კრის ფრიდლენდს თავისი საცალო ვაჭრობის ბიზნესი წყნარი ქალაქის, ჩიკოს (კალიფორნია) მახლობლად აქვს დაფუძნებული. ის Burning Man-ის ერთგული მონაწილეა. მან კომპანია ასობით მილიონ დოლარად მიჰყიდა ბრიტანულ კონგლომერატს და თავისი პირადი სტრატეგიის წყალობით, Build.com-ი ციფრული ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაუმღერებელ სიმღერად აქცია წარმატების შესახებ.
კრის ფრიდლენდს, Build.com-ის აღმასრულებელ დირექტორს, უნდა, რომ რაღაც პროვოკაციული მიამბობს თავისი ქორწინების შესახებ. ვკითხე, როგორ შეადარებდა თავის აბაზანების ნიჟარების, კლიტეებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ინვენტარის ონლაინმაღაზიას სილიკონის ხეობის ისეთ ლეგენდებს, როგორიცაა Pinterest-ი და Houzz-ი, რომლებიც ლამაზი ონლაინექსპოზიციებით არიან ცნობილნი. „ჩემი ცოლი Houzz-ზე ვნახე, ერთი საათის განმავლობაში იქაურ ნივთებზე ნერწყვი მოსდიოდა. ეს პორნოსავითაა… დიდი ნაწილი მხოლოდ ფანტაზიაა ხალხისთვის, – ფრიდლენდი ეშმაკურად იკრიჭება. – ჩვენ უფრო Match.com-ივით ვართ, – ამბობს ის. – ჩვენ თითქოს ურთიერთობას ვაშენებთ… და საქმეებს ვაგვარებთ“.
გლამური და Build-ი, რომლის სათავო ოფისი ნუშის ქალაქში – ჩიკოში – მდებარეობს, ერთმანეთისგან შორიშორ მდგარი ცნებებია. მაგრამ „საქმეების მოგვარების“ სულისკვეთებით გაჟღენთილმა ფრიდლენდმა ისეთი ონლაინმაღაზია შექმნა, რომელიც წარმატებით უწევს მეტოქეობას Amazon-ს, Home Depot-ს, Lowe’s-ს. ხოლო ბრძოლა ამ კომპანიათა შორის ამერიკის წყალგაყვანილობის ოსტატების, ხუროებისა და ჩხირკედელაობის მოყვარულთა მომსახურებისთვის მიმდინარეობს.
სხვა ინტერნეტმოვაჭრეთაგან განსხვავებით, რომლებიც დიდი მონაცემების კარნახით მოქმედებენ და სრულიად ავტომატიზებულ რეჟიმში მუშაობენ, ფრიდლენდი ამბჯობინებს, კიბერსივრცეში ყველაზე „სახალხო“ მაღაზიის უფროსი იყოს. თუ მთელი ინდუსტრია სატელეფონო ონლაინსერვისს დეიდა გლედისისდროინდელ დრომოჭმულ ფუფუნებად მიიჩნევს, ფრიდლენდს ასეთი სერვისი არანაირ პრობლემას არ უქმნის. მისი მთავარი მიგნება: კლიენტები გაცილებით მეტ რამეს ყიდულობენ – და გაცილებით ნაკლებად წვრილმანდებიან ფასებზე – როცა იციან, რომ იმ ადამიანებთან აქვთ საქმე, ვინც მათდამი გულგრილი არ არის. ჯილდო: Build-ის გაყიდვები, გასულ წელს, 16%-ზე მეტით გაიზარდა და $525 მილიონი შეადგინა.
Build-ის მთავარ გვერდზე ტელეფონის ნომერია განთავსებული, სადაც მყიდველებს შეუძლიათ, უსასყიდლოდ დარეკონ და გაესაუბრონ ღიმილიან, თვალებგაბრწყინებულ ადამიანებს. გაყიდვაზე პასუხისმგებელი ხალხის უმეტესობა კომპანიის მშობლიური ქალაქის უნივერსიტეტის, Chico State-ის, კურსდამთავრებულნი არიან. დაე, ფრიდლენდის გლამურულმა მეტოქეებმა ზედმეტი უხადონ ჰარვარდის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრებს. კი, Chico State-ი 399-ე ადგილასაა FORBBES-ის წამყვანი კოლეჯების რეიტინგში, მაგრამ მშვენიერი საშუალებაა ისეთი მონდომებული ადამიანების მოსაგროვებლად, რომელთაც ჩიკოში გადასაბარგებლად ხელების გადაგრეხა არ სჭირდებათ და რომლებიც მოწადინებულნი არიან, საათში $14-17-ად (პლუს ბონუსები) იმუშაონ. „გამუდმებით ვითრევთ ხალხს, ვინც შეგვიძლია, ჩვენს მსოფლმხედველობას მოვარგოთ. – განმარტავს ფრიდლენდი. – განსაკუთრებით კი მათ, ვისაც თავისი ჯერ არ ჩამოუყალიბებია“.
ჰელენ სმიტი კოლეჯის სახელმძღვანელოებს ყიდდა – 500 მილის გავლა უწევდა და კალიფორნია-ორეგონის საზღვარს შორის იყო გამოკიდებული. გაუთავებლად საჭესთან ჯდომამ დაღალა. ახლა, 34 წლის ასაკში, Build-ის გაყიდვების ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელია – ტელეფონით კლიენტებს სასურველი ნიჟარის შერჩევაში ეხმარება. „ძალიან კარგი არჩევანია“, – ამშვიდებს სმიტი ერთ აღელვებულ ქალბატონს ჰავაიში. ქებით დამტკბარი, ეს უკანასკნელი აღარ ითხოვს ფასის დაკლებას და მზადაა, სმიტის მიერ დასახელებული თანხა გადაიხადოს.
Build-ი $1.2 მილიონის შემოსავალს გამოიმუშავებს თითო თანამშრომელზე (სულ 500 თანამშრომელია). ეს აღემატება როგორც Home Depot-ს ($234,000), ისე Amazon-ის ($653,000) შესაბამის სტატისტიკას. Build-ისთვის ჰიბრიდული მოდელი ძალიან ხელსაყრელია. ის, ძვირად ღირებული ნივთების გაყიდვის პროცესში, ორივე ვითარებიდან ხეირობს. ერთი მხრივ, რუტინულ ინტერნეტშეკვეთებს იღებს და საქონელს გამყიდველის ჩარევის გარეშე ყიდის, მეორე მხრივ კი გაყიდვების დაახლოებით 30% სატელეფონო აგენტების დამსახურებაა, რომლებიც ყველაზე მსხვილ და ყველაზე სარფიან შეკვეთებზე არიან ორიენტირებულნი. გაკვეთილი: როგორც ჩანს, კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობა არცთუ არაეფექტიანი მეთოდია, ცხადია, თუ ხალხს ჩიკოს სტილში დაიქირავებ (და სათანადო მოტივაციასაც შეუქმნი).
ფრიდლენდს თამაშის სხვაგვარი წესები რომ აერჩია, Build.com-ი, შესაძლოა, ჩიკოში ისეთი პირველი დამოუკიდებელი ბიზნესი გამხდარიყო, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს ან მეტს შეადგენს. საჯარო ბაზარზე ბრუნვად Wayfair-ს, რომელიც ავეჯს ყიდის, $3.8-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს, რაც გასული 12 თვის შემოსავალს ორჯერ აღემატება. გადმოიტანეთ იგივე ჯერადი Build-ზე და მილიარდდოლარიან ზღვარსაც გასცდებით. მაგრამ შეუძლებელია, მილიარდდოლარიანი დამოუკიდებელი კომპანია გქონდეს, როცა შენი ბიზნესის მფლობელები სხვები არიან. 2006-ში, როცა Build-ის 52%-ს ფრიდლენდი ფლობდა, ხოლო დანარჩენს – მეგობრულად განწყობილი შინაურები, მან ვენჩურ-კაპიტალზე უარი თქვა და, შესაბამისად, კომპანიის გაფართოების შანსიც გაუშვა ხელიდან. სანაცვლოდ, ბიზნესი მან ბრიტანულ Wolseley Plc.-ის მიჰყიდა – წყალგაყვანილობისა და გამათბობელი საშუალებების მსხვილ დისტრიბუტორს. გასაყიდი ფასი სულ რაღაც $35 მილიონი იყო – 2006 წლის $55-მილიონიანი შემოსავალი გამრავლებული 0.6-ზე. Wolseley-მ ფრიდლენდს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა. ისიც დათანხმდა.
უჰ. თითქმის ათი წელი გავიდა, მაგრამ ფრიდლენდი მაინც სულ ამ საბედისწერო გადაწყვეტილების გაანალიზებაშია. თუმცა, ყოველ ჯერზე, ჯიუტად აცხადებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზოგიერთი ვენჩურ-კაპიტალისტი, მისი თქმით, „ზვიგენივით“ უტევდა. სარკასტულად აღნიშნავს, რომ მათ მისი კომპანიის მორჯულება უნდოდათ. ამას, ცხადია, უფრო დიდ ქალაქში გადასვლა მოჰყვებოდა, მისი შინნაზარდი მენეჯმენტის გუნდიდან ბევრ თანამშრომელს გაცხრილავდნენ და რაღაც მომენტში თავად მასაც მოუწევდა ჩაბარგება უფრო პროფესიონალი აღმასრულებელი დირექტორის სასარგებლოდ. ნაცვლად იმისა, რომ ქონება 10-ჯერ ან მეტჯერ გაეზარდა, შეიძლება, საერთოდ ჯიბეცარიელს დაესრულებინა ეს საქმე.
Wolseley-ს, რომელიც კარგად აცნობიერებს ფრიდლენდის მოულოდნელი წარმატების მნიშვნელობას, ის თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და საშუალებას აძლევს, ფეხბურთის მწვრთნელისთვის დამახასიათებელი ინტენსივობა დოქტორ სეუსის „ქუდიანი კატის“ ჭირვეულ სიცელქეს შეუთავსოს. ფრიდლენდი ბევრს ყვირის. სამუშაოს მოსურნე კანდიდატებს გასაუბრებაზე პროვოკაციებს უწყობს, მათი რეაქციები რომ შეამოწმოს (როგორც წესი, ორიოდე წუთის მერე ხითხითს იწყებს და კანდიდატებს ეუბნება, რომ ეს უბრალოდ გამოცდა იყო). ოფისის დეკორაცია ექსცენტრიკულია – ისეთი ექსცენტრიკული სამუშაო რჩევებით მოფენილი, როგორიც, მაგალითად, ეს დევიზია, ასლის გადამღები დანადგარების ცენტრთან ახლო რომ კიდია: „დაფიქრდი, სანამ ამობეჭდავ და სანამ თანამშრომლებთან დაწვები“.
ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ერთმანეთთან მშვენიერ ჰარმონიაშია. ყოველ ზაფხულს ფრიდლენდი ერთ კვირას Burning Man-ის ფესტივალზე ატარებს. ნევადის უდაბნოში ვიზუალური ხელოვნების, სიშიშვლისა და მუსიკის ნაზავი სავაჭრო პალატის სოციალური ღონისძიების მისეულ ვერსიას წარმოადგენს. მარკეტინგის ახალი ხელმძღვანელი, დენიელ პორტო მონი „კადრების აგენტმა [მომიყვანა], რომელიც Burning Man-ზე გავიცანი“, – ამბობს ფრიდლენდი.
Build-ის თანამშრომლები მეამბოხე უფროსს ბაძავენ. ერთ მენეჯერს, მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე შინაური ბაყაყები ჰყავს, სხვებს ცხვირის რგოლები და ტატუები მოსწონთ. სამოტივაციო კონკურსები ახალგაზრდა თავგადასავლების მაძიებლებზეა ორიენტირებული, რომელთაც კარიბების კრუიზს $400-იანი GoPro კამერის მოგება ურჩევნიათ. კომპანიის არტკოლექცია პაპიე-მაშესგან დამზადებული, მოშარდვის პროცესში მყოფი მეძებარი ძაღლის ძეგლისაგან შედგება, რომელიც შესასვლელში დგას.
Wolseley-ის წარმომადგენლები ამას მშვიდად ეგუებიან. „ჩემი როლი ჩინეთის კედლის შენარჩუნებაში მდგომარეობდა ჩიკოსა და იმ ხალხს შორის, ვინც ცხვირის ჩაყოფა მოინდომა“, – იხსენებს ჯიმ ფელტმენი, Wolseley-ს მთავარი ამერიკული ფილიალის აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი, რომელიც 2007-დან 2014 წლამდე Build-ის თავმჯდომარედ მსახურობდა. Wolseley კულისებს მიღმა Build-ს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქონლის საწყობებისა და დისტრიბუციის ქსელის თვალსაზრისით, რაც Build-ს საშუალებას აძლევს, კლიენტთა შეკვეთები შეასრულოს. მაგრამ კორპორაციული კულტურის დახვეწის თვალსაზრისით, როგორც ფელტმენი ამბობს, „რა საჭირო Coca-Cola-ს რეცეპტის გაფუჭება?“
როგორც ანტრეპრენიორთა უმრავლესობამ, კრის ფრიდლენდმაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა თავისი ქაოსური ახალგაზრდული წარსული. საჯარო სკოლისთვის ზედმეტად დაუდგრომელმა, ბავშვობა ვიდში (კალიფორნია), ბუდისტი ბერის სწავლებებში გაატარა („დედაჩემი ჰიპი იყო“, – განმარტავს ის). ეს თავგადასავალი 13 წლის ასაკში დასრულდა, როცა ბერმა-მასწავლებელმა განაცხადა, რომ კრისი ორწლიანი საჯარო კოლეჯისთვის მზად იყო. სისკიუსის კოლეჯში ფრიდლენდი ისე სწრაფად დაეუფლა პროგრამირებას, რომ მალე უფროსი მოსწავლეების მასწავლებლად იქცა და ამაში ანაზღაურებასაც იღებდა. ზედმეტად ახალგაზრდა, წვეულებების აქტიური მონაწილეც გახდა და კონფლიქტშიც გაჰყო თავი, რომელიც კოლეჯის კომპიუტერული სისტემის დაჰაკვას ეხებოდა. „ბრალდება მომიხსნეს, მაგრამ ჭკუა ალბათ მაინც ვერ ვისწავლე“, – დაწერა მოგვიანებით თავის ონლაინბიოგრაფიაში.
ამას სხვა კოლეჯები და სამსახურები მოჰყვა. 22 წლისამ, როგორც იქნა, აიღო Chico State-ის დიპლომი პოლიტიკურ მეცნიერებაში იმ იმედით, რომ კრიმინალური ადვოკატი გახდებოდა. მაგრამ იურიდიული უნივერსიტეტის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ზედმეტად უღიმღამო ნიშნები აღმოაჩნდა. ამასობაში ფრიდლენდმა ბედი ყველაფრის გაყიდვაში მოსინჯა – მანქანებით დაწყებული, სესხის კონსულტაციით დამთავრებული. იცოდა, რომ გაყიდვა გამოსდიოდა. შრომას არ უშინდებოდა. მობეზრებული ჰქონდა ღარიბი ცხოვრება და უნდოდა, საკუთარი თავის უფროსი ყოფილიყო. უბრალოდ ისეთი ინდუსტრიის პოვნა იყო საჭირო, სადაც ექსცენტრიკული პერსონისთვის, ანუ მისთვის მოიძებნებოდა ადგილი.
„მოდი, მანქანების გაყიდვაზე მოგიყვებით, – ამბობს დღეს ფრიდლენდი და ხითხისგან თავს ძლივს იკავებს. – Wittmeier Chevrolet-ში ერთ წითელ პიჯაკსა და ნაგავ ჰალსტუხში გამოვცხადდი. 19 წლის ვიყავი. ბოსმა „სპენკი“ შემარქვა [როგორც შტერ ბავშვს ჰქვია „პატარა არამზადებში“]. ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ თავს ვერ გავართმევდი, მაგრამ წლის ბოლოს, ყველა სხვა ბიჭი ჩაფლავდა, მე კი კვლავ იქ ვიყავი და თვეში შვიდ-ათ მანქანას ვყიდდი“. ზოგჯერ ენერგიულმა, ზოგჯერ ანცმა და საჭირო დროს სერიოზულმა ფრიდლენდმა აღმოაჩინა, თუ როგორ უნდა მოერჯულებინა საკუთარი სტილი ისე, რომ ყოველ ახალ კლიენტთან კონტაქტი დაემყარებინა. „ეს ყველაზე ღირებული გაკვეთილი იყო გაყიდვების სფეროში, რაც კი ოდესმე მიმიღია“, – ამბობს ის.
1999 ფრიდლენდისთვის გარღვევის წელი აღმოჩნდა. მაღაზიის მენეჯერის ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში მუშაობისას (რაც სძულდა), ფრიდლენდი მიხვდა, რომ მის დამქირავებელს ინტერნეტვაჭრობის სტრატეგია არ ჰქონდა… თუმცა კი სიამოვნებით იქონიებდა. თვითონ ინდუსტრია – წყალგაყვანილობის სისტემების მომარაგება – აქ მთავარი არ იყო. დოტ-კომ-მანია მძვინვარებდა. ისეთი პირი უჩანდა, რომ ონლაინ ყველაფრის გაყიდვა იყო შესაძლებელი. ფრიდლენდმა და მისმა ძმაკაცმა Chico State-იდან, დევიდ ბოქტორმა, ონლაინმაღაზიის მოდელი შექმნეს და ჰკითხეს თავიანთ ბოსებს Slakey Brothers-ში, ხომ არ იყიდდნენ ამ ბიზნესის 40%-ს $40,000-ად. პასუხი იყო – არა.
ჰოდა, ფრიდლენდმა და ბოქტორმა თავად შექმნეს ონლაინმაღაზია. FaucetDirect-ი დაარქვეს და მაღაზია, ფიზიკურად, ფრიდლენდის ორსაძინებლიან ბინაში მოაწყვეს. ფული იმდენად ცოტა ჰქონათ, რომ როცა მათი ყალბი ტყავის მწვანე ტახტი გაიცრიცა, ფრიდლენდის ცოლმა ის შესაშხურებელი საღებავით გადაღება, მათთან მისულ მომმარაგებლებთან რომ არ შერცხვენილიყვნენ. ბანკები სავაჭრო სესხზე უარს ამბობდნენ. მერე რა. ფრიდლენდმა თავისი საკრედიტო ბარათების ლიმიტები ამოწურა, მაგრამ უკან ერთი წამითაც არ დაუხევია.
„ინტერნეტში ონკანების მეფეობას ვაპირებდი, – იხსენებს ფრიდლენდი. – ყველა ონკანის, ყველანირი კონფიგურაციის: ონკანების მთელი სამყარო ჩემი უნდა ყოფილიყო“. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, კომპანია ადგილობრივი რესურსის ხარჯზე გაეფართოებინა, ჰოდა, ბევრი თანამშრომელი ჩიკოს კომპიუტერული მაღაზიიდან, PC Install It-იდან დაიქირავა. პირად თანაშემწედ ამ მაღაზიის კომპიუტერული ტექნიკოსი, რაიან ბრიუერი მიიწვია. ფრიდლენდისთვის ე.წ. კომპანიონი ონლაინბიზნესის – VentingDirect-ის – შექმნის მიზნით, მაღაზიის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი, 17 წლის დენ დევისი დაიქირავეს. ორივე დღემდე ფრიდლენდთან მუშაობს. ბრიუერი ოპერაციების დირექტორია, დევისი კი ტექნიკური დირექტორი.
2006 წლისთვის ფრიდლენდის ბიზნესი (რომელსაც დღეს ImprovementDirect-ი ჰქვია) წელიწადში, წმინდა სახით, $50 მილიონზე მეტს წერდა. დრო დადგა ენახათ, ვენჩურ-კაპიტალისტები თუ დააჩქარებდნენ ამ ზრდას. ინფორმაციის ძიებისას ფრიდლენდს გაუმართლა და Bessemer-ისა და Sequoia Capital-ის მთავარი ბობოლები გაიცნო. დიდი დრო არ იყო გასული, რომ ფინანსიტები ჩიკოს პაწაწინა აეროპორტში დაფრინდნენ და ფრიდლენდს პირობები მიაჩეჩეს ხელში.
„მაგარი იყო… და ცოტა საშიშიც“, – იხსენებს ფრიდლენდი. Wolseley-მ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღება მოითხოვა, როცა კონტრწინადადებით წარდგა ფრიდლენდის წინაშე. უფრო ძუნწ პირობებს სთავაზობდნენ, ვიდრე ვენჩურ-კაპიტალისტები, მაგრამ გარანტიას იძლეოდნენ, რომ შესყიდვებსა და ლოგისტიკასთან დაკავშირებით უამრავ დახმარებას გაუწევდნენ. იმ დროისთვის Wolseley ფრიდლენდის შეკვეთების 30%-ის მომარაგებასა და გაგზავნაზე იყო პასუხისმგებელი, ამ დიდი კომპანიის წონა კი იმაზე მეტყველებდა, რომ თუ ფრიდლენდი არ დათანხმდებოდა, ეს ურთიერთობები აორთქლდებოდა. ფიქრში გატარებული ერთი ღამის შემდეგ ფრიდლენდი ჩაბარდა.
Wolseley-ს სამყაროში გაერთიანებამ დიდი რაოდენობით ჰარმონია მოიტანა და შიგადაშიგ – პატარ-პატარა უხერხულობები. ინვენტარი და გადაზიდვები მთლიანად Wolseley-მ აიღო თავის თავზე, რითაც ფრიდლენდის ჩიკოს საწარმოს საშუალება მისცა, უმეტესად პროგრამულ უზრუნველყოფასა და გაყიდვებზე ფოკუსირებულიყო და „მსუბუქი აქტივების მქონე“ ბიზნესი გამხდარიყო. 2009-ში ფრიდლენდმა კომპანიის რებრენდინგი განახორციელა და მას Build.com-ი დაარქვა; ეს მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც Wolseley-მ იყიდა კომპანია, რომელიც უფრო მიმზიდველი სახელის მქონე დომენს ფლობდა. გარდა ამისა, Wolseley-მ ფრიდლენდს უთხრა, რომ პოტენციური დაქირავებულებისთვის სავალდებულო ნარკოტესტირება უნდა შემოეღო (ასეთი შემოწმება ჩიკოს გახსნილ სოციალურ ნორმებს ეწინააღმდეგება). ფრიდლენდმა იპოვა გზა, რომ თავისი ევროპელი მფლობელებიც დაეკმაყოფილებინა და ადგილობრივი ადათებიც არ დაეზარალებინა. „როცა ვაკანსიებს ვაცხადებთ, – განმარტავს ფრიდლენდი, – ადამიანებს ვეუბნებით, რომ ნარკოშემოწმება მაშინვე შეუძლიათ, გაიარონ, მუშაობა კი ხვალ დაიწყონ, ან შეუძლიათ, ორი კვირა მოიცადონ და დაბრუნდნენ, მზად როცა იქნებიან. ამას IQ ტესტად აღვიქვამ. ნებისმიერი, ვინც ნარკოტესტირებას იმწამსვე გადის – და აფლავებს – საკმარისად ჭკვიანი არ არის, ჩვენთან რომ იმუშაოს“.
Build-ის მოტრფიალეთა შორის სიუზან ფიშერსაც შეხვდებით – მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტს ინდიანაპოლისში მდებარე Delta Faucet-იდან. მისი კომპანია $3,500-იან Brizo-ს საშხაპე სისტემებს აწარმოებს, რომელთაგან წყალი ისე ჩახლართულად მოედინება, რომ მათ დემონსტრირებას ათი წუთი თავისუფლად მიაქვს. როგორც წესი, ასეთი ძვირად ღირებული სიამტკბილობები მხოლოდ მაღაზიებში იყიდება. მაგრამ ფიშერის თქმით, Build-ის გაყიდვების ენერგიული გუნდი თითოეული კლიენტის მილებისა და სადინრების ასორტიმენტს იმდენად ნიჭიერად ფუთავს, რომ ეს საკმარისია, Build-ი „Brizo-ს უმსხვილეს დოტ-კომად“ იქცეს.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ფრიდლენდს იმის გადაწყვეტა მოუწევს, საკამარისი იქნება მისთვის თუ არა, რომ კვლავ გააგრძელოს Build-ის, როგორც მსხვილი ევროპული კომპანიის, გაფართოება. რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა ბოსმა, ჯიმ ფელტმენმა სცადა, დაერწმუნებინა Wolseley-ის აღმასრულებელი დირექტორი, იენ მიკინსი, რომ კარგი იქნებოდა, თუ Build-ს დამოუკიდებელ შვილობილ ბიზნესად აქცევდა… და ამით ალბათ გამოიხსნიდა კიდეც კომპანიის დატყვევებულ ღირებულებას. $1 მილიარდს ან მეტს ვგულისხმობთ. ამ საუბრებს შედეგი არ გამოუღია და ნაკლებად სავარაუდოა, კვლავ განახლდეს. „Build-ს ისეთ აქტივად არ აღვიქვამთ, რომელიც გვინდა, შვილობილ კომპანიად ვაქციოთ“, – ამბობს მაიკ ბრუკსი, Wolseley-ის ფერგიუსონის ფილიალის ინტერნეტვაჭრობის უფროსი, რომელიც Build-ის თავმჯდომარის როლსაც ითავსებს.
ე.წ. ანგელოზური ინვესტირება უფრო ნაყოფიერი გართობა გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ფრიდლენდი ნანობს, თავის დროზე ხელიდან რომ გაუშვა Instagram-ში ინვესტირების შანსი. „ჩემი ახალი წესია, – ამბობს ფრიდლენდი, – რომ თუ რაღაც გიჟივით ვითარდება და მე არ მესმის, როგორც შეიძლება, ეს ბიზნესი იყოს, წილი უნდა ვიყიდო“.
დიალოგიდან დიალოგამდე, ფრიდლენდი სულ იმ იდეას უბრუნდება, რომ ჩიკოში მან უკვე მიაგნო სამოთხეს. „მაგარი ადგილია, – ამბობს ის. – ქალაქში უზარმაზარი პარკი გვაქვს და მშვენიერი პატარა ცენტრალური უბანი. მე ამას პალო-ალტოს უფრო ღარიბულ და ნაკლებად წინწასულ ვერსიას ვეძახი. აქ 4,600-კვადრატულფუტიანი სახლი მაქვს, დაახლოებით $575,000 დამიჯდა. მსგავს სახლს პალო-ალტოში ათჯერ უფრო ძვირადაც კი ვერ იყიდი“.
და კიდევ: როცა ფრიდლენდი Chico State-ის კამპუსში ფეხს ადგამს, განსაკუთრებული რამ ხდება ხოლმე. „ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპიკერია, – ამბობს უნივერსიტეტის ანტრეპრენიორული სწავლებების პროგრამის ხელმძღვანელი, პიტერ სტრაუსი. – მედიდურობისა და თავმდაბლობის უჩვეულო კომბინაციას ფლობს. ამასთან, ჩვენი სტუდენტებისთვის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფაში ბადალი არა ჰყავს“. როცა ვთხოვთ, კამპუსში თავის ვიზიტებზე ისაუბრობს, ფრიდლენდი თვალს გვიკრავს: „მე Chico State-ის ელონ მასკი ვარ“.
დატოვე კომენტარი