გასულ მაისს, ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების დაჩქარების მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და Mastercard-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ასე ჩაეყარა საფუძველი ციფრულ პარტნიორობას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაციფრულებას და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ტურიზმის პოპულარიზებისთვის საჭირო მონაცემთა ანალიტიკისა და ფინანსურ-ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას.
Mastercard-ის აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების პრეზიდენტს, იასემინ ბედირს Mastercard-ის ქართულ ოპერაციებზე, კომპანიის პანდემიამდელ და დღევანდელ ბრენდინგის სტრატეგიაზე და, რაც მთავარია, Mastercard-ის, USAID-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარტნიორობის შესახებ სასაუბროდ შევხვდი.
იასემინ, როგორია Mastercard-ის როლი ქართულ ფინანსურ ინდუსტრიაში? შეიცვალა თუ არა ის პანდემიის გამო?
ტექნოლოგიები და ბიზნესმოდელები ელვის სისწრაფით ვითარდება და ადამიანებს, მთელ მსოფლიოში, უფრო მეტ შესაძლებლობასა და კავშირებს უხსნის. გადახდების ავთენტიფიკაცია ჩვენს დაცულ ციფრულ იდენტობასთან დაკავშირებული უნიკალური ბიოლოგიური მეტრიკის გამოყენებითაა შესაძლებელი, თანაც ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ფონზე ინტუიციურად ფუნქციონირებს.
ამგვარი მიღწევები ცხადყოფს, თუ როგორი იქნება ბიზნესის კეთება, ვაჭრობა ან საერთაშორისო მასშტაბით ცხოვრება და ყოველდღიური ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ათი წლის შემდეგ: მარტივი, შეუფერხებელი და უსაფრთხო; ყველასთვის, ყველგან; ნებისმიერი მოწყობილობით ან მის გარეშე. ეს პროგნოზები იმ ცოდნით გავაკეთეთ, რომ დღეს უკვე ამ გზას ვადგავართ.
აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში იგივე მიზანი გვაქვს, რაც დანარჩენ მსოფლიოში. ვამაყობთ, რომ ცვლილებებსა და ინოვაციას წინ მივუძღვებით და არამხოლოდ ვრეაგირებთ მის კვალდაკვალ. ამასთანავე, ვაზიარებთ ჩვენს შეხედულებებსა და პროგნოზებს გადახდების მომავლის შესახებ; ისინი იკვლევენ კრიტიკულ მამოძრავებელ ძალებს და მიმდინარე ინიციატივებს, რომლებმაც ჩვენი საზოგადოებისა და ბიზნესის უკეთესობისკენ გარდაქმნა უკვე დაიწყეს.
რაც შეეხება პანდემიას, ამ პერიოდში გაძლიერდა Mastercard-ის, როგორც ხელშემწყობის როლი. ნათლად გამოჩნდა, რომ ციფრული სერვისები შეუცვლელია საზოგადოების ყველა ფენისთვის.
Mastercard-ი ის ბრენდია, რომელსაც ქართული ფინანსური ინდუსტრიის მომხმარებლები ყველაზე მეტად ენდობიან. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 6.3 მილიონი სადებეტო და 821 ათასი საკრედიტო ბარათია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 1.7 სადებეტო და 0.2 საკრედიტო ბარათი მოდის, ანუ ქვეყნის თითოეულ მცხოვრებს ერთზე მეტი სადებეტო ბარათი, ხოლო ყოველ მეხუთე მოქალაქეს საკრედიტო ბარათი აქვს.
აღნიშნული ბარათებით, ყოველდღიურად, 1.5 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება – მათი საერთო მოცულობა დღეში საშუალოდ 125 მილიონ ლარზე მეტია. შედარებისთვის გეტყვით, რომ ხუთი წლის წინ, ყოველდღიურად, ბარათით 450 ათასზე ნაკლები გადახდა ხორციელდებოდა, ხოლო ამ გადახდების მოცულობა დღეში 45 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა.
შეიცვალა თუ არა Mastercard-ის ბრენდინგი პანდემიის დროს?
მართალი გითხრათ, პანდემიის დროს Mastercard-ის ბრენდი რადიკალურად არ შეცვლილა. კომპანიის სახასიათო ღირებულებები და მიმართულებები პანდემიის დროს ძალზე აქტუალური გახდა.
ალბათ ერთადერთი, რაც Mastercard-ის გახსენდებათ, ისაა, რომ ის გლობალურ გადახდების ინდუსტრიაში მომუშავე ტექნოლოგიური კომპანიაა. თუმცა ამის გარდა, ვაფართოვებთ რა ჩვენს გლობალურ ქსელს მსოფლიოში დადებითი ცვლილებების შესაქმნელად ციფრული ეკონომიკის თანაბარ ხელმისაწვდომობას, დისკრიმინაციასთან ბრძოლას და ჩვენი ძვირფასი პლანეტის დაცვას გპირდებით.
ყველაფერი, რასაც გპირდებით, ემოციას სცდება და ნდობის სახეს იღებს. ენდეთ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ენდეთ მონაცემთა გამოყენებასა და დაცვას, და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ჩვენნაირ კომპანიებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მდგრადობის პრაქტიკა კომერციულად სიცოცხლისუნარიანი უნდა გავხადოთ და ის ჩვენი ყოველდღიური ვაჭრობისა და ეკონომიკის ბუნებრივ ნაწილად ვაქციოთ.
ჩვენ ინოვაციის, ინკლუზიურობის, ნდობისა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ეკოსისტემების ძალის გვჯერა.
რა ტენდენციები გამოჩნდა ციფრულ გადახდებში პანდემიის დროს?
კოვიდის გამოჩენამ ადამიანებს ცხოვრების წესისა და ჩვევების შეცვლა აიძულა და ბრენდებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ „ახლებურ ცხოვრებას“ მოერგონ და მომხმარებლებთან დაკავშირება უფრო პირადულ დონეზე მოახერხონ.
გლობალურად, კოვიდით გამოწვეული ციფრული ცვლილებების 20-30% სამუდამოდ დარჩება. ონლაინმაღაზიებში ვაჭრობის 30%-ით გაზრდით, მომხმარებლებმა საკუთარი ელექტრონული კომერციის ნაკვალევი გაზარდეს. ვაკვირდებით რა მომხმარებელთა გაზრდილ არჩევანს, ვასკვნით, რომ მსოფლიოს გარშემო არსებული მომხმარებლები უფრო
მეტს ვებგვერდსა და ონლაინმაღაზიაში ყიდულობენ, ვიდრე ოდესმე.
ელექტრონული კომერციის სექტორი სწრაფად იზრდება, რადგან ადამიანები, რომლებსაც ეს სერვისი არასდროს გამოუყენებიათ, მას პირველად იყენებენ.
რა მიმდინარე პროექტები აქვს Mastercard-ს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში? შეგიძლიათ, გასული წლის შედეგები და მიღწევები შეაჯამოთ?
არავინ დავობს, რომ ბოლო ორი წელი გამოწვევებით იყო აღვსილი. თუმცა მას მოჰყვა ახალი ცოდნა – ცოდნა იმისა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ. ცვალებადი სოციალური და ეკონომიკური რეალობის მიუხედავად, კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ პანდემია დასასრული არ არის. მეტიც – კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.
Mastercard-ი ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მუდმივად მომხმარებლის მხარეს არიან, განურჩევლად რეალობისა.
გასულ წელს განათლების სფეროს დავუჭირეთ მხარი. ონლაინსწავლების კუთხით, საქართველოში ყველა სტუდენტს ჯერ კიდევ არა აქვს დისტანციური სწავლების გაგრძელების შესაძლებლობა. Carrefour-თან პარტნიორობით 109 სოციალურად დაუცველ სტუდენტს პლანშეტები დავუფინანსეთ.
გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი წვლილი პროექტ „ჩართეში“. დღეს საქართველოში 78 000 სოციალურად დაუცველ სტუდენტს ინტერნეტთან წვდომა არა აქვს. ჩვენი აზრით, ინტერნეტზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. პროექტი „ჩართე“ საშუალებას აძლევს ყველას, დააფინანსოს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი საქართველოს მაღალმთიანი და მოსაზღვრე სოფლების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.
აუცილებლად უნდა გამოვყოთ ტურიზმის სფეროც. საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია იყო, მაგრამ პანდემიის პირველ წელს ვიზიტორთა რაოდენობა მესამედით შემცირდა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით უარყოფითად აისახა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობაზე.
პანდემიით მიყენებული ზიანის შესამცირებლად Mastercard-მა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული წლის სექტემბერში პარტნიორობა დაიწყეს და საზოგადოებას ახალი ინიციატივა გააცნეს: თანამშრომლობის ფარგლებში მათ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.
Mastercard-ი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომხმარებლებს Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმას სთავაზობენ. ეს პროგრამა მოგზაურებს თანამედროვე მოგზაურობის ინოვაციურ, 360-გრადუსიან რაკურსს სთავაზობს, როგორც მის დაწყებამდე, ასევე დასრულების შემდეგ. Mastercard Tourism Insight-ი ერთ ტექნოლოგიაში აერთიანებს საჯაროდ ხელმისაწვდომ საძიებო სისტემებსა და სავაჭრო ტენდენციებს.
როგორც წესი, მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე, მომხმარებლები მრავალ სამოგზაურო ვებსაიტზესტუმრობენ და სოციალური მედიას იყენებენ, აქვეყნებენ შვებულების ფოტოებს, ათვალიერებენ ადგილებს და ზოგადად მოგზაურობენ ციფრულ ფორმატში. ეს ქმნის მასიურ მონაცემთა ბაზას, რომლის გამოყენებაც ხელს უწყობს ინდუსტრიის გაძლიერებას. თუმცა შესაბამისი ინფორმაციის შესაგროვებლად საჭიროა არა მარტო მოგზაურების, არამედ ტურიზმით დაინტერესებული ინვესტორებისა და ბიზნესის ჩართვა. შემდეგ ამას ძლიერი მონაცემთა ანალიტიკის შექმნა სჭირდება.
Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმის მეშვეობით, უკეთესი გადაწყვეტილებებისა და დაგეგმვის მიზნით, სამთავრობო უწყებები, როგორიცაა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ანონიმურ და შეჯამებულ გადახდის მონაცემებს იყენებენ, რომლებითაც მომხმარებლის ქცევას, განწყობებსა და ხარჯვის ჩვევებს აკვირდებიან. ეს მონაცემები, რომლებიც მოგროვებულია როგორც საძიებო სისტემებიდან, ასევე Mastercard-ის ტრანზაქციებიდან, სოციალური მედიიდან და ჯავშნებთან დაკავშირებული ინფორმაციიდან, ვიზიტორის საერთო კმაყოფილების დონეს ზომავს. ეს საზომი ერთეული კი საკმაოდ ფართოა – ის მოიცავს როგორც ამინდს, საკვებსა და გასართობ ადგილებს, ასევე ღირსშესანიშნაობებს, საცხოვრებელსა და მრავალ სხვას.
ამ შეთანხმების მიზანია ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის ხელშეწყობა, მათი რაოდენობის გაზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ზრდა და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყანაში 2022 წელიც დატვირთული იქნება.
2021 წელს ქვეყნის ყველაზე მოთხოვნად და წარმატებულ ბრენდებთან ვითანამშრომლეთ. ვამაყობთ, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყნის წამყვანი კომპანიები არიან, ბიზნესის თითქმის ყველა სფეროდან.
მათთან ერთად, მომხმარებელს შევთავაზეთ სხვადასხვა სახის აქციები, კამპანიები, ფასდაკლებები და ქეშბექი, ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო დავფარეთ და მათთვის ფასდაუდებელი გამოცდილება შევქმენით.
რა არის Mastercard-ის, USAID-ის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პარტნიორობის მიზანი?
პარტნიორობის მიზნებია ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარება, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) განვითარება, ციფრული ეკონომიკის ზრდა და ფინანსური ჩართულობის უზრუნველყოფა ტექნოლოგიების, ციფრული აქტივებისა და სერვისების გამოყენებით. თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია ტურიზმი, ელექტრონული კომერცია და ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა.
ამ პარტნიორობის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესს უკეთესი, ეფექტიანი ბიზნესოპერაციების შემუშავებასა და განვითარებაში, ბაზრის მოთამაშეებთან კავშირების შექმნასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დავეხმარებით. Mastercard-ი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა იმუშავებენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარებას ხელი შეუწყონ და დამწყებ, პერსპექტიულ კომპანიებს საერთაშორისო გაფართოების საშუალება მისცენ.
რა არის თანამშრომლობის მიზანი და სფერო? რა პროექტებს და/ან ინიციატივებს მოიცავს პარტნიორობა? როგორია მათი განხორციელების ვადები?
Mastercard-ი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სამწლიანი ციფრული პარტნიორობის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას გეგმავს. ეს მოიცავს მრავალ ინიციატივასა და აქტივობას, რომელიც როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში განხორციელდება.
ტურიზმი
„ციფრული გადახდის გამოცდილების“ შემუშავებით Mastercard-ი ხელს შეუწყობს უნაღდო ტრანზაქციებს ქვეყნის მასშტაბით. ბარათების მიმღები ქსელის განვითარების მიზნით, კომპანია საქართველოში ინვესტიციების დაბანდების გაგრძელებას გეგმავს. მათ შორისაა Tap on Phone-სისტემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას აძლევს, ის მობილური ტელეფონის მიმღებ მოწყობილობად გადააქციონ.
ელექტრონული კომერციის აკადემია
ელექტრონული კომერციის აკადემიის მხარდასაჭერად Mastercard-ი და USAID-ი სასწავლო პროგრამის შემუშავების კომიტეტში მონაწილეობენ. აკადემიის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისა და დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების განვითარება და გაძლიერება, რათა მათ ეფექტიანად გამოიყენონ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები როგორც საკუთარი ბიზნესის ასაშენებლად, ასევე არსებული ბიზნესის დაგეგმვისა და მართვისთვის.
ფინტექ-ეკოსისტემა
პარტნიორობის ფარგლებში, მხარეები სტარტაპებსა და დიდი პოტენციალის მქონე ფინტექ-კომპანიებს მხარს დაუჭერენ და მათ საერთაშორისო დონეზე გაზრდისა და გაფართოების საშუალებას მისცემენ. ისინი მათ ფინანსურ ტექნოლოგიებს, ასევე ტრენინგსა და თეორიული ცოდნის მიღების სხვა შესაძლებლობებს შესთავაზებენ. Mastercard-ისა და USAID-ის ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება ქართულ ფინტექ-კომპანიებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
რატომ არის საჭირო საქართველოში ასეთი თანამშრომლობა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ინოვაციების, ინკლუზიურობის, ნდობისა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ეკოსისტემების გვჯერა.
საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც გაციფრულების გლობალურ ტენდენციას მიჰყვება. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ტრანსფორმაციისთვის მას არასაკმარისი რესურსი აქვს.
გამომდინარე აქედან, აუცილებელია ისეთი პროექტებისა თუ ინიციატივების წამოწყება, რომლებიც არსებულ ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს და ციფრულ ეკოსისტემებს განავითარებს.
პარტნიორობა მოიცავს ძირითად სფეროებს, რომელთა გაციფრულება საქართველოს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკად გადაკეთებაში დაეხმარება. შედეგად, გაიზრდება სამუშაო ადგილების რიცხვი, გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა და საბოლოოდ, საქართველო გახდება უფრო ძლიერი, მდიდარი და უფრო ინოვაციური ქვეყანა.
იასემინ, განყოფილების პრეზიდენტად თქვენი დაწინაურებიდან რამდენიმე თვე გავიდა. როგორ მოერგეთ ამ როლს? რა გამოწვევები შეგხვდათ და როგორ გადალახეთ ისინი?
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი წინაპრები საქართველოდან არიან, ხოლო ჩვენი განყოფილება ჩემს მშობლიურ ქალაქ სტამბულში მდებარეობს, უნდა ვაღიარო, რომ აქაურობასთან ყოველთვის ახლოს ვგრძნობდი თავს. ამ დინამიურ და ინოვაციურ ადგილებს ბევრი შესაძლებლობა და გამოწვევა ახლავთ თან. ჩვენი როლი ჩვენს პარტნიორებთან ამ შესაძლებლობების გამოსასწორებლად და დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად მუშაობაა. ჩვენი განყოფილებისა და რეგიონული გუნდებიდან, ქვეყანას უფრო მეტ რესურსს/მხარდაჭერას ვთავაზობთ. ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენმა ექსპერტთა გუდნმა ჩართულ მხარეებთან დაამყარა – უნიკალურია. მოხარული ვარ, რომ პლანეტის ამ ნაწილში დავბრუნდი.
დატოვე კომენტარი