ამა წლის მარტში შვეიცარიიდან აშშ-ში ოქროს ექსპორტი 23-ჯერ გაიზარდა და 2020 წლის მაისის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია, – ამის შესახებ Reuters-ი შვეიცარიული საბაჟო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
აღსანიშნავია, რომ ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა უმეტესწილად რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული – 2022 წლის თებერვალში, აშშ-ში 3.1 ტონა ოქროს ზოდი გავიდა ექსპორტზე, ხოლო მარტში ამ მაჩვენებელმა 81.6 ტონა შეადგინა. ცნობისთვის გეტყვით, რომ 2021 წლის მარტში, შვეიცარიიდან აშშ-ში მხოლოდ 1.5 ტონა ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
საინტერესოა, რომ შვეიცარიიდან ოქროს ექსპორტი ოქროთი ვაჭრობის კიდევ ერთ გლობალურ ცენტრში, გაერთიანებულ სამეფოშიც გაიზარდა, ხოლო ჩინეთსა და ინდოეთში, მსოფლიოს უდიდესი სამომხმარებლო ბაზრების მქონე ქვეყნებში, მკვეთრად შემცირდა.
ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) დათვლებით, ამ წლის მარტში, საფონდო ბირჟებზე გამოტანილი ოქროს მოცულობა 185 ტონით გაიზარდა, რაც $15 მილიარდს უდრის. ამგვარი ტენდენცია მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ისტორიულად ოქრო სწორედ ის აქტივია, რომელშიც ინვესტორები თანხას დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მღელვარების დროს აბანდებენ.
დატოვე კომენტარი