პოლონეთმა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო ყოველდღიურად 500,000 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს. CJEU-ს გადაწყვეტილებით, პოლონეთს ტუროვის (Turow) მაღაროში სამუშაოები უნდა შეეჩერებინა.
პოლონეთს საზღვრის პირას მდებარე ქვანახშირის მაღაროს გამო ჩეხეთთან დაპირისპირება მოუვიდა, რადგანაც ჩეხეთი მაღაროს მუშაობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვდა. ევროკავშირის კანონის დარღვევის მიზეზით ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა შარშან წამოიწყო.
ჩეხეთის რესპუბლიკამ ლუქსემბურგში დაფუძნებულ სასამართლოს მიმართა. მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პოლონეთს ტუროვში ოპერაციების შეჩერებას ავალდებულებდა.
ჩეხეთმა ასევე პოლონეთისათვის ყოველდღიურად 5 მილიონი ევროს ჯარიმის დაწესება მოითხოვა, სასამართლომ გაიზიარა ჩეხეთის მოთხოვნა, თუმცა ჯარიმის მოცულობა საგრძნობლად შეამცირა.
პოლონეთს ევროკომისიისათვის ყოველდღიურად ჯარიმის სახით 500,000 ევროს გადახდა დაეკისრა, რადგან მან არ შეწყვიტა ლიგნიტის მოპოვების სამუშაოები ტუროვის მაღაროში.
მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ ეს ღონისძიება აუცილებლობით იყო გამოწვეული, რაც დროებითი ღონისძიებების ეფექტიანობის განმტკიცებას ისახავს მიზნად. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უნდა დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მ. რომანოვსკი: „CJEU პოლონეთისგან ჯარიმის სახით ყოველდღიურად მოითხოვს ნახევარ მილიონს, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლონეთმა მისი მოქალაქეები ენერგიის გარეშე არ დატოვა და მაღაროები მითითებისთანავე არ დალუქა… ეს სამართლებრივი ძარცვაა… ცენტსაც ვერ ეღირსებით.
დატოვე კომენტარი