშირდება. როგორც ამ ამბის უშუალო მონაწილის ნაამბობიდან ვიგებთ, ისტორიული მეტოქის წინააღმდეგ თამაშის დაწყებამდე, გასამხნევებლად „დინამოს“ გასახდელში საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე და სხვადასხვა უწყებების მაღალი თანამდებობის პირები ესტუმრნენ. საბჭოთა დროს „დინამო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პრინციპული მატჩის წინ შევარდნაძემ გუნდის გამხნევება გადაწყვიტა, წარმატებები უსურვა და იმ დაძაბულობის გათვალისწინებით, რაც „დინამო“ – „არარატის“ მატჩებს ახლდა თან, ფეხბურთელებს მოედანზე ჩხუბისა და ნებისმიერი კონფლიქტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
შევარდნაძის შემდეგ „დინამოს“ ფეხბურთელებს სხვა სტუმრებმაც მიმართეს და როცა კავშირგაბმულობის მაღალჩინოსანზე, სავარაუდოდ მინისტრზე მიდგა ჯერი, გუნდის გასახდელში იმ დროისთვის მაგიური კითხვა გაისმა – „რამდენს არ გაქვთ სახლში ტელეფონი?“
დღეს ეს კითხვა უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა მაშინ, სახელმწიფოში, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობდა, ტელეფონი და მსგავსი „მიღწევები“, კვაჭი კვაჭანტირაძეს თუ დავესესხებით, ცოტა რთული „გასაიმასქნებელი“ იყო. აღმოჩნდა, რომ თვით თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავთა ნაწილსაც კი არ ჰქონდა სახლში ტელეფონი.
კავშირგაბმულობის მაღალჩინოსანს პირობა დაუდია, რომ მას შემდეგ, რაც „დინამო“ „არარატს“ დაამარცხებდა, საჩუქრის სახით, მეორე დღესვე, ეს პრობლემა სამუდამოდ მოეხსნებოდათ.
„დინამომ“ ის მატჩი დიდი ანგარიშით წააგო.
კავშირგაბმულობის მაღალჩინოსანმა მეორე დღეს ბრძანება მაინც გასცა… შედეგად, ტელეფონი ერთი კვირით „დინამოს“ იმ ფეხბურთელების ოჯახებშიც დადუმდა, რომელთაც ამ უცნაურ მატჩამდე საოცნებო საკომუნიკაციო საშუალებაზე ხელი მიუწვდებოდათ.
ტელეფონის გამოჩენამდეც, ეფექტურ საკომუნიკაციო საშუალებებზე ძველ თბილისში ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიის მიერ ანექსირებული საქართველოს დედაქალაქი კავკასიის ცენტრიც იყო, საკომუნიკაციო საშუალებების კუთხით არაერთი პრობლემა და გამოწვევა არსებობდა.
თავად განსაჯეთ, კომუნიკაციისთვის საქართველოში რამდენად პრაქტიკული შეიძლება ყოფილიყო ტელეგრაფი, მით უფრო სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის.
მაგალითისთვის, 1879 წელს ქუთაისიდან მომავალმა ერთმა მგზავრმა თბილისში საჭირო და საჩქარო დეპეშა გამოგზავნა. როდესაც ტელეგრაფის გამომგზავნი ქალაქში ჩამოვიდა და ტელეგრამის ადრესატს პირადად ეწვია, დეპეშაც სწორედ მაშინ მიიტანეს დანიშნულების ადგილას.
აი კიდევ რამდენიმე ნიმუში იმისა, თუ რამდენად გამართულად მუშაობდა თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის სადგური:
„ერთი ტფილელი ვაჭარი ძალიან ბევრ ღია წერილებსა ჰგზავნის თურმე ყოველ დღე ქალაქის სხვა-და-სხვა უბანში. რამდენჯერმე შენიშნა, რომ გაგზავნილ წერილებზე პასუხი თავის დროზედ არ მოდის. ხან ფოსტაში უჩივლია, ხან თვით წერილების დამტარებლისთვის უთქვამს, მაგრამ ვერას გამხდარა. ბოლოს შემდეგი ხერხი მოუგონია: დაუწერია ღია წერილი თავის სახელზედ, აღუნიშნავს გარკვევით წერილში, სადაცა სცხოვრობს და ჩაუგდია წერილების ყუთში. წერილი დაგვიანებულა. უკითხავს ფოსტაში და აღმოჩენილა, რომ წერილი ფოსტის გამგეობაში თავის დროზედ მიუტანიათ, წიგნებშიაც ჩაწერილია, წერილების დამტარებლისთვისაც გადაუციათ მაშინვე… და დღევანდლამდის კი მაინც პატრონს წერილი არ მოსვლიაო.“
ვითარება განსაკუთრებით რთულდებოდა მაშინ, როდესაც წინასადღესასწაულო დღეებში მისალოცი დეპეშების რაოდენობა არნახულად იზრდებოდა. ასეთ დროს, შესაბამის სამსახურებს სპეციალური განცხადებების გავრცელებაც უხდებოდათ, რათა სადღესასწაულო ფაცი-ფუცს ქაოსი არ გამოეწვია:
„მომავალ დღესასწაულებისათვის, დეპეშის გამგზავნმა უნდა დააწეროს „საშობაო“, ან „საახალწლო“. ამ სიტყვებში ფული არ გამოერთმევა. ადრე გაგზავნილი დეპეშები შეინახება და გადაეცემათ იმათ, ვისთანაც გაგზავნილია, საშობაო – 25 დეკემბერს, ხოლო საახალწლო – 1 იანვარს“.
გამომდინარე ამ ვითარებიდან, მოსალოდნელიც იყო, რომ თბილისელები, განსაკუთრებით ქალაქის ეკონომიკურად აქტიური, შეძლებული მოსახლეობა აღფრთოვანებით შეხვედროდა ცნობებს იმ საოცრების შესახებ, ქართული პრესის ფურცლებზე რომ გამოჩნდა:
მაგალითად, ავიღოთ 1877 წელს, გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ცნობა, რომელიც მკითხველს აუწყებდა, რომ ერთ ბერლინელ „ნემეცს“ ისეთი „მაშინა“ მოუგონია, რომლის შემწეობითაც სამი კილომეტრით დაშორებულ ორ კაცს ისე ადვილად შეუძლიათ თურმე ერთმანეთთან მასლაათი, თითქოს ერთ ოთახში სხედანო – „ამ მაშინას ტელეფონი ჰქვიან სახელად და ბერლინში ის ხმარებაშიაც შემოუღიათ. ისე ჩინებულად გადააქვს თურმე ამ მაშინას ხმა, რომ ნაცნობის ლაპარაკს გამოიცნობო“.
ახალი, საოცარი გამოგონების შესახებ ძველ ქართულ პრესაში ცნობები ნელ-ნელა მრავლდებოდა. მართალია, ალექსანდერ ბელი ნახსენები არ ყოფილა, ან ჩვენ არ მოგვხვედრია მისი გვარი თვალში, მაგრამ გამოგონების სხვადასხვა ფუნქციით სარგებლობის შესაძლებლობამ კი ფართოდ გაუხსნა ფანტაზიას კარი. როგორც აღმოჩნდა, ამ „მაშინის“ საშუალებით არათუ ადამიანის ხმის, არამედ მუსიკის გადაცემაც იყო შესაძლებელი:
„კარგი კია, მე და ჩემმა ღმერთმა: ვსთქვათ თფილისის თეატრში კონცერტს აძლევენ; თქვენ ამ დროს მხარ-თეძოზედ წამოწოლილხართ გორში ან ქუთაისში და თქვენს ყურთა-სმენას ატკბობთ ამ კონცერტის სმენითა!..“
ფანტაზიის გარდა, შეუძლებელია სხვა რამეს მივაწეროთ კიდევ ერთი ამბავი ძველი ქართული პრესიდან, რომლის მასშტაბები დღეს სრულიად წარმოუდგენლად გვეჩვენება:
„ტელეფონის ახალი ამაგი. ნიუ-იორკში ერთი კაცი შეჰხვდა ქუჩაში ძაღლს, რომელიც თითქო იმისი მეგობრის ძაღლსა ჰგვანდა. ეჭვის გასაფანტად, წავიდა იგი ტელეფონის სტანციაზე, გამოუძახა თავის მეგობარს და ჰკითხა – ძაღლი ხომ არ დაგიკარგავსო? დავკარგეო, უთხრა მეგობარმა. მაშ, აბა ტელეფონით გამოელაპარაკე შენს ძაღლსაო, უთხრა პირველმა და ტელეფონი მიუტანა ძაღლს ზედ ყურზე. ტელეფონში ხმამაღლა გაისმა „ჯეკ“ [ძაღლის სახელი]. გაიგო თუ არა თვისი სახელი და პატრონის ხმა, ჯეკმა შეჰქნა ყეფა და საცოდავი წმუკუნი, რომელიც ტელეფონითვე გაიგო ძაღლის პატრონმა და დარწმუნდა, რომ ეს ძაღლი სწორედ იმისია. ნახევარ საათს უკან ძაღლმა და მისმა პატრონმა ერთმანეთი ნახეს კიდეც“.
ამგვარი ამბების წამკითხველი თბილისელები, როგორც ყოველგვარი სიახლისა და „უცხოურის“ მოყვარულები, დიდი ინტერესით, სრულ მზადყოფნაში ხვდებოდნენ ამ „ბოლო დროის გამოგონებას“.
ესეც რომ არა, პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე, იმ ხანებში ტელეფონი რუსეთის იმპერიაშიც „მოდაში შემოდიოდა“, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით უსარგებლო მიწერ-მოწერასა და კანცელარიულ შრომას შეამცირებდნენ. შესაბამისად, ბუნებრივი იყო, რომ ეს უჩვეულო „მაშინები“ მალე თბილისშიც გამოჩნდებოდა.
ახლა კი, ყოველგვარი მითებისა და ლეგენდების გარეშე, უშუალოდ იმ ფაქტებს გაგაცნობთ, რაც თბილისში ტელეფონის გაყვანასა და მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მეოთხედში თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობის პროცესს უკავშირდება.
თბილისელების ცნობისმოყვარეობისა და ყველაფერი ახლის მიმართ ლამის გაუნელებელი ინტერესის მიუხედავად, როგორც ფინანსური ასპექტებიდან, ისე ქალაქის ზოგიერთი მკვიდრის ახირებიდან გამომდინარე, ტელეფონის გაყვანის პროექტი თბილისში არცთუ სწრაფად და მარტივად წარიმართა.
მართალია, 1886 წელს ქალაქის საბჭოდან ავჭალამდე გაყვანილი ტელეფონი უკვე მოქმედებდა, მისი საშუალებით „ქალაქის გამგეობა და წყლის მილების გამყვანი ერთმანერთს ელაპარაკებიან საჭირო საგნებზედ“, ხმები კი გარკვევით მოისმოდა, მაგრამ მავანთა მხრიდან ქალაქში სატელეფონის ქსელის გამართვის დიდი სურვილის მიუხედავად, სახლის პატრონები უფლებას არავის აძლევდნენ, რომ მათი სახლების ბანებზე ამ საკომუნიკაციო საშუალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობები დაემონატაჟებინათ.
ამგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1888 წლის ბოლოსთვის, კავკასიის ფოსტისა და ტელეგრაფის უწყებას განზრახვა ჰქონია, რომ ტფილისში, „საყოველთაო სახმარებლად“ ტელეფონი გაემართა:
„ხაზინა თავისის ხარჯით გამართავს ტელეფონის ბადეს, სადგურს და საჭირო მოწყობილებას იმათ სადგომებში, ვინც თანახმა იქმნება ტელეფონი იხმაროს. ტელეფონის ხმარების სრულის წესისა და რიგის შემუშავება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი აბონენტი ეყოლება სადგურს. რათა მალე გაიმართოს ტელეფონის სადგური და საჭირო წესი და რიგი დროზე იქმნას შემუშავებული, ფოსტისა და ტელეგრაფის უწყება სთხოვს მცხოვრებთ დროზე განაცხადონ თავიანთი სურვილი“.
ამ სურვილის გამოთქმასაც თავისი წესი და რიგი ჰქონია: „მე, ამის ქვემორე ხელის მომწერს [წოდება, სახელი და გვარი], მსურს აბონენტი ავიღო ტელეფონისა და გთხოვთ ტელეფონი გამიმართოთ [ამა-და-ამ ადგილას] იმ პირობით, რომელიც მთავრობის მიერ იქნება დამტკიცებული.“
ამასთანავე, ტელეფონის პრაქტიკული დანიშნულების გათვალისწინებით, ტფილისის პოლიცმეისტერის წინადადების საფუძველზე, შესაბამის სამსახურს მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ტელეფონი გაეყვანათ: პოლიციის განყოფილებებში, საპატიმროებში, ბანკებში, საუკეთესო სასტუმროებში და ა.შ. ასე და ამგვარად, 1893 წლიდან, ქალაქის მასშტაბით, აქტიურად დაიწყეს ლოგისტიკური სამუშაოების წარმოება, სოლოლაკში, ვერასა და ორთაჭალაში ტელეფონების ბოძების დადგმა, ხოლო უშუალოდ ტელეფონების აპარატებს ქალაქში ნააღდგომევს, პეტებურგიდან ელოდნენ. ნავარაუდევი იყო, რომ თბილისში „ტელეფონი 1893 წლის ივნისში დაიწყებდა მუშაობას“, თუმცა, როგორც „გაზეთები ამბობენ“, ეს საოცარი მანქანები 10 ივლისს ამოქმედებულა. „ტელეფონი დღე და ღამე იმუშავებს განუწყვეტლივ.“ სულ რამდენიმე თვეში, 1893 წლის 18 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ წერდა: „გუშინ დაასრულეს ტფილისში ტელეფონების გამართვა. ჯერ მხოლოდ 120 ალაგას არის გაყვანილი ტელეფონი“.
ამავე წელს, 4 ნოემბერს, ქალაქში ერთი ღირსშესანიშნავი ამბავიც მომხდარა:
„საზაფხულო თეატრში ორი მიკროფონი გამართეს, რომელიც შეაერთეს ცენტრალურ ტელეფონის სადგურთან. საღამოზე, როდესაც „აიდას“ წარმოდგენა იყო, ეს მიკროფონები შეაერთეს სასახლის ტელეფონთან და კავკასიის მთავარ-მართებელი თვის სადგომში ყურს უგდებდა ტელეფონით არტისტების სიმღერას.“
ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, 1894 წლის დეკემბერში, თბილისში აბონენტთა რიცხვი თითქმის გაორმაგებულა [221 აბონენტი]. შესაბამისი სამსახურები თურმე იმასაც იმედოვნებდნენ, რომ სააბონენტო გადასახადის დაკლების შედეგად, მათი რიცხვი კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდებოდა, ხოლო თუკი ტელეფონის გაყვანის მსურველთა რიცხვში სამასზე მეტი აბონენტი ჩაეწერებოდა, მაშინ ახალი ბოძების დადგმა მოუწევდათ, „რადგანაც ეხლანდელი ბოძები არა ჰყოფნის ყოველ მავთულებს“.
აუცილებლად უნდა შევეხოთ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებასაც, რაც ტელეფონის სერვისით სარგებლობას უკავშირდებოდა. მაგალითად:
თუკი ტელეფონის პატრონი გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვას მისცემდა ტელეფონით ლაპარაკის საშუალებას და ამას შესაბამის სამსახურში შეიტყობდნენ, მას მაშინვე ჩამოართმევდნენ „მანქანას“, თანაც ისე, რომ არც მასში გადახდილ თანხას დაუბრუნებდნენ.
თუ ტელეფონის „მოხელე“ მოისურვებდა „მანქანის“ დათვალიერებას, აბონენტი ვალდებული იყო მისთვის ამის ნება მიეცა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აბონენტს რაიმე ეჭვი გაუჩნდებოდა, შეეძლო „მოხელესთვის“ ტელეფონის მმართველობისაგან გაცემული მოწმობის ჩვენება მოეთხოვა.
„ტელეფონის მანქანები მოწყობილობით შეადგენს სახელმწიფო საკუთრებას და თუ ვინიცობაა ან გააფუჭეს რამე, ან დაჰკარგეს, ან გატეხეს და ან დაიწვა, უნდა ეს ზარალი ზღოს აბონენტმა“.
სახლის შეცვლის შემთხვევაშიც, აბონენტს „მანქანა“ საკუთარი ხარჯით უნდა გადაეტანა. სააბონენტო გადასახადს კი იმის მიხედვით დაუდგენდნენ, თუ რა მანძილით იქნებოდა ახალი საცხოვრებელი ცენტრალური სადგურიდან დაშორებული.
დროთა განმავლობაში, აბონენტების რიცხვის მატებასთან და ტელეფონის, როგორც კომუნიკაციის ეფექტური საშუალების აქტუალობის ზრდასთან ერთად, თბილისში დღის წესრიგში დადგა საჯარო სატელეფონო სადგურების გახსნაც. ასეთი სადგურების გასახსნელად 1895 წელს ქალაქში ორი ადგილი შეურჩევიათ, ერთი ტელეგრაფის კანტორაში და მეორე მიხეილის ქუჩაზე, ფოსტის განყოფილებაში: „ვინც მოისურვებს, შეუძლია ამ სადგურებიდან დაელაპარაკოს ყველა აბონენტს; ფასი დროზე იქნება დამოკიდებული“.
ამასთანავე, ამ საკომუნიკაციო საშუალების ფართოდ დანერგვასთან ერთად, იზრდებოდა ის მეტეოროლოგიური საფრთხეები, რაც, განსაკუთრებით, ზამთარს ახლდა თან. დღევანდელისგან განსხვავებით, წარსულში თბილისში „დიდი თოვლი იცოდა“, თოვლის სიმძიმე კი საგრძნობლად აზიანებდა ტელეფონის „მავთულებს“. ერთი ასეთი შემთხვევა 1899 წლის ზამთარშიც მომხდარა, როდესაც „მავთულები“ იმდენად დაზიანებულა, რომ „ტელეფონი ქალაქის მარცხენა მხარეზედ ვერ განახლდება ერთ კვირაზედ ადრე“.
რასაკვირველია, ეს ამ საოცარ გამოგონებასთან დაკავშირებული არც პირველი შემთხვევა იყო და არც ბოლო იქნებოდა, მაგრამ, დროის სვლასთან და ერთ დროს საოცნებო „მაშინაზე“ ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ტელეფონთან დაკავშირებული ეიფორიაც ნელ-ნელა ჩაცხრებოდა ქალაქში. თუმცა, მანამ, სანამ ეს პროცესი საბოლოოდ გამოაცლიდა „ტელეფონის ტფილისურ თავგადასავალს“ სიახლის ეფექტს, 1897 წელს ერთი ასეთი სახალისო ამბავი მომხდარა:
„ტელეფონის კაბელი რო გაჰყვანდათ ამ დღეებში დახურულ ბაზარში, ერთი ბაზაზის ნოქარი მივიდა ტელეფონის მოხელესთან და ჰკითხა:
– ერთი მითხარით, „ბუტე ლუბეზნი“, ეს თოკები რათ აბამთ?
– ეს თოკები კი არა კაბელი არის. ოცდაათი წვერი მავთულია, იმ მავთულებს ტელეფონებს მოაბამენ და ისე ილაპარაკებენ.
– ვა! მერე ერთმანეთს არ დაუშლიან?
– არ დაუშლიან იმიტომ, რომ თითო მავთულს ხუთ-ექვს ნაირად სხვა და სხვა წამლებში გამოხარშული კანაფები ახვევია.
– ვა, ვა! გესმის, ტო?! პოჟოლუსტა, ერთი ესეც მითხარი, ეგ „კაბილა“ ვისი მოგონილია, ედისონმა ხომ არ მოიგონა? უეჭველად „პოსლედნი“ მოგონება იქნება?
[ტელეფონის მოხელეს იმდენი დრო არა ჰქონდა, რომ დაწვრილებით ეამბნა და თავი დაუქნია, ვითომ ჰოვო].
ნოქარს ძლიერ გაუკვირდა, ტაში შემოჰკრა და დაიძახა:
– ვა! ვა! ვა! მალადეც ედისონ! მალადეც!“
დატოვე კომენტარი