McDonald’s-ის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, კორპორაცია 2025 წლამდე, 1 მილიარდზე მეტ საბავშვო სათამაშოში, რომლებიც ყოველწიურად გლობალური მასშტაბით იყიდება, პლასტმასის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს.
Happy Meal-ის სათამაშოების წარმოებაში შესული ცვლილება, მაგალითად, გულისხმობს Batman-ის სათამაშოს რამდენიმე ათეული მუყაოს ნაწილით დამზადებას, რომლის აწყობაც ბავშვებს თავადვე შეეძლებათ. გარდა ამისა, McDonald’s-ის თქმით, უფრო მეტი სათამაშო დამზადდება გადამუშავებული ან მცენარეული პლასტმასისგან. ეს გადაწყვეტილება კომპანიას საშუალებას მისცემს, Happy Meal-ში ნამარხ საწვავზე დამზადებული პლასტმასების გამოყენება 2018 წელთან შედარებით 90%-ით შეამციროს.
McDonald’s-ი ერთ-ერთია იმ რესტორნების ქსელიდან, რომელიც შეფუთვებისა და სხვადასხვა პროდუქტის დამზადებაში ცვლილებით გარემოსთვის ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად. McDonald’s-ის მსგავსად, 2019 წელს უფასო პლასტმასის სათამაშოების გაცემა Burger King-მაც შეაჩერა. McDonald’s-ის გადაწყვეტილებაზე განცხადება ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორმა, სტეფანი ფელდშტეინმა გააკეთა და რესტორნების ქსელს უფრო მეტი მდგრადობისთვის პროდუქციაში საქონლის ხორცის გამოყენების შემცირებისკენაც მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ McDonald’s-მა Happy Meal-ის გაყიდვა 1973 წელს დაიწყო, 2018 წელს კი გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიასა და საფრანგეთში უფრო მყარ სათამაშოებზე გადავიდა. შეერთებულ შტატებში McDonald’s-ი Happy Meal-ში უკვე იყენებს ისეთ ნივთებს, როგორიცაა წიგნები და Pokemon-ის ბარათები. იანვრიდან აშშ-ში უფრო მეტი მსგავსი საჩუქრის წარმოება და კომპანიის მხრიდან ამ ტენდენციის სხვა ქვეყნებში დანერგვაც იგეგმება.
დატოვე კომენტარი