რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას მსოფლიოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: ცივილიზებულმა სახელმწიფოებმა ომი ოფიციალურად დაგმეს, მოქალაქეებმა მას პროტესტი გამოუცხადეს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს წევრობა შეუჩერეს, ხოლო კომპანიებმა რუსეთში სამეწარმეო საქმიანობა შეამცირეს ან მთლიანად შეწყვიტეს. თუმცა განსხვავებული მიდგომა აირჩიეს როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფმა სატელიტებმა, ასევე იმ სახელმწიფოებმაც, რომლებიც საკუთარ თავს დასავლეთის გამაწონასწორებელ ძალად აღიქვამენ.
აქვე აუცილებლად უნდა გამოვყოთ ადამიანთა კიდევ ერთი, ჩუმი კატეგორია, რომელზეც, საჯაროობის სტანდარტის არარსებობის გამო, მსოფლიო პრესამ ძალიან ცოტა რამ იცის. ცხადია, საუბარია რუსეთის ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტაზე – რუს ოლიგარქებსა და უმსხვილესი რუსული კომპანიების მენეჯმენტის ზედა რგოლის წევრებზე.
აღნიშნულთაგან პირველ კატეგორიაში რუსეთის და, შესაბამისად, პლანეტის უმდიდრესი ადამიანები შედიან, რომელთაც უკიდეგანო ფინანსური გავლენის გარდა, პოლიტიკური ძალაუფლებაც აქვთ, რომელიც უმეტესწილად რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სიახლოვითაა განპირობებული. ოლიგარქების მსგავს, მაგრამ ძალაუფლებით განსხვავებულ კატეგორიას წარმოადგნენ უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიების ტოპ-მენეჯერები, მაგრამ სხვადასხვა პროცესზე მათი გავლენა გაცილებით ნაკლებია.
ერთი, რაც ოლიგარქებისა და რუსი ტოპ-მენეჯერების შესახებ ვიცით, ისაა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ისინი ძალიან ცოტას საუბრობენ, რაც გასაგებიცაა – მათ საკუთარი თავებისა და მათი ოჯახის წევრების საფრთხეში ჩაგდება არ სურთ. ცხადია, ეს შიში ისტორიულ გამოცდილებას ემყარება, რადგან ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ წასვლა, როგორც წესი, კარგად არასდროს მთავრდება.
აღნიშნულის მიუხედავად, რუს ოლიგარქებს შორისაც აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ცურვა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გადაწყვიტა. უმდიდრესი რუსი ადამიანი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ ბოლო დროს გამოვიდა, ამერიკაში დაფუძნებული იური მილნერია – მან რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქეობაზე ოფიციალურად თქვა უარი.
ისე კი, მილნერის შემთხვევა მაინც განსხვავებულია, რადგან ის ტიპური ოლიგარქი არ არის. მილნერი რუსეთში დაბადებული ებრაელი მეწარმე და ინვესტორია, რომელმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი რუსული ტექნოლოგიური კონგლომერატის, Mail.ru-ს დაფუძნებით იშოვა. თუმცა მილნერის ქონების უდიდესი ნაწილი არა რუსეთის ფედერაციას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება, რადგან მილნერს არაერთ გიგანტურ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მათ შორის Facebook-ში, Twitter-ში, Snapchat-სა და Airbnb-ში აქვს ფული დაბანდებული. ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, იური მილნერის ქონება $7.3 მილიარდს შეადგენს.
„მე და ჩემმა ოჯახმა რუსეთი 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, სამუდამოდ დავტოვეთ“, – ამის შესახებ მილნერმა Twitter-ზე დაწერა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში მილნერმა დაზარალებულ უკრაინელებს $100 მილიონი გამოუყო და თან საქველმოქმედო კამპანია, Tech for Refugees-ი დაიწყო, რომელშიც, უშუალოდ მილნერისა და მისი ოჯახის გარდა, მონაწილეობა Spotify-მ, Airbnb-მ და Flexport-მა მიიღეს.
მთლად მილნერივით გაბედულად და სწორხაზოვნად არა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომს სხვა გავლენიანი რუსებიც გამოეხმაურნენ – ცხადია, მყისიერადვე არა, მაგრამ დაწყებიდან რამდენიმე დღეში. პირველები ომს ნავთობის, საბანკო და სატელეკომუნიკაციო ბიზნესების მაგნატი, მიხაილ ფრიდმანი და მეტალურგიის მაგნატი, ოლეგ დერიპასკა გამოეხმაურნენ. ფრიდმანმა, რომელიც უკრაინაში დაიბადა და ჩვიდმეტ წლამდე იქ ცხოვრობდა, განაცხადა, რომ ეს ომი და სისხლისღვრა რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. რაც შეეხება ოლეგ დერიპასკას, მან ქვეყნებს მშვიდობისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.
ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მას მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფინტექ-კომპანიის, Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვიც გამოეხმაურა. „ახლა უკრაინაში ყოველდღე უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან – ეს წარმოუდგენელი და დაუშვებელია. სახელმწიფოებმა ფული ადამიანების მკურნალობასა და სიმსივნის წამლის შექმნაზე უნდა დახარჯონ და არა ომზე. ჩვენ ომს ვეწინააღმდეგებით!, – დაწერა ტინკოვმა Instagram-ზე.
ოლეგ ტინკოვის შემთხვევა განსაკუთრებულად საინტერესო და ექსტრაორდინარულია, ასე რომ უპრიანი იქნება, მას დეტალურად თუ მიმოვიხილავთ. საქმე ისაა, რომ მოგვიანებით ტინკოვმა კიდევ ერთი, გაცილებით უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა, რომლითაც ომი კიდევ ერთხელ დაგმო და თან რუს ჩინოვნიკებსაც გადასწვდა.
„ამ გიჟური ომის ვერც ერთ ბენეფიციარს ვერ ვხედავ. უდანაშაულო ადამიანები და ჯარისკაცები იხოცებიან. ნაბახუსევი გენერლები კი მიხვდნენ, რომ მათი არმია – ნაგავია. და როგორ იქნება არმია კარგი, თუ ქვეყანაში ყველაფერი სხვაც ნეპოტიზმში, სერვილობასა და პატივმოყვარეობაში ჩამპალი ნაგავია? კრემლის ჩინოვნიკები გაგიჟებულები არიან, რადგან წელს, ზაფხულში, ხმელთაშუა ზღვაზე არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი შვილებიც ვერ დაისვენებენ. ბიზნესმენები დარჩენილი ქონების გადარჩენას ლამობენ… რა თქმა უნდა, დებილებიც არიან, Z-ებს რომ იხატავენ, მაგრამ დებილები ხომ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ. რუსების 90% ამ ომს ეწინააღმდეგება!
ძვირფასო „კოლექტიურო დასავლეთო“, გთხოვთ მიეცით პუტინს სუფთად გამოსვლისა და სახის შენარჩუნების საშუალება და შეაჩერეთ ეს ხოცვა-ჟლეტა. გთხოვთ, უფრო რაციონალურები და ჰუმანურები იყავით!“, – ვკითხულობთ ტინკოვის Instagram-ზე.
მოგვიანებით, როგორც თავად ტინკოვი ამბობს, ამ და სხვა სტატუსებისა და გამონათქვამების გავრცელების და ზოგადად ომის საწინააღმდეგო ნარატივის გამო, მას რუსეთში სერიოზული პრობლემები შეექმნა. ცხადია, საუბარია მისი ციფრული ბანკის, Tinkoff-ის გაყიდვაზე, რაც, როგორც ბიზნესმენი ამბობს, მას რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა. როგორც ტინკოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსმა მაღალჩინოსნებმა ის სამაგალითოდ დასაჯეს და აიძულეს, ბანკი რეალურ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით იაფად, ანუ თეთრებში ან ცენტებში, ან, როგორც თვითონ ამბობს, „კაპიკებში“ გაესხვისებინა.
„ფასის განხილვის უფლება არ მომცეს, მძევალივით ვიყავი და იძულებული გავხდი, იმას დავთანხმებულიყავი, რაც შემომთავაზეს – მოლაპარაკებების უფლება არ მქონდა. ზუსტ ფასს ვერ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ აქტივის რეალური საბაზრო ღირებულების დაახლოებით 3% გადამიხადეს. ჩემი ქონების დათმობა „კაპიკებში“ მომიწია“, – განაცხადა ტინკოვმა ინტერვიუსას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ოლეგ ტინკოვისთვის, რომელიც ბოლო წლებია, მწვავე ლეიკემიას ებრძვის, რუსეთის ხელისუფლების ეს დაშინება არასაკმარისი აღმოჩნდა. მას მერე, ომისა და რუსეთში დამყარებული რეჟიმის წინააღმდეგ მან კიდევ მრავალჯერ გაილაშქრა. ერთ-ერთი ასეთი სტატუსი ტინკოვმა ივლისში გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნა, რომ თურმე რუს ბიზნესმენებს მისი გადაწყვეტილების არ ესმით.
„პერიოდულად ველაპარაკები რუს ბიზნესმენებს, რომლებიც ვერ ხვდებიან, თუ როგორ მოვიქეცი ასე, როცა ყველაფერი მივატოვე და ამდენი ფული დავკარგე. მათი ნარატივი ასეთია: „ყველაფერში 100%-ით გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ხომ კონკურენტულ სამყაროში ფულის შოვნა არ ვიცით – რუსეთში კი ფულს ვშოულობთ და ნელ-ნელა მის გამოტანასაც ვახერხებთ, ასე რომ, ჩუმად ვართ“. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მე კი ჩემი მაქვს – ამ ბოროტებასთან კავშირში ყოფნისთვის მზად არ ვარ. თანავუგრძნობ იმ ადამიანებს, ვინც უკრაინაში იტანჯება და კვდება და შეიძლება, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად განვეწყვე, შეიძლება… თუმცა ადამიანებს ცხოველებისგან ხომ სწორედ მსხვერპლთა მიმართ ემპათია და თანაგრძნობა გამოარჩევთ. არანაირი დოლარები არ ღირს ბავშვის ცრემლებად“, – წერს ტინკოვი Instagram-ზე.
ოლეგ ტინკოვის ამ გადაწყვეტილებას პრაგმატულად თუ შევხედავთ, ომის წინააღმდეგ გალაშქრება ბიზნესმენს ძალიან ძვირად დაუჯდა. დღევანდელი მონაცემებით, ოლეგ ტინკოვის ქონებას ამერიკული Forbes-ი $600 მილიონად აფასებს – არადა, 2021 წელს, მისი ქონება $4.7 მილიარდი იყო.
თუმცა ზემოხსენებული მაგალითების გარდა, რომელიც ადამიანთა ძალიან ვიწრო კატეგორიას აერთიანებს ომთან მიმართებით, რუსეთში კიდევ ერთი უცნაური ტენდენცია დაფიქსირდა – საუბარია რუსეთის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელების აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევებზე.
აღნიშნული საკითხის ექსტრაორდინარულობიდან გამომდინარე, გთავაზობთ ბოლო პერიოდში გარდაცვლილი მაღალი თანამდებობის პირთა ჩამონათვალს:
ლეონიდ შულმანი
სამოცი წლის შულმანი, რომელიც Gazprom-ის სატრანსპორტო სერვისების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, დაბა ლენინსკოეში მდებარე კოტეჯში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, შულმანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რომლის მიზეზად ჯანმრთელობის გაუსაძლისი მდგომარეობა სახელდება.
ალექსანდრ ტიულიაკოვი
სამოცდაერთი წლის ტიულიაკოვი Gazprom-ის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, რომელიც, შულმანის მსგავსად, დაბა ლენინსკოეში საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ცნობით, ტიულიაკოვმაც თავი მოიკლა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულს ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ უმსხვილესი რუსული ენერგოკომპანიის მაღალჩინოსანი მოკლეს.
ვლადისლავ ავაევი
კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი და უმსხვილესი რუსული ბანკის, Gazprombank-ის ვიცე-პრეზიდენტი, ორმოცდათერთმეტი წლის ვლადისლავ ავაევი აპრილში გარდაიცვალა – ის მოსკოვში მდებარე სახლში, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის მტკიცებით, ავაევმა ცოლ-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, სხვების მსგავსად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მიხაილ უოტფორდი
მიხაილ უოტფორდი, რომელიც 1955 წელს უკრაინაში დაიბადა, რუსეთის მასშტაბით არაერთ ენერგოკომპანიას ფლობდა – ის ინგლისის ქალაქ უენტვორსში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა, რაც ყველაზე უცნაურია, ეს შემთხვევა ალექსანდრ ტიულიაკოვის გარდაცვალებიდან ზუსტად სამი დღის შემდეგ მოხდა. მილიარდერის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერაც უცნობია, მაგრამ, როგორც ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იუწყებიან, იგი საეჭვო ვითარებაში, მოულოდნელად გარდაიცვალა. რუსულ სამთავრობო მედიაში უოტფორდის სიკვდილი შესაძლო სუიციდს დაუკავშირეს.
სერგეი პროტოსენია
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ტოპ-მენეჯერების სიის კიდევ ერთი წევრი სერგეი პროტოსენიაა, რომელიც თხევადი გაზის მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანიის, Novatek-ის თავმჯდომარის მოადგილე იყო. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, პროტოსენიას სიკვდილი ძალიან ჰგავს ვლადისლავ ავაევის შემთხვევას – პროტოსენია ავაევის სიკვდილიდან მეორე დღეს გარდაიცვალა და, ავაევის მსგავსად, ისიც ცოლ-შვილთან ერთად იპოვეს, რომელთაც სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. თავად რუსი ბიზნესმენი კი ჩამომხრჩვალი იყო. აღსანიშნავია, რომ უოტფორდის მსგავსად, რუსულმა პრესამ პროტოსენიას და სხვათა სიკვდილიც სუიციდად შეაფასა.
ალექსანდრ სუბოტინი
აღნიშნულ სიაში შემდეგი პირი, ორმოცდასამი წლის ალექსანდრ სუბოტინია, რომელიც ნავთობკომპანია Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. სუბოტინი საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა – რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის გულის შეტევამ იმსხვერპლა.
იური ვორონოვი
საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა იური ვორონოვს უკავშირდება, რომელიც Gazprom-ის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას ხელმძღვანელობდა. სამოცდაერთი წლის ვორონოვი საკუთარ სახლში, აუზთან ახლოს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ვორონოვი მოკლეს, რადგან მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. ვორონოვის მეუღლის მტკიცებით კი მისი სიკვდილი კონტრაქტორებთან უთანხმოებას უკავშირდება.
რავილ მაგანოვი
საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ბოლო შემთხვევა Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, სამოცდარვა წლის რავილ მაგანოვს უკავშირდება, რომელიც აღნიშნულ სიაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. რუსული ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, მაგანოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა; წყაროთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოაგდეს, ნაწილი კი ვერაგ დაავადებაზე მიუთითებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ რავილ მაგანოვი „ლუკოილის“ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია, რომელიც თავის დროზე ნავთობკომპანია „ლანგეპასნეფტეგაზში“ მუშაობდა – აღნიშნული კომპანია „ლუკოილმა“ 1991 წელს შეიძინა. საინტერესოა, რომ კომპანიის სახელწოდება – „ლუკოილი“, სწორედ რავილ მაგანოვმა მოიფიქრა. დირექტორთა საბჭოს წევრად მაგანოვი პირველად 1993 წელს აირჩიეს. 2020 წელს მაგანოვმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
და რაკიღა დანამდვილებით არ ვიცით, თუ რამ იმსხვერპლა მაგანოვის სიცოცხლე, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ფაქტი: Lukoil-ი ერთ-ერთი პირველი მსხვილი რუსული კომპანია იყო, რომელმაც უკრაინაში დაწყებული ომი ან, როგორც მას რუსეთში უწოდებენ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, საჯაროდ დაგმო და მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
დატოვე კომენტარი