მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) „ბიოქიმფარმის“ ისტორიული ფაგების საწარმოს განახლებისა და ხელახალი დაბადების შესახებ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის“ (BTU) შექმნილი სტატია გამოაქვეყნა.
„საქართველო, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული გახლავთ 8,000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციითა და ისტორიით, ასევე გამოირჩევა ფაგის ტექნოლოგიით და ითვლება ფაგოთერაპიის სამშობლოდ“, – ვკითხულობთ სტატიაში.
„ბიოქიმფარმი“ ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგებზე (ფაგებზე) დაფუძნებულ პრეპარატებს ქმნის და აწარმოებს. ფაგის პრეპარატები დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას წარმოადგენს. კომპანია ფლობს 2 საერთაშორისო პატენტს, ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს და ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით თითქმის 100-წლიანი გამოცდილება გააჩნია.
„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მთელ გუნდს შესანიშნავი სტატიისთვისა და შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის სასიხარულოა სახელგანთქმული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერა და საქართველოს, როგორც ფაგების სამშობლოს პოზიციონირება მსოფლიო მასშტაბით”, – აცხადებს „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი Forbes Georgia-სთან საუბარში.
ცნობისთვის, რატი Forbes 30under30-ის 2020 წლის გამარჯვებულია კატეგორიაში – მეცნიერება და 2019 წლის გამარჯვებული კატეგორიაში – წარმოება და ინდუსტრია. გარდა ამისა, 2022 წელს, რატი მეცნიერების კატეგორიაში ოცდაათწლამდელთა სიის ჟიურის წევრიც გახდა.
2021-2023 წელს კომპანიამ ევროპულ საწარმოო სტანდარტთან (GMP) შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ფაგების ისტორიული საწარმოს მოდერნიზაცია და გადაიარაღება განახორციელა. შედეგად, „ბიოქიმფარმი“ გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საწარმო აღჭურვილია ევროპული და მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული მომწოდებლების დანადგარებით, საწარმოო ხაზებითა და ინფრასტრუქტურით.
თბილისში მდებარე „ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო პირველია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას ფარავს. აქვე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვაც. ახლად მოდერნიზებული საწარმოს გაზრდილი წარმადობა, ყოველწლიურად 30 მილიონი ფლაკონი სტერილური პრეპარატების წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ფაგის ტექნოლოგია 2023 წლის ტოპ–10 განვითარებად ტექნოლოგიაში გამოარჩია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციური და მნიშვნელოვანი, რომელიც ცვლის მსოფლიოს.
ანტიბიოტიკორეზისტენტობით მსოფლიოში ყოველწლიურად 700,000 ადამიანი იღუპება – მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიური მსხვერპლი – 35,000-ს, ხოლო ევროპის მასშტაბით 25,000-ს უტოლდება. უახლესი მონაცემებით, უმოქმედობის შემთხვევაში, 2050 წლისთვის, ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობით გამოწვეულმა სიკვდილიანობის წლიურმა რიცხვმა შესაძლოა 10 მილიონს გადააჭარბოს, ხოლო საზოგადოებისთვის ეკონომიკური დანახარჯები $100 ტრილიონამდე გაიზარდოს.