ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია დარგში მოღვაწე თითქმის ყველა კომპანიას აერთიანებს. 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან 108,4 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 15,6%-ს შეადგენს.
„უდავოა, რომ მანგანუმის მადნის მოპოვება და ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოება დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. ასოციაციის მიზანიც სწორედ აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობაა.
რაც შეეხება, ასოციაციის წევრი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ ჯორჯიან მანგანეზში სასამართლოს გადაწყვეტილებით სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხს – ასოციაცია საკითხის დეტალების გარკვევის პროცესშია. თუმცა პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ არ არის მხოლოდ „ერთი საწარმო“, იგი ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოების კუთხით მთლიანი დარგის 70%-ზე მეტს, ხოლო მანგანუმის მადნის მოპოვების კუთხით კი თითქმის 100%-ს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, როგორც დარგის უმსხვილესი წარმომადგენელი, იგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მის შეუფერხებლად ფუნქციონირებაში.
კერძოდ, სხვა საწარმოების უმრავლესობა სწორედ რომ ჭიათურის მანგანუმის კონცენტრატის გადამუშავებასა და წარმოებული ფეროშენადნობი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოება და ინდუსტრიის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნას უკეთესი საინვესტიციო გარემო, მოხდეს ახალი ქარხნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, შეიქმნას ლიბერალური საგადასახადო სისტემა მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატიით, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ბოლო წლებია აქტიურად ახორციელებს კიდეც. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა მმართველმა (რომელმაც რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, სიტუაციის მაქსიმალურად სწრაფად გამოსწორების გეგმა უნდა მოამზადოს) მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს მფლობელის მიერ დანიშნულ მენეჯმენტთან და მათ ერთობლივად უნდა დასახონ არსებული პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაჭრის გზები. პარალელურად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საწარმოების ფუნქციონირების შეფერხებაც კი, რადგან პრობლემები არ შეექმნათ დასაქმებულებსა და ზოგადად მთლიან საწარმოო პროცესს, ვინაიდან ცხადია ეს ყოველივე ცუდ ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე, არამედ მის იმიჯზეც საერთაშორისო არენაზე.
აქვე მინდა განვაცხადოთ, რომ დარგში მოღვაწე ყველა კომპანიამ საწარმოო პროცესი უნდა წარმართოს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, მათ შორის ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებაშიც. ნებისმიერი მავნე ზეგავლენა გარემოზე უნდა იყოს მყისიერად აღმოფხვრილი ასეთის არსებობის შემთხვევაში. ბოლო წლების განმავლობაში ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაისახეს გეგმად მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს საწარმოო პროცესის მოდერნიზაცია, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოზე ზემოქმედების რისკი, როგორც ეს საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული“ , – ნათქვამია განცხადებაში.
დატოვე კომენტარი