ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მისი მკურნალი რვა ექიმი სასამართლოს წინაშე წარდგება. მედპერსონალს ბრალს მარადონას გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის წაუყენებენ, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არგენტინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მათ რვიდან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ფეხბურთელს ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ მარადონა ათწლეულების განმავლობაში კოკაინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.
სასამართლოს დიეგო მარადონას მკურნალი ექიმების გასამართლების მოთხოვნით პროკურორებმა, რომლებიც ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების საქმეს იძიებენ, აპრილში მიმართეს. ბრალდების მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარადონას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი რვა ექიმის არასწორმა მკურნალობამ და გადაწყვეტილებებმა ფეხბურთელი „უმწეო მდგომარეობაში“ ჩააყენა. ამასთანავე, პროკურორებისთვის გაურკვეველია მედპერსონალის გადაწყვეტილება, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მარადონას მკურნალობა სახლში გაეგრძელებინა.
აღსანიშნავია, რომ პროკურორების მიერ მოწვეულმა სამედიცინო ექსპერტების ოცკაციანმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ფეხბურთელს გადარჩენის უფრო დიდი შანსი ექნებოდა, „სათანადო სამედიცინო დაწესებულებაში ადეკვატური მკურნალობა რომ ჩასტარებოდა“.
ბრალდების მთავარი სამიზნეები ნეიროქირურგი და ოჯახის ექიმი ლეოპოლდო ლუკე, ასევე ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი არიან. სწორედ ისინი იყვნენ ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი მთავარი პირები. ბრალდებულია ექვსი სხვა ექიმიც, მათ შორის ფსიქოლოგი კარლოს დიასი და სამედიცინო კოორდინატორი ნენსი ფორლინი.
სასამართლო პროცესის ვადების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.
დატოვე კომენტარი