საქართველოს სამშენებლო სექტორში უმსხვილესი მოთამაშე კომპანია „ანაგია“, რომლის სახელსაც ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უკავშირდება, როგორიცაა ბათუმის ახალი სტადიონი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი და გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია. „ანაგს“, სახელმწიფოს გარდა, 150-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი დამკვეთი ჰყავს. ამ კომპანიის აშენებულია საქართველოში არაერთი სასტუმრო კომპლექსი და სავაჭრო ქსელიც. თუმცა წინ კიდევ არაერთი მსხვილი პროექტია, რომელთა ფინანსური მხარდამჭერი ხშირ შემთხვევაში „თიბისი ბანკია“. Forbes Infrastructure კომპანიის გენერალურ დირექტორს, ირაკლი გოგოლიშვილს ესაუბრა, რომელიც „ანაგს“ 2008 წლიდან უდგას სათავეში.
ბატონო ირაკლი, „ანაგს“ 32-წლიანი გამოცდილება აქვს. თქვენ გამოიარეთ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ყველა ეტაპი. როგორ ფიქრობთ, სად დგას დღეს ეს სექტორი? რა შეიცვალა?
ამ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა როგორც სამშენებლო ტექნოლოგიები, ასევე დამკვეთების მიდგომები. დამკვეთებს დროთა განმავლობაში უფრო მეტი მკაფიო და მკაცრი მოთხოვნები უჩნდებათ, რაც ლოგიკური და სამართლიანიცაა. 20-30 წლის წინ თუ ვინმეს რაიმეს აშენება სურდა, მათი მოთხოვნები გაცილებით უფრო ლოიალური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მწირი იყო, ვიდრე დღეს. ახლა, ვისაც ინვესტირებისა და რამის აშენების სურვილი აქვს, მას ყველა დეტალი აინტერესებს, იქნება ეს ხარისხთან თუ ვადასთან დაკავშირებული, ასევე მათ აინტერესებთ, რამდენად ენერგოეფექტიანი იქნება შენობა, რაზეც 30 წლის წინ არავინ ფიქრობდა. გარდა ამისა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს დარგში უამრავი სამშენებლო მასალა გაჩნდა, შეიცვალა მიმართულებები, სამუშაოს წარმოების მეთოდოლოგია…
თქვენ ახსენეთ ენერგოეფექტიანობა. რამდენად მზარდია ისეთ მშენებლობაზე მოთხოვნა, რაც გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს?
ჩვენთან კომპანიები მოდიან მას შემდეგ, რაც ყველა ნებართვა და საპროექტო გადაწყვეტილება ხელთ აქვთ. ჩვენ კი ვიღებთ ვალდებულებას, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ავაშენოთ. დღეს დაკვეთების 90% და უფრო მეტიც ენერგოეფექტიან პროექტებზე მოდის, რომელთა ფარგლებშიც, მოგეხსენებათ, გათვალისწინებულია შესაბამისი მასალების, ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენება. ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია ფასადის დათბუნების სხვადასხვა ტექნოლოგიაზე.
„ანაგის“ ანგარიშზე არაერთი ჩვენი ქვეყნისთვის მასშტაბური პროექტია, მათ შორის ბოლო იყო ბათუმის სტადიონი, მანამდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და სხვა. რა მსგავს მსხვილ პროექტებს უნდა ველოდოთ თქვენგან?
ჩვენს მსხვილ მიმდინარე პროექტებში ამჟამად ბათუმში ორი სასტუმროს მშენებლობა შედის, მათგან ერთი 120-ნომრიანია, მეორე კი 109-ნომრიანი. თაბორის მთაზე კი „მერიოტის“ ტიპის 220-ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ვაშენებთ, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე თვალსაჩინო პროექტია მახათას მთაზე „არმი სითის“ პროექტი, რომელიც ჯარისკაცებისთვის საცხოვრებლის მშენებლობას გულისხმობს. გარდა ამისა, ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტზე თბილისში, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე „ჰუალინგ ჯგუფთან“ თანამშრომლობით ვაშენებთ სასტუმროს. ამ ჯგუფთან ურთიერთობა საინტერესოა. გარდა ამისა, აღსანიშნავია წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან: „არქი ჯგუფთან“, „m2”-თან და სხვებთან თანამშრომლობა, რომლებთანაც ჩვენ დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და მათთან დღესაც განვიხილავთ რამდენიმე პერსპექტიულ პროექტს. ასევე საქართველოს რეგიონებში – კახეთსა და აჭარაში, მათ შორის მაღალმთიან კურორტულ ზონაში, სასტუმროების ცნობილი ქართული ბრენდ „ამბასადორისთვის“ ვაშენებთ სასტუმროებს.
როგორც ჩანს, პანდემიის პერიოდიც აქტიურად გამოიყენეთ და არ შეგიჩერებიათ მშენებლობები. თუმცა, ბუნებრივია, იქნებოდა დაბრკოლებები, რაც გასულმა წელმა სამშენებლო კომპანიებს შეუქმნა. რა გამოწვევების წინაშე დადგა „ანაგი“?
სხვა ბევრი მიმართულებისა და დარგისგან განსხვავებით, სამშენებლო სექტორი შედარებით ნაკლები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან მშენებლობა ღია სივრცეში მიმდინარეობს. 2020 წელს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობამ შეგვაფერხა. თუმცა ჩვენ თავად დავიწყეთ მუშა-პერსონალის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და ეს პრობლემაც მოვაგვარეთ. ასე რომ, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არ გვქონია. თუმცა გამოწვევებით სავსე პერიოდი იყო, დამკვეთებიც გაურკვევლობაში იყვნენ, მაგრამ კოვიდპანდემიის დარტყმა უფრო 2021 წლის მეორე კვარტალში განვიცადეთ, როდესაც სამშენებლო მასალების გაძვირება დაიწყო.
რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლიათ ამ კუთხით?
ბოლო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ლარი შედარებით გამყარდა, სამშენებლო მასალების ფასები მაინც გაიზარდა. გარკვეულწილად მშენებლობაც გაძვირდა. რამდენად მოახდენს ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოთხოვნაზე გავლენას, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია. თუმცა, ფაქტია, რომ თუ ეს ფასები შენარჩუნდა, გარკვეულ გავლენას უნდა ველოდოთ. ვფიქრობთ, რომ ფასები წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ახლა ზრდის ტენდენციაა, თუმცა გვაქვს სტაბილური პერიოდებიც. ზოგადად სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც ფიქსირდება. საქართველოში ფაქტია, რომ იმპორტირებული საქონელი გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ეს შეიძლება ადგილობრივი წარმოების გააქტიურების სტიმული გახდეს.
თქვენ რა სიხშირით იყენებთ ადგილობრივი წარმოების მასალებს და ზოგადად რის წარმოებაში მოვიკოჭლებთ და პირიქით?
თუ მშენებლობას დავყოფთ მონოლითურ და არქიტექტურულ ნაწილად, შეიძლება ითქვას, რომ მონოლითურ ნაწილში 80-90% ქართულ წარმოებაზე მოდის. აქ იწარმოება ცემენტი და ლითონი, არმატურა. რაც შეეხება არქიტექტურულ ელემენტებს, ამ შემთხვევაში უფრო შერეული მასალები გვაქვს. მაგალითად, თუ ხის ნაკეთობების კარ-ფანჯარაზეა საუბარი, შეგვიძლია, საქართველოში შევიძინოთ. საქართველოში ასევე ელექტროსადენები და პლასტმასაც იწარმოება, თუმცა იშვიათი სახეობისა და გარკვეული სტანდარტის ელექტროსადენებს ადგილობრივი მწარმოებლები ვერ გვთავაზობენ და მათი იმპორტირება გვიწევს. საქართველოში საკმაოდ მაღალი ინტენსივობით აწარმოებენ წებო-ცემენტს, ბათქაშებსაც და ა.შ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ საჭიროა რეგულაციები და ლაბორატორიული შემოწმება იმისათვის, რომ მათი ხარისხი მაღალი იყოს. თუ ქვეყანაში არ გვექნება სერტიფიცირების სისტემა, ან ავტორიტეტული ლაბორატორიები, მაშინ ქართული წარმოების პროდუქციისადმი ნდობის შექმნა და შემდეგ შენარჩუნება რთული იქნება.
ფინანსური რესურსების გარეშე მსხვილი პროექტების განხორციელება ვერ ხერხდება, თქვენი იდეების მხარდამჭერი ხშირად „თიბისია“. როგორ თანამშრომლობთ ამ ბანკთან?
„თიბისისგან“ ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერას. ნებისმიერი სირთულის პროექტის განხორციელებისას, როდესაცფინანსური რესურსების საჭიროება გვექმნება, ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ „თიბისი“ აუცილებლად გვერდში დაგვიდგება. თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ „თიბისი“ ყოველთვის გვიწევს კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რისკიანია მოცემული პროექტის ფინანსირება. როდესაც ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, გვაძლევს დაფინანსების საშუალებას. ჩვენ ხშირ შემთხვევაში მოკლევადიანი ფინანსური ინიექციები გვჭირდება, ვინაიდან დამკვეთს ზოგჯერ აგვიანდება, გადარიცხვების პროცედურები დროში იწელება და ა.შ. ასეთ შემთხვევებში „თიბისი“ ყოველთვის გვეიმედება.
თქვენი პროექტები ძირითადად მასშტაბურია და მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას და გამოცდილებას სამშენებლო ინდუსტრიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად საუბრობენ საქართველოში კვალიფიციური მუშა-პერსონალის სიმცირეზე, „ანაგი“ რამდენად დგას ამ პრობლემის წინაშე?
საქართველოში არა მგონია იყოს დარგი, რომელიც გამოცდილი სპეციალისტის პრობლემის წინაშე არ იდგეს. ჩვენც ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე. თუმცა ჩვენ მის მოგვარებაზე ზრუნვა დავიწყეთ.
პრობლემის მთავარი არსი მდგომარეობს გამოცდილების არარსებობაში, რადგან საინჟინრო-ტექნიკური სპეციალობები საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში არ იყო პოპულარული და წლების განმავლობაში თითქმის არ არსებობდა შესაბამისი ცოდნის მქონე ახალი კადრები, რომლებიც მშენებლობაში გამოცდილებას დააგროვებდნენ. ბოლო პერიოდია, ამ მიმართულებით სიტუაცია შედარებით უკეთესობისკენ შეიცვალა და ახალგაზრდები დაინტერესდნენ ტექნიკური სპეციალობების შესწავლით. შედეგად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც, ერთი მხრივ, გვყავს ახალგაზრდა კურსდამთავრებული ინჟინრები, რომლებსაც აქვთ თანამედროვე ცოდნა, მაგრამ არ გააჩნიათ გამოცდილება და მეორე მხრივ გვყავს უზარმაზარი გამოცდილების მქონე ძველი თაობის ინჟინერ-მშენებლები, რომლებისთვისაც უცხოა ახალი ტექნოლოგიები. ამ მოცემულობასთან გასამკლავებლად, რამდენიმე წელია, „ანაგში“ შევქმენით მშენებლობის ხარისხისა და ტექნოლოგიების კონტროლის სამსახური, რომელიც დავაკომპლექტეთ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული 40-45 სტუდენტით და კურსდამთავრებულით. ამ სამსახურმა ერთგვარი სინერგია შექმნა გამოცდილებასა და ახალ ცოდნას შორის: ახალი თაობა იზრდება, იძენს გამოცდილებას, ახალ ცოდნას უზიარებს ძველ თაობას და შეუძლია მისთვის გარკვეული სიახლეების შეთავაზება, ძველი თაობა, თავის მხრივ უზიარებს მათ გამოცდილებას.
გარდა ამისა, ჩვენ ვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს. ყოველთვის გვყავს დაახლოებით ოცი სპეციალისტი, რომლებიც გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან ჩამოგვყავს. ისინი მოწვეული არიან იმ პირობით, რომ ადგილობრივ კადრებს გამოცდილება გაუზიარონ.
თქვენ რამდენიმე წლის წინ შეხვედით დეველოპერულ სექტორშიც, როდესაც ბაზარზე „ანაგი დეველოპმენტი“ გამოჩნდა. რა პოტენციალს ხედავთ ამ საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე?
თუ ჩვენ მასშტაბს შევხედავთ, რა მასშტაბითაც დაწყებული გვაქვს დეველოპმენტში მუშაობა, ვნახავთ, რომ ძალიან მოკრძალებული წილია. ვფიქრობთ, რომ დეველოპმენტი და სამშენებლო ინდუსტრია ორი დამოუკიდებელი მიმართულებაა და ორივეს ერთად განვითარება არ შეიძლება იყოს წარმატებული. ამიტომაც ჩვენი პროექტები დეველოპმენტში უფრო საიმიჯო ხასიათისაა, ვიდრე მასშტაბური. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებზე არ გადავერთვებით.
დაბოლოს, კომპანიის შემოსავალი 2019 წელს – 241.5 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 34.5 მილიონი ლარი იყო. როგორ შეიცვალა ეს მონაცემები 2020-ში და რა მოლოდინი გაქვთ მიმდინარე წლისგან?
2020 წელს 2019 წელთან შედარებით 4.5%-იანი ზრდა გვქონდა. ვფიქრობთ, რომ 2021-ში ზრდას თუ არა, მოცემულ ნიშნულს მაინც შევინარჩუნებთ.
მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფორმირებაში დღეს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია, სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულება „თიბისისთვისაც“ ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში „თიბისიმ“ 874 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტების ფარგლებში, ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხარისხია. „ანაგი“ სწორედ ხარისხის გარანტია და ვიცით, რომ ყოველი მათი პროექტი, რომელსაც მხარს დავუჭერთ, ახალ მიდგომებს, პერსპექტივებსა და საუკეთესო ხარისხს გააერთიანებს.
მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკა გამოწევების წინაშე დგას და აღდგენის პროცესშია, სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია როგორც ახალი ინიციატივების განხორციელება, ასევე მიმდინარე პროექტების დასრულება. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის დროს ქვეყანაში ჩვენი მხარდაჭერილი ყველა პროექტი უწყვეტად გაგრძელდა.
„ანაგისა“ და „თიბისის“ თანამშრომლობის მთავარი ხაზი მუდმივი განვითარებაა - წლებია უკვე, პარალელურად მივდივართ წინ. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია გასცდა ფინანსურს და „თიბისი“ „ანაგის“ სანდო მრჩევლად და პარტნიორად იქცა.გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე