McDonald’s-ი ბრენდის ისტორიაში უპრეცედენტო სისწრაფის ზრდას გეგმავს – 2027 წლისთვის, გლობალურად, კომპანიის 10,000 ახალი ობიექტი გაიხსნება. ქსელის ზრდასთან ერთად, McDonald’s-მა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რესტორნების ავტომატიზაციისთვის Google-თან თანამშრომლობაც დააანონსა.
პრესრელიზის თანახმად, ახალი რესტორნებისგან, კომპანიის პროგნოზით, გაყიდვების საერთო მოცულობა თითქმის 2%-ით გაიზრდება. McDonald’s-ის სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 900 ახალი რესტორანი გაიხსნება, დარჩენილი რაოდენობა კი საერთაშორისო მასშტაბით გადანაწილდება. არსებული გეგმით, 2027 წლისთვის გლობალურად McDonald’s-ი 50,000 რესტორნით იქნება წარმოდგენილი.
2026 წლისთვის კომპანია მენიუს განახლებას, ხოლო „საუკეთესო ბურგერის ინიციატივის“ ფარგლებში ბურგერების ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს, 2025 წლისთვის ქსელი McCrispy-ის ბიზნესსაც გააფართოებს.
რაც შეეხება ტექნოლოგიურ გიგანტ Google-თან McDonald’s-ის თანამშრომლობას, ამ პარტნიორობით ქსელი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სარესტორნო ბიზნესის ავტომატიზაციის გაუმჯობესებას გეგმავს. AI-ბოტი, სახელწოდებით „Ask Pickles“, ყველა მონაცემებზე დაყრდნობით გაიწვრთნება: სახელმძღვანელოებით დაწყებული, რესტორნების აღჭურვილობით დასრულებული და McDonald’s-ის თანამშრომლებს დავალებების სწრაფად შესასრულებლად, მითითებებს მისცემს.
McDonald’s-ის მიერ AI-ბოტის დანერგვა კი უახლესი მცდელობაა, ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სამყაროში, ხელოვნური ინტელექტისა და Google Cloud-ის ჩართულობა საკუთარ ბიზნესშიც გააძლიეროს. კომპანია ბიზნესისთვის ტექნოლოგიებისა და ციფრული არხების მნიშვნელობაზე ხშირად საუბრობს. მესამე კვარტალის ფინანსური მაჩვენებლებით, McDonald’s-ის მობილური აპლიკაცია, კიოსკები და მიწოდების სერვისები კომპანიის ტოპ-6 ბაზარზე მიღებული შემოსავლის 40%-ს (დაახლოებით $9 მილიარდი) შეადგეს.