სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რთველი 2017-ის ფარგლებში საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება აღარ მოხდება. ამასთან, მინისტრისთქმით, სუბსიდირება შესაძლოა რქაწითელზეც აღარ გავრცელდეს.
კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი ამბობს, რომ სუბსიდირება ან არცერთ კომპანიას არ უნდა ეხებოდეს, ან ყველას. მისი თქმით, საწარმოების ნაწილი ყურძენს ღვინის საწარმოებლად ყიდულობს, ნაწილი კი სპირტის, ამიტომ იმ ჯიშებზე, რომელზეც სუბსიდირება შენარჩუნდება, ის უნდა შეეხოს, როგორც ღვინოს, ასევე ბრენდსაც.
“სუბსიდირება არ არის ჯანსაღი პროცესი და სახელმწიფო ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს ამ პროცესიდან. სუბსიდია ან ყველას უნდა ეხებოდეს, ან არავის. თუ სახელმწიფო სუბსიდიაში დარჩება ის ყველა კომპანიას უნდა ეხებოდეს ვინც ყურძენს იბარებს. გლეხისთვის სულერთია, როდესაც ყურძენს ყიდის ის ღვინოსთვისაა თუ სპირტისთვის, ამიტომ სუბსიდია ან არავისთვის უნდა იყოს, ან ყველა კომპანიისთვის. სუბსიდია ჩვენ გვეხმარება, მაგრამ ეს არაა ჯანსაღი პროცესი. გლეხები პრაქტიკულად გათამამებულები არიან, რადგან მათ სახელმწიფო ფულს უხდის”, – ამბობს მარგველაშვილი.
კომპანია “უსახელაურის ვენახების” დამფუძნებელი პაატა შარაშენიძე ამბობს, რომ სუბსიდირება დარგზე ცუდად მოქმედებს, რადგან კონკრეტული ჯიშის ყურძნის მწარმოებლებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
“ჩვენი კომპანია უსახელაურს აწარმოებს და არასდროს შეგვხებია სუბსიდია. ამ დროს ხვანჭკარას აქვს სუბსიდია და ჩვენ ვიჩაგრებით. სამინისტროს გადაწყვეტილება წითელ ღვინოზე მაღალ მოთხოვნასაც უკავშირდება”, – ამბობს პაატა შარაშენიძე და განმარტავს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, წითელ ღვინოზე მოთხოვნა მეტად გაიზრდება, რადგან ჩინეთის ბაზარზეძირითადი მოთხოვნა წითელ ღვინოზეა.
დატოვე კომენტარი