საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), მარტში, წინა თვესთან შედარებით, 1.54 მილიარდი ლარით, 2.94%-ით გაიზარდა. შედეგად, მარტის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 53.78 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 562.23 მილიონი ლარით, 1.93%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 974.63 მილიონი ლარით, 4.22%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, მარტის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 8.84 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 15.21 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 2.27%-იანი ზრდა, მეორე შემთხვევაში კი 5.19%-იანი მატება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტის განმავლობაში 2%-ით, 547.91 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 27.93 მილიარდი ლარი შეადგინა.
აქვე აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.2% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.55 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.