მენეჯერის სახელმძღვანელო: ნეგატიური უკუკავშირი

მენეჯერის სახელმძღვანელო: ნეგატიური უკუკავშირი

დღეს ბიზნესს სჭირდება ლიდერი, რომელიც მოახერხებს, თანამშრომლების ზრდასა და განვითარებაზე იზრუნოს და, ნაცვლად უფროსისა, მათი ქოუჩი იყოს. ჩემი საავტორო სვეტების სერია სწორედ ამ უნარების განვითარებას ეძღვნება, რისთვისაც უკუკავშირის ხელოვნება უმნიშვნელოვანესია.  

[MAINPICTURE]

უარყოფითი უკუკავშირის მიცემა რაღაც ისეთის შესახებ, რაც გინდათ, რომ აღარ განმეორდეს – ეს ყველაზე დელიკატური სახის უკუკავშირია. ეს არის უკუკავშირი, რომელიც თქვენში ლიდერის უნარებს გააძლიერებს. ზოგს ეს ინსტინქტურად გამოსდის, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანს მისი სწავლა გვჭირდება. Leo Institute-ი ამ მიმართულებით განვითარებაში დაგეხმარებათ.

საიდუმლო ინგრედიენტი “წითელი ხაზია“. წითელი ხაზის ჩვენეული განმარტების თანახმად, თუ თანამშრომლები მას გადაკვეთენ, ამას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. შესაძლოა, ეს მცირე სანქციები იყოს, მაგალითად, პატარა ჯარიმა, კოლეგებისთვის ყავის ან საკვების ყიდვა, სამსახურში გვიანობამდე დარჩენა ანგარიშის დასასრულებლად, ან კი უფრო მსხვილი სანქციები, როგორიცაა სამსახურიდან გაშვება.

დაუთმეთ დრო იმის გადაწყვეტას, თუ რა სახის უნდა იყოს უარყოფითი შედეგები, რადგან სიტყვის შესრულება თქვენს ავტორიტეტს გააძლიერებს. თუ დაპირებული სანქციის გატარებას სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებთ, შესაძლოა, დანაპირები არც შეასრულოთ.

ცხადია, აქ უარყოფითი უკუკავშირის ყველა მახე უნდა გავითვალისწინოთ. მეტიც, სხვა დამატებით მახეებთანაც გვაქვს საქმე:

მახე 1: წითელი ხაზი არ არის ულტიმატუმი

რა სხვაობაა წითელ ხაზსა და ულტიმატუმს შორის? ორივე შემთხვევაში, საქმე გაქვთ წითელ ხაზთან და მის შედეგებთან, ასე რომ, შესაძლებელია, ისინი ერთმანეთში აგერიოთ და ბევრს ერევა კიდეც.

როცა გაბრაზებულები ან რეაქციულები ვართ, ულტიმატუმის ენით ლაპარაკს ვიწყებთ, ვინაიდან მოთმინების ფიალა ავსებული გვაქვს. სხვაობა წითელ ხაზთან შემდეგშია:

ა) განზრახვა: წითელი ხაზის შემთხვევაში, ჩვენ გარკვეულ დროს ვუთმობთ იმას, რომ საკუთარ თავში რაციონალური მხარე ვიპოვოთ მაშინაც კი, თუ გარეგნულად გაბრაზებულები ვჩანვართ. განზრახვა სხვა ადამიანის დასჯა კი არ უნდა იყოს, არამედ ის, რომ ამ ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობა გავაძლიეროთ.

ბ) წითელი ხაზისთვის მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ ემოციური ტვირთი ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე ცუდად აისახება, თუ ეს ადამიანი მას პატივს არ სცემს. ამის მკაფიო გაზიარება მას საშუალებას აძლევს, უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს თქვენთან. ჩვენ ვამბობთ, რომ ასე ურთიერთობასა და ადამიანს უკეთესს ვხდით.

გ) წითელი ხაზის გავლების განზრახვა ორ მიზანს ემსახურება: ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, პასუხისმგებლობიანი გახდეს და თქვენი ურთიერთობა ზედმეტი ტვირთის გარეშე ჩამოყალიბდეს.

დ) წითელი ხაზის ბოლო უპირატესობა ისაა, რომ ადამიანის შესახებ ცუდ წინასწარ განწყობას არ ვიქმნით. თქვენი წითელი ხაზის გაცხადებით, ადამიანს საშუალებას აძლევთ, გადაწყვიტოს და თქვენში უარყოფითი წინასწარი განწყობა არ გამოიწვიოს.

მახე 2: უკან დახევა წითელი ხაზის შემთხვევაში

ზოგჯერ ადამიანებს იმიტომ ვემუქრებით, რომ გვინდა, შეწყვიტონ კონკრეტული ქცევა, თუმცა როცა ამ საქციელს მაინც აგრძელებენ, შესაძლოა, არ ვიყოთ მზად, ის სანქცია ავამოქმედოთ, რომლის გამოყენებასაც მათ დავპირდით.

როგორ ფიქრობთ, როცა ასე ვიქცევით, ავტორიტეტს ვინარჩუნებთ ამ ადამიანის ან სხვა დაქვემდებარებულების თვალში? ეს არც მათთვისაა კარგი და არც თქვენთვის.

გამოძებნეთ დრო და წარმოიდგინეთ კონკრეტული სიტუაცია; იყავით მკაფიოები იმასთან დაკავშირებით, მართლაც შეგიძლიათ თუ არა სანქციის ამოქმედება, ვიდრე მის შესახებ ხმამაღლა განაცხადებდეთ. გირჩევთ, ეს ტექნიკა შვილებთანაც გამოიყენოთ. დროთა განმავლობაში, ეს მათში უსაფრთხოების განცდას გააღვივებს.

მახე 3: სათანადო ხმის ტონის არგამოყენება

თუ ადამიანმა რამდენიმე გაფრთხილება მიიღო, წითელ ხაზზე ლაპარაკი ტკბილი ხმით შეუძლებელი იქნება. სათანადო ხმის ტონში ჩვენ სიტუაციის შესაბამის ტონს ვგულისხმობთ: სიტუაციის კვალდაკვალ, თქვენ ეტაპობრივად შეგიძლიათ, ხმას აუწიოთ. გულში გახსოვდეთ, რომ თქვენ მათ აძლევთ არჩევანს, თქვენთან საუკეთესო შესაძლო ურთიერთობაში იყვნენ.

სამზადისი:

სანამ რამეს მოიმოქმედებდეთ, გაარკვიეთ, რა სახის ურთიერთობა გინდათ მათთან. არსებობს რაღაცები, რომელთა კეთებაც თუ არ შეწყვიტეს, თქვენთან ურთიერთობის შეწყვეტა მოუწევთ. თქვენ უნდა გააგებინოთ მათ, რომ აძლევთ შანსს, თქვენთან ურთიერთობა გააგრძელონ. გააგებინეთ, რომ არსებობს კარგი რაღაცები და მათ თუ გააკეთებენ, თქვენ მეტად იქნებით მოტივირებული, დააწინაუროთ ან უკეთესი ბონუსი მისცეთ. გააგებინეთ თქვენი მოლოდინების შესახებ, რომ თქვენ მათ აძლევთ შანსს, ცხოვრება გაიუმჯობესონ. თქვენ მათ კი არ ემუქრებით, არამედ ცდილობთ, უკეთესები გახადოთ.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ყოველთვის დაიწყეთ იმით, რაც ამ ადამიანთან, როგორც წესი, ეფექტიანია. ოღონდ ეს მართალი და გულწრფელი უნდა იყოს. თუ რაიმე კონკრეტულ სფეროში ამ ადამიანს უფრო მეტად ენდობით, ვიდრე საკუთარ თავს, გამოხატეთ ეს.

მიზანი სათქმელის შელამაზება კი არაა, არამედ თქვენი უარყოფითი უკუკავშირის უფრო გლობალურ კონტექსტში მოქცევა და იმისიც, რაზეც აღარ ხართ თანახმა. წინა მაგალითებს თუ გამოვიყენებთ, ეს ამდაგვარად შეიძლება, ჟღერდეს:

“ძალიან მომწონს, როგორც ესალმებით ჩვენს მომხმარებლებს, მე ასე კარგად ვერ ვიზამდი, მაგრამ თუ არ შეუსრულებთ მათ, რასაც დაჰპირდით, მაშინ მე [ვიზამ ამას და ამას]“ ან “მე მომიწევს [ამის და ამის გაკეთება]“.

“ვაფასებ, როგორც წერთ ანგარიშებს – სრულყოფილია, დეტალიზებული, მონაცემები კი გადამოწმებულია, მაგრამ ეს ანგარიშები ორი დღით ადრე მჭირდება. ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია? რა არის საჭირო, რომ შესაძლებელი გახდეს? იმიტომ რომ, სხვა შემთხვევაში, მე …“

“ძალიან ვაფასებ თქვენს წვლილს შეხვედრებზე, მაგრამ მინდა, შეწყვიტოთ სარკასტული კომენტარების კეთება. თუ კიდევ მოხდება ასე, თითო კომენტარისთვის $10-ით დაჯარიმდებით. თუ მაინც გაგრძელდება, მესამე ჯარიმა გაორმაგდება და ა.შ.“

არსებობს უამრავი უარყოფითი შედეგი, გნებავთ, სანქცია, რომელთა მოფიქრებაც თქვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული და რომლებიც მოცემული სიტუაციითა და თქვენთვის სასურველი შედეგით არის განპირობებული. მოხარულები ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენთან მოსაზრებები გავცვალოთ, თუ დაგჭირდებათ.

მომდევნო საავტორო სვეტში უკუკავშირის მიღებაზე ვისაუბრებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *