მაქკენზი სკოტის საქველმოქმედო ფონდმა Yield Giving-მა გრანტების გაცემის ღია კონკურსი გამოაცხადა და დამატებით ასობით ორგანიზაციას დაეხმარა. მილიარდერმა არაკომერციულ ორგანიზაცია Lever for Change-თან პარტნიორობით, ჯამში 361 ბენეფიციარს კოლექტიურად $640 მილიონის დაფინანსება გადასცა – თითოეულს წილად $1 ან $2 მილიონი შეხვდა.
ახალი დონაციით, სკოტის მიერ სიცოცხლის განმავლობაში გაცემული ქველმოქმედების მოცულობამ $17.2 მილიარდს მიაღწია. საკუთარი ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენება კი მილიარდერმა მხოლოდ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დაიწყო. სკოტმა ქველმოქმედებას ხელი 2020 წელს, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ მიჰყო. განქორწინების შედეგად მაქკენზიმ Amazon-ის $36 მილიარდის ღირებულების აქციები მიიღო. Forbes-ის შეფასებით, ამჟამად სკოტის ქონება $35.6 მილიარდს უტოლდება.
განაცხადების შეტანის პროცესი, რომელიც 2023 წლის მარტში დაიწყო, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, თავად მოეთხოვათ სკოტის ფონდისგან დაფინანსება. Yield Giving-მა დაფინანსების მოთხოვნის 6 ათასზე მეტი განაცხადი მიიღო, შერჩევის ხანგრძლივი პროცესით და პანელის ორეტაპიანი შერჩევით კი 361 ბენეფიციარის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.
მიმღებ ორგანიზაციებს შორისაა: Gender Justice-ი, The Neighbor Project-ი, Florida Immigrant Coalition-ი, Black Girl Ventures-ი და Harm Reduction Therapy Center-ი.
არაკომერციული ორგანიზაცია Lever for Change-ი 166 დონორ ფონდს აკავშირებს და უპირატესობას შედარებით მცირე გრანტებს ანიჭებს, რომელთა მოცულობაც საშუალოდ $10 მილიონს არ აღემატება. Lever for Change-ი მხარს უჭერს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დედათა და ჩვილთა ჯანმრთელობა, ლტოლვილთა დახმარება და რასობრივი თანასწორობა.