ინტერნეტი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის, რაც ჩვენი კომპანიისთვის ახალ ეტაპზე გადასვლის ტოლფასია.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტექნოლოგიამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა და საკუთარი თავის უკეთ გამოხატვა გვასწავლა. Facebook-ი რომ დავაარსე, ვებგვერდებზე, უმეტესწილად, ტექსტურ შეტყობინებებს ვწერდით. კამერიანი ტელეფონების გამოჩენასთან ერთად, ინტერნეტი უფრო ვიზუალური და მობილური გახდა. კავშირის აჩქარებასთან ერთად კი ვიდეოგამოცდილების გაზიარების უფრო მრავალფეროვან საშუალებად იქცა. სამუშაო მაგიდიდან – ინტერნეტში, იქიდან კი მობილურში გადავინაცვლეთ და ტექსტიდან ჯერ სურათებზე გადავედით, ხოლო შემდეგ – ვიდეოზე. თუმცა, ეს დასასრული როდია.
მომდევნო პლატფორმა კიდევ უფრო ყოვლისმომცველი იქნება – უბრალო ცქერის ნაცვლად, თქვენ ხორცშესხმული ინტერნეტის შუაგულში მოექცევით. მას მეტავერსს ვუწოდებთ და თავის კვალს ის ყველა ჩვენს პროდუქტზე დატოვებს.
მეტავერსის განმსაზღვრელი თვისება მის უშუალო სიახლოვეშია – იფიქრებ, რომ მართლაც იმ ადამიანთან ერთად ხარ, ვისთანაც გინდა, რომ იყო და იქ ხარ, სადაც გინდა, რომ იმყოფებოდე. სხვა ადამიანთან ერთად ყოფნის ჭეშმარიტი შეგრძნება – სოციალური ტექნოლოგიის ყველაზე სანუკვარი ოცნებაა. მეტავერსს სწორედ ამისთვის ვქმნით.
მეტავერსში თითქმის ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ, რაც კი წარმოგიდგენიათ – მეგობრებისა და ოჯახის წევრების მონახულებას, მუშაობას, სწავლას, თამაშს, შოპინგსა და ქმნადობას და თან ისეთი საქმეებითაც დაკავდებით, რომლებიც დღეს კომპიუტერებსა და ტელეფონების შესახებ ჩვენს ხედვას მაინცდამაინც არ ერგება. ფილმიც კი გადავიღეთ იმის თაობაზე, ერთ დღესაც მეტავერსის გამოყენებას როგორ შეძლებთ.
მომავალში, ჰოლოგრამისეულად, მყისიერ ტელეპორტაციას შეძლებთ, რათა ოფისში მგზავრობის გარეშე აღმოჩნდეთ, მეგობრებთან ერთად კონცერტს დაესწროთ ან მშობლების მოსაკითხად, მათ სასტუმრო ოთახში აღმოჩნდეთ. ყველაფერი ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შეგიქმნით, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობთ. შესაძლებლობა გექნებათ, თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეებს უფრო მეტი დრო დაუთმოთ, საცობებში ყოფნა მინიმუმამდე დაიყვანოთ და თან ნახშირბადის ნაკვალევი შეამციროთ.
დაფიქრდით, თუ რამდენი რეალური რამ გაქვთ, რაც შეიძლება, მომავალში უბრალო ჰოლოგრამად აქციოთ. ტელევიზორი, იდეალურად მოწყობილი სამუშაო სივრცე რამდენიმე მონიტორით, სამაგიდო თამაშები და უამრავი სხვა რამ, ქარხნებში კი აღარ აიწყობა, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები კრეატორების მიერ შექმნილი ჰოლოგრამებით ჩანაცვლდება.
სხვადასხვა გამოცდილებას შორის განსხვავებული მოწყობილობით იმოგზაურებთ: ფიზიკურ სამყაროში დასარჩენად, გაფართოებული რეალობის სათვალეს გაიკეთებთ, სრული შთაბეჭდილებისთვის – ფეხს ვირტუალურ რეალობაში შედგამთ, ხოლო ერთი პლატფორმიდან მეორეზე გადასასვლელად ტელეფონებსა და კომპიუტერებს გამოიყენებთ. საქმე ის კი არ არის, ეკრანებთან მეტი დრო რომ გავატაროთ, არამედ პირიქით – უკეთესად გამოვიყენოთ ის დრო, რომელსაც ამ საქმეს ისედაც ვუთმობთ.
ჩვენი როლი და პასუხისმგებლობები
მეტავერსს მხოლოდ ერთი კომპანია არ შექმნის. მას კრეატორები და დეველოპერები განავითარებენ, რომლებიც ერთმანეთთან შეთავსებადი ახალი გამოცდილებებისა და ციფრული ნივთების შექმნით, შემოქმედებით ეკონომიკას ააღორძინებენ – თან, ის გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე დღევანდელი, პლატფორმებისა და მათი პრინციპებით შემოფარგლული ეკონომიკა.
ამ საქმეში ჩვენს როლს მეტავერსისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნდამენტური ტექნოლოგიების, სოციალური პლატფორმებისა და შემოქმედებითი ხელსაწყოების განვითარება და ჩვენს სოციალურ აპლიკაციებში მათი ჩაქსოვა წარმოადგენს. გვჯერა, რომ მეტავერს ძალუძს შექმნას საუკეთესო სოციალური გამოცდილება და ჩვენს ენერგიას სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისაკენ მივმართავთ.
დამფუძნებლის პირველ წერილში აღვნიშნე, რომ „სერვისებს ფულისთვის არ ვქმნით – პირიქით, ფულს ვშოულობთ იმისთვის, რომ უკეთესი სერვისები შევქმნათ“.
ამ მიდგომამ გაამართლა. ბიზნესი ისეთნაირად ავაწყვეთ, რომ უკეთესი სერვისების შექმნისათვის საჭირო მასშტაბური გრძელვადიანი ინვესტიციების უზრუნველყოფა შეგვიძლია – ამჯერადაც სწორედ ამას ვაპირებთ.
გასული ხუთი წელი ჩემთვის და ჩვენი კომპანიისთვის სხვადასხვაგვარად გამომაფხიზლებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი, რასაც მივხვდი, არის ის, რომ არასაკმარისია, შექმნა პროდუქტი, რომელიც ადამიანებს უყვართ.
მივხვდი, რომ ინტერნეტის განვითარების ღერძი წრფივი არ არის. განვითარების თითოეულ ეტაპს ახალი შეხედულებები და იდეები და, მათთან ერთად, ახალი გამოწვევები, რისკები და განხეთქილებები ახლავს თან. თავიდანვე ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საბოლოო ჯამში მომავლის საუკეთესო ვერსია მივიღოთ.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება, მეტავერსის ოპერირების პირველივე დღიდან მის ნაწილად უნდა იქცეს. იგივე ეხება ღია სტანდარტებსა და ოპერაციულ შეთავსებადობას. ამისთვის საჭირო იქნება არა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, მათ შორის კომუნაში კრიპტოპროექტებისა და NFT-ების დაშვება, არამედ მმართველობის უპრეცედენტო ფორმებიც. და, მთავარი: ჩვენ ისეთი ეკოსისტემები უნდა შევქმნათ, რომლებიც მომავალში ადამიანებს უფრო მეტ სარგებელს მოუტანენ არა მხოლოდ როგორც მომხმარებლებს, არამედ როგორც კრეატორებს.
ეს პერიოდი სხვა მხრივაც იყო გამომაფხიზლებელი: მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის კომპანია ვართ, სხვა პლატფორმებზე საქმის კეთება ჩვენც ვისწავლეთ. მათი კანონებით ცხოვრებამ ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიმართ ჩემს ხედვებზე საფუძვლიანი გავლენა მოახდინა. დავრწმუნდი, რომ არჩევანის ნაკლებობა, რომელსაც მომხმარებლები განიცდიან და მაღალი გადასახადები, რომლებსაც დეველოპერებს უყენებენ, ინოვაციას ახშობს და ინტერნეტის ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის.
ჩვენ განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ. გვსურს, რომ ჩვენი სერვისები რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ღირებულების გაზრდის ნაცვლად, მის შემცირებაზე უნდა ვიმუშავოთ. რეკლამის ჩვენი მოდელი ფუნქციონირებს ისე, რომ ბიზნესებმა ყველაზე იაფი შემოთავაზება მიიღონ. ელექტრონული კომერციისათვის განკუთვნილი ჩვენი ფუნქციონალი ხელმისაწვდომია როგორც თვითღირებულებით, ასევე მცირე ფასნამატით. საბოლოო ჯამში, ჩვენი სერვისები მილიარდობით ადამიანს უყვარს, ხოლო ასობით მილიონი ბიზნესი – ჩვენს ფუნქციონალს იყენებს.
მეტავერსის შექმნა სწორედ ამგვარი მიდგომით გვსურს. ვგეგმავთ, ჩვენი მოწყობილობები თვითღირებულებით გავყიდოთ ან სულაც დავასუბსიდიროთ, რათა მათზე ხელი უფრო მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს. კვლავაც დავუშვებთ მონაცემების უინტერნეტოდ ატვირთვის ფუნქციას და არ შევაფერხებთ სტრიმინგს პერსონალური კომპიუტერებიდან, რათა ადამიანებს არჩევანი ჰქონდეთ – არ გვსურს დავაძალოთ, რომ აპლიკაციების მოსაძებნად და კლიენტებთან დასაკავშირებლად მაინცდამაინც Quest Store-ი გამოიყენონ. ჩვენი მიზანია, დეველოპერებსა და კრეატორებს სერვისები იაფად შევთავაზოთ, რათა შემოქმედებითი ეკონომიკა მაქსიმალურად გავზარდოთ. თუმცა იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ პერიოდში ზედმეტად ბევრი ფული არ დავხარჯოთ.
იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში მეტავერსი მილიარდ ადამიანს გააერთიანებს, ასობით მილიარდი დოლარის მოცულობის ციფრულ კომერციას ამოქოქავს და მილიონობით კრეატორისა და დეველოპერისთვის სამუშაო ადგილებს შექმნის.
ვინ ვართ ჩვენ
გადავდივართ რა ამ ახალ ეტაპზე, ვფიქრობ, თუ რას ნიშნავს ის ჩვენი კომპანიისა და იდენტობისთვის.
ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. მაშინ როცა ტექნოლოგიური კომპანიების უმრავლესობისთვის ფოკუსის მთავარ წერტილს ტექნოლოგიისა და ადამიანების ურთიერთობა წარმოადგენს, ჩვენ ისეთი ტექნოლოგიის შექმნისათვის ვიკრებთ აზრებს, რომლებიც ადამიანებს ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს.
დღეს სოციალურ მედიად აღგვიქვამენ. Facebook-ი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ტექნოლოგიური პროდუქტია. ის სოციალურ სიმბოლოდ ქცეული ბრენდია.
სოციალური აპლიკაციების შექმნა ჩვენთვის მარადჟამ მნიშვნელოვანი იქნება, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაქმნელი კიდევ ბევრია. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ამას სულ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ. ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც ადამიანებს აახლოებს – ჩვენი დნმ-ის ნაწილია. მეტავერსი ადამიანური კავშირის უახლესი მიღწევაა – ისეთივე, როგორიც სოციალური ქსელები იყო მათი შექმნის დროს.
დღეს ჩვენი ბრენდი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთ პროდუქტთან, რომელსაც არ ძალუძს გამოსახოს ყველაფერი ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ, არათუ მომავალში. იმედს ვიტოვებ, რომ დროთა განმავლობაში, მეტავერსულ კომპანიად აღგვიქვამენ და მსურს, რომ ჩვენი საქმე და იდენტეობა – ჩვენს სამომავლო გეგმებს დავუკავშიროთ.
ახლახან განვაცხადეთ, რომ ჩვენი კომპანია ფუნდამენტურად შეიცვლება. ამიერიდან ჩვენს ბიზნესს ორი განსხვავებული სეგმენტის მიხედვით შევაფასებთ: ერთით – ჩვენი აპლიკაციების ერთობლიობას, ხოლო მეორით – ჩვენს ნაშრომს მომავალ პლატფორმებზე. ის სამუშაო, რომელსაც მეტავერსთან დაკავშირებით გავწევთ, მხოლოდ ერთ-ერთ სეგმენტს ვერ მოერგება. მეტავერსი აერთიანებს როგორც სოციალურ გამოცდილებას, ასევე მომავლის ტექნოლოგიასაც. ვაფართოებთ რა ჩვენს ხედვას, დადგა დრო, შევქმნათ ახალი ბრენდი.
გამოსახატად იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორი მომავლის შექმნა გვსურს, ამაყად ვაცხადებ, რომ ამიერიდან ჩვენს კომპანიას Meta ჰქვია.
ჩვენი მიზანი უცვლელია – ის კვლავაც ადამიანების დაკავშირებას გულისხმობს. უცვლელი რჩება ჩვენი აპლიკაციები და მათთან დაკავშირებული ბრენდებიც. ჩვენ კვლავაც ის კომპანია ვართ, რომელიც ტექნოლოგიას ადამიანების ირგვლივ ქმნის.
თუმცა, ახლა ყველა ჩვენი პროდუქტი, მათ შორის ჩვენი აპლიკაციები, ახალ ხედვას იზიარებენ: ისინი მეტავერსის ხორცშესხმაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. ახლა კი გვაქვს სახელწოდება, რომელიც ჩვენი საქმის თვალთახედვის სიფართოვეს შეესაბამება.
ამიერიდან, პირველ რიგში, მეტავერსი ვართ და მხოლოდ შემდეგ – Facebook-ი, რაც ნიშნავს იმას, რომ დროთა განმავლობაში, ჩვენი სხვა სერვისების გამოსაყენებლად Facebook-ის მომხმარებლის ანგარიში არ დაგჭირდებათ. ჩვენს პროდუქტებში ახალი ბრენდის გამოჩენასთან ერთად, იმედს ვიტოვებ, რომ Meta-ს ბრენდსა და მომავალს, რომელსაც ვქმნით, ადამიანები მთელ მსოფლიოში გაიცნობენ.
ანტიკურ კლასიკოსთა ნაშრომებს ვსწავლობდი – Meta ბერძნული სიტყვაა და „მიღმას“ ნიშნავს. ჩემთვის ეს ის სიმბოლოა, რომელიც მახსენებს, რომ შესაქმნელი კიდევ ბევრია და რომ ამბავი ყოველთვის გრძელდება. ჩვენი ამბავი საერთო საცხოვრებლის ოთახში დაიწყო და გასცდა ყველაფერს, რასაც კი წარმოვიდგენდით – ის გადაიზარდა აპლიკაციების ერთობლიობაში, რომელსაც ადამიანები ურთიერთობისთვის, საკუთარი თავის პოვნისა და იმ ბიზნესების, კომუნებისა და მოძრაობების დასაწყებად იყენებენ, რომელთაც სამყარო შეცვალეს.
ვამაყობ ყველაფრით, რაც აქამდე შეგვიქმნია და აღელვებული ვარ იმით, თუ რა გველოდება მომავალში, როცა დღეს შესაძლებლის ზღურბლს გადავაბიჯებთ, ეკრანების ჩარჩოებს გავცდებით, მანძილისა და, ზოგადად, ფიზიკის ლიმიტებს გადავაჭარბებთ და დავიძვრებით იმ მომავლისაკენ, რომელშიც ერთმანეთთან ყოფნას და ახალი გამოცდილებების მიღებას თითოეული ჩვენგანი შეძლებს. ეს მომავალი არც ერთი კომპანიის ხელში არ არის – მას ყველა ერთად შევქმნით.
ჩვენმა ქმნილებებმა ადამიანები ერთმანეთს ახლებურად დააკავშირეს. მწვავე სოციალურ პრობლემებთან გამკლავებამ და დახურულ პლატფორმებზე არსებობამ ბევრი რამ გვასწავლა. ახლა კი დროა, გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ვისწავლეთ და შემდეგი თავი ერთად დავწეროთ.
ამ საქმეს, ყველა სხვა კომპანიაზე მეტს – მთელს ჩვენს ენერგიას მოვახმართ. იმედს ვიტოვებ, რომ შემოგვიერთდებით, თუ ამგვარი მომავლის ხილვა გსურთ – მომავლის, რომელიც გასცდება ყველაფერ იმას, რისი წარმოდგენა შეგვიძლია.
დატოვე კომენტარი