ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის მარტში სამუშაოების რაოდენობა წინა ზაფხულთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, რისი მიზეზიც აქტიური ვაქცინაცია, რეგულაციების შემსუბუქება და ეკონომიკური ზრდაა.
ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. შედეგად, სამუშაო ადგილების რაოდენობა 916, 000-ით გაიზარდა; უმუშევრობის მაჩვენებელი კი 6.2%-დან (თებერვლის მონაცემი) 6%-მდე შემცირდა. თუმცა ეს პროცენტიც ბევრად მაღალია პანდემიამდე არსებულ უმუშევრობის დონესთან შედარებით.
დასაქმების ზრდა მთელ ამერიკას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადგილებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონავირუსის გამო. ამასთანავე, 11.1%-დან (თებერვალი) 10.7%-მდე შემცირდა იმ ადამიანების უმუშევრობის რიცხვი, რომლებმაც სამსახურის ძებნა შეწყვიტეს ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობდნენ.
გასულ ზაფხულს კორონავირუსის გავრცელების გამო სამუშაო ადგილები 20 მილიონით შემცირდა, მათგან ნახევარზე მეტი აღდგა, თუმცა 2020 წლის თებერვალთან შედარებით სამუშაო ადგილები 8 მილიონით ნაკლებია. კრიზისის საპასუხოდ ამერიკის მთავრობა გასულ თვეს ამერიკელთა დიდ ნაწილს $1,400-ის ოდენობის მასტიმულირებელი ჩეკით დაეხმარა, უმუშევართა ბენეფიტები გაზარდა და სკოლების თავიდან გახსნა დააფინანსა. მოსწავლეები დაუბრუნდნენ სკოლებს, რამაც განათლებაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვიც გაზარდა: გასული თვისთვის ლოკალურმა, შტატისა და კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა ჯამში 190,000-ით მეტი ადამიანი დაასაქმეს.
სამუშაო ადგილების ზრდა სამთავრობო ეკონომიკურ სტიმულებთან ერთად ინფლაციის საფრთხეს აჩენს, თუმცა ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადებით, ნებისმიერი ზრდა დროებითი იქნება. ორგანიზაცია დეტალურად აკვირდება დასაქმების ტენდენციას. რეგულატორების განმარტებით, პროგრესის მიუხედავად, დასაქმების ბაზარი ახლოსაც არ არის იმ წერტილთან, რომელიც ცენტრალურ ბანკს აიძულებს, სარგებლის განაკვეთი გაზარდოს.
Prudential Financial-ის ბაზრის სტრატეგიის ხელმძღვანელის – კინზი კროზბის თქმით, ამერიკის ეკონომიკა აღიდგენს პანდემიამდელ მდგომარეობას: მსუბუქდება რეგულაციები, ადამიანთა ნაწილი უბრუნდება სამუშაო სივრცეს. ეკონომიკის მთავარი საფრთხე კოვიდის ახალი ტალღაა, რომელმაც ისევ ჩაკეტვამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა.
დატოვე კომენტარი