ISET Policy Institute-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა. მარტის ინდექსი თვიურ ჭრილში 6.4%-ით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში 1.8%-იანი კლება დაფიქსირდა.
გასული წლის მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგი ინგრედიენტების ფასები: კარაქი (+12.2%), რძე (+10.9%) და საფუარი (+14.9%). თუმცა დაფიქსირდა ფასების კლება ინგრედიენტების ნაწილის შემთხვევაში: ყველი (-5.7%), კვერცხი (-0.7%) და ფქვილი (-0.6%).
ISET Policy Institute-ის განმარტებით, მარტში ხაჭაპურის ინდექსის როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში შემცირებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ყველის ფასის ვარდნამ მოახდინა. ყველის ფასი გასულ თვესთან შედარებით 10.7%-ით, გასულ წელთან შედარებით კი 5.7%-ით შემცირდა.
„2024 წლის თებერვალთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსის ვარდნა განპირობებულია ადგილობრივი რძის წარმოების სეზონურობით. აღნიშნულის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დიდი მარხვა, რომელიც 18 მარტს დაიწყო. ამ პერიოდში ყველისა და რძის პროდუქტების ფასები ეცემა, რადგან მარხვისას მათზე მოთხოვნა მცირდება. რაც შეეხება ხაჭაპურის ინდექსის წლიურ შემცირებას, როგორც უკვე აღინიშნა, ეს ცვლილებაც მეტწილად ყველის ფასების წლიურმა კლებამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ბოლო წლებში საქართველოში ადგილობრივი რძის წარმოების ზრდის ტენდენციებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.
ISET Policy Institute-ის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ხაჭაპურის ინდექსის სეზონური კლება გაგრძელდება.