რამდენიმე დღის წინ უდიდესი სოციალური პლატფორმა Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა ფრენსის ჰაუგენმა ფეისბუკის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა. აღნიშნული სკანდალი დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა. მომხდარიდან რამდენიმე საათში კი ფეისბუკი ტექნიკური გაუმართაობის გამო 6 საათის განმავლობაში დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანისათვის მიუწვდომელი იყო. შეფერხების მიზეზად კი კონფიგურაციის უნებლიე ცვლილება დასახელდა.
კომპანიისათვის მძიმე დღის შემდეგ, მისმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას Facebook-ის ვრცელი პოსტით მიმართა და გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ფრენსის ჰაუგენის ბრალდებები ფეისბუკის სარეკლამო პოლიტიკას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც კომპანიის პრიორიტეტი ფინანსური სარგებლის მიღებაა, რისთვისაც ის თვალს ხუჭავს სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციაზე. ცუკერბერგის მტკიცებით კი ეს არგუმენტი ალოგიკური და აზრს მოკლებულია.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხას რეკლამის საშუალებით გამოვიმუშავებთ, ამ რეკლამის შემკვეთისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ მისი ნაწარმი ზიანის შემცველი კონტენტის გვერდით არ განთავსდეს“, – წერს მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე.
ფეისბუკის აღმასრულებელი დირექტორი თავის მიმართვაში ფეისბუკის მოზარდებისათვის დამაზიანებელ კონტენტსაც შეეხო. მან ისაუბრა ყოფილი თანამშრომლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც ფეისბუკმა იცის, თუ როგორ გახადოს ინსტაგრამი უფრო უსაფრთხო ამ თაობის ადამიანებისათვის, თუმცა კომპანია ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს.
ცუკერბერგის განმარტებით, არც აღნიშნული ბრალდება წარმოადგენს სიმართლეს და პირიქით, კომპანია ცდილობს, პლატფორმა სრულიად უსაფრთხო გახადოს.