ილონ მასკის ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგთან ბრძოლა, საქველმოქმედო დანიშნულებით, თავისივე პლატფორმა X-ზე (ადრე ცნობილი, როგორც Twitter-ი) პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მილიარდერის განცხადებით, მიღებული შემოსავლით ვეტერანთა საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარება იგეგმება.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს არ დაუკონკრეტებია, რა შემოსავლის მიღებას ელის ცუკერბერგთან ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირი ტრანსლაციიდან, ან კონკრეტულად, რომელ ორგანიზაციებს გადაეცემა მიღებული თანხა. ხოლო Meta-ს დამფუძნებელს, ამ ეტაპისთვის, არცერთი პლატფორმის საშუალებით მასკის კომენტარისთვის არ უპასუხია. თუმცა ცუკერბერგი, საკუთარ Instagram-ზე UFC-ისა და MMA-ის ვარჯიშის პროგრესის გამოქვეყნებას განაგრძობს, რომელიც სწორედ მასკთან პოტენციურ დაპირისპირებამდე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის სტილის რინგზე დაპირისპირების გამართვის იდეა თავად მასკს ეკუთვნის. Twitter-ის კონკურენტი სოციალური ქსელის, Threads-ის გაშვებით კი, მილიარდერებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. პლატფორმის ოფიციალურ გაშვებამდე მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ მზად იყო, გალიაში მატჩისთვის, ხოლო ცუკერბერგმა, მეორე დღესვე, მას ადგილმდებარეობის გაგზავნა სთხოვა.
New York Times-თან მატჩის ორგანიზებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა. უაიტს დაპირისპირებისთვის საქველმოქმედო ხასიათის მიცემის იდეაც ჰქონდა. განცხადებიდან მალევე, UFC-ის ვებგვერდზე „ცუკერბერგი Vs მასკი“-ის მაისურები შეძენის მსურველთათვის ხელმისაწვდომიც გახდა.
Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება, ძირითადად Tesla-სა და SpaceX-ის აქციების წყალობით, $232.5 მილიარდს უტოლდება. ის მილიარდერთა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება ცუკერბერგს, Meta-ს დამფუძნებელი $110.1 მილიარდით, რეიტინგში მეშვიდე პოზიციას სჯერდება.