Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2024 წლის მარტში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%-ით გაიზარდა და 305 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის, თებერვლის თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 275 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც თვიურ ჭრილშიც ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებს. თუმცა თებერვალში წლიურმა ზრდამ უფრო მეტი, 14.4% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მიერ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამურად 879 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10%-ით გაიზრდება და 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $4.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.