მასკის მიერ Twitter-ის შეძენით Morgan Stanley დიდ სარგებელს მიიღებს

მასკის მიერ Twitter-ის შეძენით Morgan Stanley დიდ სარგებელს მიიღებს

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანსა და სოციალური ქსელის დირექტორთა საბჭოს შორის მიღწეული შეთანხმებითა და ილონ მასკის მიერ Twitter-ის 100%-იანი წილის $44 მილიარდ დოლარად შეძენით დიდ სარგებელს აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი, Morgan Stanley იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს დირექტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და Forbes-ის მიერ მისი ქონება დაახლოებით 240 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ის მაინც საჭიროებს ბანკების მხრიდან დახმარებას.

ილონ მასკის ქონების უდიდეს ნაწილის მისი კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი შეადგენს, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი კი, ცხადია, მას ნაღდი ფულის სახით საბანკო ანგარიშზე არ ჰქონდა შენახული.

Twitter-ის შესაძენად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Morgan Stanley-ს მიმართა, რომელიც წლებია მისი ფავორიტი საინვესტიციო ბანკია. უოლ-სტრიტის გიგანტი მასკს 25.5 მილიარდი დოლარის მოპოვებაში დაეხმარა, აქედან $12.5 მილიარდი საბანკო სესხია, რომელიც Tesla-ს აქციებითაა დაზღვეული.

როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ. $44-მილიარდიანი გარიგების შემთხვევაში, Morgan Stanley-ს მიერ მიღებული პოტენციური სარგებელი დაახლოებით $440 მილიონ – $1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Morgan Stanley ნიუ-იორკში 1935 წელს დაფუძნდა და ის მსოფლიოს მასშტაბით 75,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს. 2021 წლის მონაცემებით, ბანკი 1.1 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს აკონტროლებდა და ის უოლ-სტრიტზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფინანსო ორგანიზაცია იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *