Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის წმინდა ქონება ხუთშაბათს 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტით, დაახლოებით 13%-ით შემცირდა. ამის მიზეზი Facebook-ის მშობელი კომპანიის აქციების ფასის კლებაა, რაც ტექნოლოგიური გიგანტის კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. მართალია, Meta-ს მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა ინვესტორებს კომპანიის ნელი ზრდა აშფოთებთ.
Meta-ს აქციების ფასი ხუთშაბათ საღამოს 13%-ზე მეტით, $426.47-მდე შემცირდა, ხოლო ცუკერბერგის ქონების წმინდა ღირებულება 151 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი 155 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს.
აქციების ფასის ვარდნა მოჰყვა Meta-ს პირველი კვარტლის ანგარიშის გასაჯაროებას, რომელშიც კომპანია მეორე კვარტალისთვის გაყიდვების კლებას პროგნოზირებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას ელის.
ქონების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, მარკ ცუკერბერგი Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს. პირველ ადგილზე LVMH-ის გენერალური დირექტორი ბერნარ არნოა ($212.9 მილიარდი), მეორეზე Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ($192.2 მილიარდი), მესამეზე კი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($192.1 მილიარდი).