მარკ ცუკერბერგისა და მისი ოჯახის წევრების დაცვაში Meta-მ გასულ წელს $26.8 მილიონი გადაიხადა, – ამ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მის სახლში, ასევე მოგზაურობისას Meta-ს $15.2 მილიონი, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება – $10 მილიონი, ხოლო პირადი თვითმფრინავის მომსახურება $1.6 მილიონი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ შარშან დახარჯული თანხა 6%-ით აღემატება 2020 წლის ბიუჯეტს, რაც ძირითადად მოგზაურობის გაძვირებით, კოვიდ-პროტოკოლებითა და პირადი უსაფრთხოების ბაზარზე გაზრდილი ტარიფებით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც ცუკერბერგის უსაფრთხოების დაცვაში იხარჯება, მის ერთგვარ ანაზღაურებას წარმოადგენს, რადგან მისი ოფიციალური წლიური ხელფასი სიმბოლური $1-ია. ამასთანავე, ცუკერბერგი არც ბონუსებს იღებს და არც დივიდენდებს.
მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოების ასეთ დონეზე დაცვის აუცილებლობას Meta მისი დამფუძნებლის მიმართ მედიისა და კანონმდებლების მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას უკავშირებს – Meta-ს თქმით, „კომპანიის მიმართ არსებული ნეგატიური სენტიმენტი პირდაპირაა დაკავშირებული მარკ ცუკერბერგთან“.
საინტერესოა, რომ მის კოლეგებთან შედარებით, ცუკერბერგის უსაფრთხოების დაცვაზე გაცილებით მეტი ფული იხარჯება – მაგალითად, Amazon-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ჯეფ ბეზოსის უსაფრთხოების დაცვა, გასულ წელს $1.6 მილიონი დაჯდა. მარკ ცუკერბერგის შემდეგ, ყველაზე დიდი თანხა Meta-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელის, შერილ სენდბერგის უსაფრთხოების დაცვაზე მოდის – $9 მილიონი. სიაში ასევე არიან Google-ის CEO, სუნდარ პიჩაი – $4.3 მილიონით, Snapchat-ის CEO, ევან სპიგელი – $2.3 მილიონით და Oracle-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონი – $2.2 მილიონით.
საინტერესოა, რომ Berkshire Hathaway-ის დამფუძნებლის, უორენ ბაფეტის უსაფრთხოების დაცვაზე, ყოველწლიურად მხოლოდ $273 ათასი იხარჯება. რაც შეეხება პლანეტის უმდიდრეს ადამიანს, Tesla-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ილონ მასკს – მის შესახებ ამგვარ ინფორმაციას კომპანია არ ასაჯაროებს.
დატოვე კომენტარი