Mastercard-ი სისტემაში ბიტკოინის დამატებას აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელს თავის ქსელში კრიპტოვალუტის არჩევა შეეძლება.
„კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა სწორხაზოვანია: ეს არჩევანზეა. Mastercard-ი რეკომენდაციას კი არ უწევს კრიპტოვალუტის გამოყენებას, არამედ უბრალოდ მომხმარებლებს, მოვაჭრეებსა და ბიზნესებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გამოიყენონ ციფრული ვალუტა – ტრადიციული ან კრიპტო“, – განაცხადა Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა რაჯ დამოდჰარანმა.
Mastercard-ში ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, თუ როგორ შეძლებენ მომხმარებლები მის გამოყენებას, თუმცა, როგორც ცნობილია, როდესაც მომხმარებელს მოუნდება რაიმე ნივთის კრიპტოვალუტით შეძენა, Mastercard-ის კრიპტოპარტნიორები ციფრულ ვალუტას ტრადიციულ ვალუტაში გადაიყვანენ და Mastercard-ის ქსელით გადარიცხავენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრ მოვაჭრეს მისცემს შესაძლებლობას, პროდუქტი ან სერვისი კრიპტოვალუტაში გაყიდონ.
ცნობისთვის, Tesla-მ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ელექტრომობილების გაყიდვა მალე ბიტკოინითაც გახდება შესაძლებელი. შედეგად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასმა $44,800-ს მიაღწია.
დატოვე კომენტარი