ილონ მასკის კომპანია Neuralink-ზე, ცდებისას ცხოველთა კეთილდღეობის დარღვევის შესაძლო შემთხვევების ბრალდებით, ფედერალური გამოძიება მიმდინარეობს. კომპანიის შიდა პერსონალის განცხადებით, ცხოველებზე ტესტირებები დაჩქარებულია, რაც ხშირად ძუძუმწოვრების ტანჯვისა და სიკვდილს მიზეზი ხდება.
შეგახსენებთ, Neuralink Corp-ი ტვინის უსადენო იმპლანტზე მუშაობს, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს გავლაში დაეხმარება, ასევე სხვა ნევროლოგიური დაავადებების განკურნებას შეძლებს.
Neuralink-ის არსებული და ყოფილი ოცამდე თანამშრომლის მტკიცებით, ილონ მასკის მხრიდან ზეწოლა, რაც პროექტის განვითარების დაჩქარების მოტივითაა განპირობებული, წარუმატებელი ექსპერიმენტების მიზეზი ხდება. შედეგად, ტესტირებაში მონაწილე და ცდებს შეწირული ცხოველების რიცხვი იზრდება.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის რეგულაციები არ აკონკრეტებს ცხოველთა რაოდენობას, რომელთა გამოყენებაც კომპანიებს კვლევებისთვის შეუძლიათ, რაც მეცნიერებს მნიშვნელოვან თავისუფლებას ანიჭებთ. აქვე უნდა ითქვას, რომ Neuralink-ის ობიექტებმა აშშ-ის აგრარული დეპარტამენტის ყველა შემოწმება გაიარა.
მთლიანობაში, Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტებისა და წყაროების მტკიცებით, Neuralink-ის ექსპერიმენტებს 2018 წლის შემდეგ დაახლოებით 1,500 ცხოველი, მათ შორის 280-ზე მეტი ცხვარი, ღორი და მაიმუნი შეეწირა. გარდა ამისა, კომპანიამ ცდები ვირთხებისა და თაგვების გამოყენებითაც ჩაატარა, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.
დატოვე კომენტარი