მარიხუანის მოხმარების რეგულაცია საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის

მარიხუანის მოხმარების რეგულაცია საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის თებერვლის ნომერში)

2012-2013 წლები გარდამტეხი აღმოჩნდა რიჩარდ ნიქსონის მიერ 1971 წელს ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში, როდესაც წამითაც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა არათუ რაიმე ნარკოტიკის კანონიერი გაყიდვა, არამედ ამაზე საუბარიც კი.

გასულ წელს მსოფლიო შემოიარა ახალმა ამბავმა იმის შესახებ, რომ ურუგვაის სენატმა მიიღო კანონი „პასუხისმგებლობის რეგულაციის“ შესახებ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მარიხუანის წარმოების, გავრცელებისა და გაყიდვის პროცესის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა. ერთი წლით ადრე კი იმავე ხასიათის შემცველი კანონი მარიხუანის რეგულაციების შესახებ ამერიკის კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატებმა დაამტკიცეს.

40 წლის მანძილზე ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო ძალაუფლება დამარცხდა ნარკოტიკებთან ომში. ყოველწლიურმა კვლევებმა და სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ 90-იან წლებში აშშ ყოველწლიურად 30 მლრდ დოლარს ხარჯავდა ამ დიდ ბრძოლაში, საიდანაც მეტი წილი (დაახლოებით 60%) სამართალდამცავ უწყებაზე მოდიოდა[1], თუმცა ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობაზე ამას საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია.[2] მათ შორის თითქმის უცვლელი დარჩა მარიხუანის ყოველწლიური მოხმარების მოცულობა და მომხმარებელთა რაოდენობაც.[3]

მიდგომები და მეთოდები, რომლებიც დღეს გამოიყენება ნარკოტიკებთან მიმართებით და რომელთაც სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა ეწოდება, ზოგადად ორ მიმართულებად იყოფა – აკრძალვითი სანქციების გამოყენება წამალდამოკიდებული პირების მიმართ და ე.წ. ჰუმანური მიდგომა, რომელიც მოიცავს პრევენციულ, სამკურნალო და სხვა ხასიათის ღონისძიებებს. მიუხედავად ძირეული განსხვავებისა, ორივე ნარკოპოლიტიკას საერთო მიზანი აერთიანებს – ეს არის ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ისეთი ზიანის შემცირება, როგორიცაა ნაადრევი სიკვდილიანობა და მწარმოებლურობის დაკარგვა ავადობის შედეგად, ინფექციური დაავადებების გავრცელება, კრიმინალური ქცევები და უკონტროლო შავი ბაზარი, დამოკიდებული პირის ახლობლების მძიმე განცდები და ა.შ.

შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება რომელიმე ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ უნდა ეფუძნებოდეს სავარაუდო ხარჯებისა და თავიდან აცილებული ზიანის მოცულობების შედარებას, რაც ამ პოლიტიკების განხორციელების შედეგი იქნება. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკის არჩევის პროცესში მთავარი მსაჯულის როლი ეკისრება რაციონალურ ეკონომიკურ გათვლებს, რამაც უნდა ითავოს ყველა არსებული ხარჯისა და უკუგების მონეტარულ ფასეულობაში გამოხატვა, რაც საკმაოდ რთული პროცესია და გარკვეული ალბათობების დაშვებას გულისხმობს.

სწორედ მრავალი მაღალკვალიფიციური სამეცნიერო გამოკვლევა უძღოდა წინ კოლორადო-ვაშინგტონის შტატებსა და ურუგვაიში რეგულაციების მიღების პროცესს. ეს კვლევები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი ნარკოპოლიტიკის წარმოება არა თუ მარიხუანის მოხმარების, არამედ ზოგადად ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების წინააღმდეგაც კი საკმაოდ არაეფექტიანია[4] და მნიშვნელოვან უკუგებას საზოგადოება მკურნალობის, ჩანაცვლებითი თერაპიისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებით იღებს. 2004 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში აღიარებულია, რომ ჩანაცვლებით მკურნალობაში მყოფი ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებლების აივ-ინფიცირების რისკი ექვსჯერ მცირდება, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი – ოთხჯერ. ჩანაცვლებით მკურნალობაში ინვესტირებული ყოველი დოლარი შვიდ დოლარს ზოგავს კრიმინალისა და სასჯელაღსრულების სისტემის დანახარჯების შემცირებით. თუ ამას ჯანდაცვის სისტემაში დაზოგილ სახსრებსაც დავუმატებთ, მაშინ ეს პროპორცია 12/1 იქნება. [5]

ზემოაღნიშნული კვლევებისა და დასკვნებიდან გამომდინარე, აქტუალური ხდება სახელმწიფო იძულებითი ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობა ჰუმანურ მიდგომებზე დაფუძნებული პოლიტიკით. ეს აუცილებლობა ცალსახაა და, ჩვენს ტრადიციულ საზოგადოებაშიც კი წამალდამოკიდებულებას სულ უფრო მეტი ადამიანი ჯანდაცვის სისტემის პრობლემად განიხილავს. მკურნალობის თანხების გამონახვა შესაძლებელია იმ ხარჯების ალოკაციის გზით, რომლებიც აქამდე ხმარდებოდა ძალოვან უწყებებს (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, ციხე) მათი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

სახელმწიფო პოლიტიკის შემსუბუქების პირობებში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – გამოიწვევს თუ არა ლიბერალიზაციის პოლიტიკა მარიხუანის მომხმარებლების რაოდენობის ზრდას. 2004 წელს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც ამ პრობლემის შესწავლას ეძღვნება და რომელშიც შედარებულია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ერთნაირ და ეკონომიკურად მსგავს ქალაქში, სან-ფრანცისკოსა (მარიახუანის მოხმარება ისჯება) და ამსტერდამში (მოხმარება დეკრიმინალიზებულია) მცხოვრები მარიუხუანის მომხმარებლების ქცევითი და რაოდენობრივი ცვლილებები. კვლევამ აღმოაჩინა, რომ მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკისა მომხმარებლების მიმართ, მათი რაოდენობა, მოხმარების კარიერა, მოხმარების დაწყებისა და თავის დანებების დრო ერთნაირი და უცვლელი იყო. გარდა ამისა, არც ჰოლანდიური დეკრიმინილაზიციის პოლიტიკას და არც სან-ფრანცისკოს სასჯელის პოლიტიკას არ გამოუწვევია მარიხუანის მომხმარებლების სხვა უფრო საშიში ნარკოტიკების მოხმარებაზე გადასვლა[6]. ამ კვლევის მიხედვით ორი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ: პირველი, ის რომ ლიბერალიზაციის პოლიტიკა არ იწვევს მარიხუანის მომხმარებლების რაოდენობის ზრდას და მეორე, მარიხუანა არ წარმოადგენს ე.წ. კარიბჭეს სხვა ნარკოტიკების მოხმარებისკენ.

გასარკვევია ერთი საკითხი, რომელიც სახელმწიფო კონტროლს გარეთ რჩება შავი ბაზრის სახით. ისტორიულად ცნობილია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ძალისმიერი ჩარევა ისეთი სპეციფიკური საქონლის ბაზარზე, როგორიცაა თამბაქო და ალკოჰოლი, იწვევს ამ საბაზრო სეგმენტის ჩრდილოვან სექტორში გადანაცვლებას. წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ეფექტიანი საბაზრო რეგულაციებით, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს ბაზარზე ურთიერთობის წესებს. იგივე შეიძლება ითქვას მარიხუანასთან დაკავშირებითაც. ამ ნივთიერების ადამიანის ჯანმრთელობასა და აკადემიურ მიღწევებზე ზეგავლენის დადგენის მიზნით ჩატარებული სხვადასხვა ხასიათის კვლევები ცხადყოფს, რომ მარიხუანა მავნე ზემოქმედების მაჩვენებლით ჩამოუვარდება კიდეც ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ შედეგებს. [7]

ის, რომ რეგულაციამ შესაძლოა ძალზე მჭიდრო ჩარჩოებში მოაქციოს გარკვეული ტიპის ქცევები, მოწმობს ამასწინათ კალიფორნიის შტატის (აშშ-ის 20 შტატიდან ერთ-ერთი, სადაც მარიხუანის გამოყენება დაშვებულია სამედიცინო მოხმარების მიზნით) ქალაქ სან-რაფაელში, სულ ახლახან მიღებული კანონი, რომელიც სახლში მოწევას კრძალავს.[8]

ურუგვაის „პასუხისმგებლობის რეგულაცია“ ასევე მკაცრად განსაზღვრავს მარიხუანასთან ურთიერთობის ოთხ წესს: სამედიცინო მარიხუანა ვრცელდება ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლქვეშ, სახლის პირობებში შესაძლებელია მხოლოდ ექვსი ძირის კულტივირება, წესდება საკლუბო წევრობა, ხოლო სააფთიაქო ქსელში მარიხუანით ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში. ეს კანონი კრძალავს მარიხუანის მიყიდვას მოზარდებისთვის, მანქანის მართვას ზემოქმედებაში ყოფნის დროს და ყველა სახის რეკლამას.

რას იღებს ამით ურუგვაი? პირველ რიგში იმას, რომ ამ აქტით საფუძველი ეცლება შავ ბაზარს და ხდება მარიხუანის მომხმარებლების გამორიდება სხვა უფრო საშიში ნარკოტიკების შეთავაზებისგან. შესაძლებელი ხდება მილიონობით დოლარის გადადინება მარიხუანით მოვაჭრეების ჯიბეებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში და მათი რეინვესტირება პრობლემური მომხმარებლების მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით.[9]

მარიხუანის რეგულაციასთან და სავარაუდო ეკონომიკურ სარგებელთან დაკავშირებით, ინტერნეტით ვრცელდება ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი მირონის ანგარიში, რომელსაც ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, მათ შორის მილტონ ფრიდმანიც უჭერს მხარს. ანგარიშის მიხედვით, თუ აშშ გააუქმებს მარიხუანის აკრძალვას, ეს ყოველწლიურად დაზოგავს 7,7 მლრდ დოლარს, ხოლო თუ მარიხუანა ალკოჰოლისა და თამბაქოს მსგავსი ნიხრით დაიბეგრება, ეს გამოიწვევს ყოველწლიურად 6,2 მლრდ დოლარის შემოდინებას აშშ-ის ბიუჯეტში.[10]

საქართველოს შესაძლო პერსპექტივებზე მარიხუანის მოხმარების რეგულაციების დაწესების მხრივ შესაძლებელია საუბარი იმ მონაცემების საფუძველზე, რომელთაც აქვეყნებს შსს-ს საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტი.[11] 2011 წლის „ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგების“ მიხედვით, ნარკოტიკების მიღების გამო დაკავებული 8 000 პირიდან ნახევარი მოდის მარიხუანის მოხმარებაზე. ამავე წელს ამოღებულია 103 კილოგრამი მარიხუანა და კანაფის ნედლეული, რაც მინიმალისტური გათვლებით, საკმარისია 75 000 „ჯოინთის“ გასაკეთებლად.[12] შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ეს როდენობა მარიხუანის მოხმარებისთვის ამავე წელს დაკავებული პირების მინიმალურ დოზას შეესაბამება (2011 წელს მარიხუანის მოხმარებისთვის დააკავეს დაახლოებით 4 000 პირი და ამოიღეს დაახლოებით 75 000 „ჯოინთი“, საშუალოდ ერთ პირზე – 18 ღერი). თუმცა, თუ დავეყრდნობით კანაფის რეფორმის 2007 წლის ბიულეტენს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მარიხუანის მოხმარებაზე ჩატარებული კვლევის შედეგებია აკუმულირებული 1990-2005 წლების განმავლობაში, მარიხუანის მოხმარების საშუალო დღიური დოზა 2,5 სიგარეტის ღერია,[13] რაც ქართული სამართალდამცავი სისტემის მიერ 2011 წელს დაკავებულ 4 000 მარიხუანის მომხმარებელზე წლიურად 4 ტონა მარიხუანას შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ შსს-ს კონტროლს მიღმა რჩება მინიმუმ 97,5% შავ ბაზარზე გამოტანილი მარიხუანა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო დააწესებს მარიხუანის ლეგალური ვაჭრობის რეგულაციებს, აღნიშნული რაოდენობის მარიხუანის გაყიდვა საბაზრო ფასის (ერთი „ჯოინთი“ – 20 ლარი), დღგ-სა (3,6 ლარი) და აქციზის (0,75 ლარი) გათვალისწინებით ბიუჯეტში დაახლოებით 20 მლნ ლარის შემოდინებას გამოიწვევს.

ეს გათვლა ძალზე მინიმალისტურია, ვინაიდან შსს-ს მიერ დაკავებული 4 000 მომხმარებელი ზღვაში წვეთია საქართველოში მარიხუანის მომხმარებელთა რეალურ რაოდენობასთან შედარებით და შავი ბაზარი გაცილებით დიდი მოცულობის მარიხუანითაა გაჯერებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეალისტური მონაცემების შემთხვევაში მარიხუანის მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებით გაცილებით შთამბეჭდავი საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირებაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, ჩვენ მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირების სრულიად არაეფექტიანი კამპანიის შეჩერების შემთხვევაში შესაძლებელი იყო ჯანდაცვის სფეროში 8 მლნ ლარის ალოკაცია, რაც საშუალებას მოგვცემდა ერთწლიანი მეთადონით ჩანაცვლებითი მკურნალობა ჩაგვეტარებინა 1 200 პაციენტისთვის; 6 ათასზე მეტი პირი ჩაერთვებოდა ერთწლიან ნემსებისა და შპრიცების გაცვლის პროგრამებში; მოხდებოდა 2 700 პაციენტის ამბულატორიული დეტოქსიფიკაცია და 700-ზე მეტი პაციენტის ჰოსპიტალური დეტოქსიფიკაცია; 20 000 პირს გაეწეოდა ფსიქოსოციალური კონსულტაცია.[14]

რა თქმა უნდა, აღნიშნული მხოლოდ ნაწილობრივ არის გამყარებული ემპირიული მონაცემებით და მას შეიძლება ბევრი აკლდეს კორექტულ პროგნოზამდე, თუმცა ფაქტია, რომ ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, მარიხუანის მოხმარების სფეროს რეგულაციამ შეიძლება სასიკეთო ძვრები შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობის საქმეში.

მომდევნო წლებში მკვლევარებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ კოლორადოში, ვაშინგტონსა და ურუგვაიში მიმდინარე მოვლენებს. ალბათ ჩატარდება მრავალი ექსპერიმენტი და დაიდება ბევრი კვლევა, რომლებიც საინტერესო და უფრო თამამი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს.



[1] Informing America’s Policy on Illegal Drugs: What We Don’t Know Keeps Hurting Us”, National Research Council, National Academy of Sciences, Washington, DC: National Academy Press, 2001, p. 1.

[2] What America’s Users Spend on Illegal Drugs 1988-1998. Washington, DC: ONDCP, Dec. 2000, p. 10

[3] იქვე, p.22

[4] Stephen Rolles. A Comparison of the Cost-effectiveness of Prohibition and Regulation of Drugs. Transform Drug Policy foundation 2009

[5] Substitution maintenance therapy in the management of opoid dependence and HIV/AIDS prevention : position paper / WHO,UNODC, UNAID) 2004 p.21

[6] Reinarman C. Cohen P. Kaal H. The limited Relevance of drug policy: Cannabis in Amsterdam and in San Francisco. American Journal of Public Health. May 2004 Vol 94, #5 p 836-842

[7] იხ. Donald P. Tashkin “Effects of Marijuana Smoking on the Lung”, Annals of the American Thoracic Society, Vol. 10, No. 3 (2013), pp. 239-247.

ასევე, http://www.cdc.gov/healthyyouth/health_and_academics/data.htm

[8] http://www.huffingtonpost.com/2013/11/23/san-rafael-smoking-ban_n_4326768.html, თუმცა ამ კანონის ეფექტიანობა საკმაოდ საეჭვოა

[10] Miron Jeffrey. The budgetary implications of marijuana prohibition. 2005. http://www.prohibitioncosts.org/mironreport/

[11] შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციოანალიტიკური დეპარტამენტი, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგები, 2011 წლის მიმოხილვა. http://police.ge/files/pdf/statistika%20da%20kvlevebi/geo/sxvadasxva%20statistika/narkodanaSauli_2011.pdf

[12] მხედველობაში მიიღება, რომ ნედლი კანაფი გახმობის შემდეგ წონაში დაახლოებით ორჯერ მცირდება. ხოლო ერთ ღერ სიგარეტში თავსდება 0,9 გ მარიხუანა (Jon Gettman, Lost Taxes and Other Costs of Marijuana Laws, The Bulletin of Cannabis Reform, September 5, 2007, p14)

[13] Jon Gettman, Lost Taxes and Other Costs of Marijuana Laws, The Bulletin of Cannabis Reform, September 5, 2007, p14

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *