Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ცაკერბერგი აცხადებს, რომ ის არ შეცვლის სიძულვილის ენის შემცველი კონტენტის შესახებ კომპანიის მიდგომას, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო სოცქსელს 500-ზე მეტმა კომპანიამ ბოიკოტი გამოუცხადა და ამ პლატფორმაზე რეკლამირება შეაჩერა.
როგორც Business Insider-ი წერს, ცაკერბერგმა ამ საკითხზე თანამშრომლებისადმი მიმართვაში ისაუბრა.
“ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკის ან მიდგომის შეცვლას რაიმეზე, იმის გამო რომ ჩვენი შემოსავლების მცირე ნაწილს საფრთხე ემუქრება… როგორც მე ვხვდები ყველა ეს რეკლამის დამკვეთი დაუბრუნდება პლატფორმას ძალიან მალე“, – აღნიშნა ცაკერბერგმა.
იმ კომპანიებს შორის კი, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ Facebook-ს, არის Coca-Cola, Ford-ი, Starbucks-ი, Verizon-ი, Adidas-ი და Unilever-ი. მას შემდეგ, რაც ბოიკოტმა ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო, გასულ კვირას ცაკერბერგი დათანხმდა, რომ პოლიტიკოსების განცხადებებს სოცქსელში, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს, სპეციალურ „იარლიყებს“ მიაბამენ.
მოგვიანებით Business Insider-სთვის გაგზავნილ წერილში, Facebook-ის პრესსპიკერმა აღნიშნა: „ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით და პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების უკუკავშირს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს პროგრესი ჩვენს პლატფორმაზე სიძულვილის ენის თავიდან არიდების კუთხით, ჩვენ ასეთი კონტენტით სარგებელს ნამდვილად არ ვიღებთ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ პოლიტიკაში ცვლილებები შეგვაქვს პრინციპებზე დაყრდნობით და არა შემოსავლებზე ზეწოლის გამო“.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც კომპანიებმა სოცქსელი სიძულვილის ენის ტირაჟირების ხელშეწყობაში დაადანაშაულეს და პლატფორმაზე რეკლამირება შეწყვიტეს, Facebook-ის საბაზრო ღირებულება $60 მილიარდით შემცირდა. თუმცა, მოგვიანებით აქციების ფასმა ისევ დაიწყო ზრდა.
როგორც Wall Street-ის კომპანიები ამბობენ, Facebook-ის დანაკარგი ბოიკოტის შედეგად შემოსავლების 5%-ზე ნაკლები იქნება. Citi-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ ბოიკოტი მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდა, მაშინ სოცქსელის აქციის ფასი მხოლოდ $1-ით დაიკლებს. ხოლო თუ ეს პროცესი გახანგრძლივდა, მაშინ ერთ აქციაზე ფასების კლება შესაძლოა $17-ს მიუახლოვდეს.
Raymond James-ის ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ Facebook-ზე ფინანსური გავლენა მესამე კვარტალში იქნება „მინიმალური“ და ისინი კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რომ რეკლამის დამკვეთები თანდათან შეწყვეტენ ბოიკოტირებას.
დატოვე კომენტარი