მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი დღეს ისრაელში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორში SpaceX-ის Starlink-ის კომუნიკაციების გამოყენებაზე შეთანხმება მიღწეულია. მილიარდერის ოფისს ვიზიტთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
შეხვედრა ილონ მასკსა და ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შორისაა დანიშნული. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მათ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ნათესავებიც უერთდებიან და ონლაინსივრცეში მზარდი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას განიხილავენ. მილიარდერი პრემიერ ნეთანიაჰუსაც შეხვდება, მასთან ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ასპექტებს მიმოიხილავს და პირდაპირ ონლაინდისკუსიას გამართავს.
ცნობისთვის, ნეთანიაჰუ და მასკი ერთმანეთს ბოლოს 18 სექტემბერს, კალიფორნიაში შეხვდნენ. მაშინ ისრაელის პრემიერმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს მოუწოდა, მის სოციალურ პლატფორმა X-ზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ანტისემიტიზმთან დაკავშირებულ სიძულვილის ენასთან ბრძოლას შორის ბალანსი დაემყარებინა. თავის მხრივ, მასკმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ანტისემიტიზმისა და ყველაფრის, რაც „სიძულვილისა და კონფლიქტის პოპულარიზებას ახდენს“.
გასულ თვეში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ღაზის სექტორსა და საერთაშორისო დამხმარე ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად, მასკმა Starlink-ის გამოყენებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მაშინ ისრაელის მხარე შიშობდა, რომ „ჰამასი“ Starlink-ს ტერორისტული მოქმედებებისთვის გამოიყენებდა.
თუმცა ისრაელის მხარის ინფორმაციით, პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და Starlink-ის სატელიტური ერთეულები ისრაელისა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ოპერირებას შეძლებენ, თუმცა მხოლოდ ისრაელის კომუნიკაციების სამინისტროს თანხმობით.