დაზღვევის სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელთათვის ახალი პროდუქტების შეთავაზებებთან ერთად, თანამშრომლებზე ზრუნვას განაგრძობს. „მენტალური შვებულება“ „თიბისი დაზღვევის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 27 მარტიდან ამოქმედდა და მიზნად თანამშრომლებისთვის, პროდუქტიულთან ერთად, სასიამოვნო გარემოს შექმნას ისახავს.
ამ შეთავაზებით, თანამშრომლებს წელიწადში სტანდარტული 24-დღიანი დასვენებისა და კვარტალური დეი-ოფების” გარდა, დამატებით 5-დღიანი მენტალური შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ. ამგვარად, „თიბისი დაზღვევა“ საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამ მიმართულებით საერთაშორისო მეგაკომპანიების კორპორაციული გამოცდილება გაიზიარა და ბაზარზე დასაქმებულებისთვის „მენტალური შვებულების“ ცნება და პრაქტიკა გააჩინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ „თიბისი დაზღვევა“ ასევე პირველი კომპანია იყო, რომელმაც პანდემიის შემდგომ პერიოდში მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვნად მიიჩნია და მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა დაამატა. მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის შემდეგ კი „თიბისი დაზღვევამ“ კორპორაციული ზრუნვის კომპონენტიც გაააქტიურა.
რატომ და როდის დაიწყო ამ სიახლეზე მუშაობა კომპანიაში, როგორ მიიღო ეს შეთავაზება სადაზღვევო კომპანიის 500-მდე დასაქმებულმა, რა მოლოდინები აქვთ სიახლის დანერგვისას „თიბისი დაზღვევაში“ – ამ და სხვა კითხვებს, კომპანიის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსმა თეა მახარაძემ უპასუხა.
– თეა, საიდან გაჩნდა თანამშრომლებისთვის „მენტალური შვებულების“ შეთავაზების იდეა და რას ეფუძნება თქვენი გადაწყვეტილება?
ჩვენ, როგორც მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ კომპანიას, გვინდოდა, კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე და ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვექმნა გარემო, სადაც მათი საქმიანობა ერთნაირად სასარგებლო და კომფორტული იქნებოდა. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ყოველთვის ვცდილობთ, ამ მიმართულებით აქტიურები ვიყოთ და სიახლეები დავნერგოთ. გასულ წელს კომპანიის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვისას ვფიქრობდით – რისი გაკეთება შეგვეძლო თანამშრომლებისთვის? სიახლეზე ფიქრისას, მთავარი მოტივატორი სწორედ თანამშრომლებზე ზრუნვა იყო. მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევის მხრივ ჩვენ გარკვეული პოზიტიური გამოცდილება ამ პროდუქტის მომხმარებლისთვის შეთავაზებით უკვე გვქონდა და ამიტომ საერთაშორისო პრაქტიკის მოკვლევა დავიწყეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს კორპორაციების შიგნით „მენტალური შვებულება“. ჩვენთვის დიდი აღმოჩენა იყო იმის გარკვევა, რომ მსგავსი ტიპის შეთავაზება და გამოცდილება მსოფლიოში სულ რამდენიმე კომპანიას ჰქონდა, როგორებიც არიან: LinkedIn-ი, Nike-ი, Google-ი. ისიც ცხადი გახდა, რომ საქართველოში ამგვარი პრაქტიკა არავის ჰქონდა და ამ ცნობილი ბრენდების შემდეგ რეგიონში პირველები ვიქნებოდით, ვინც თანამშრომლებზე ზრუნვის მიზნით „მენტალურ შვებულებას“ დანერგავდა.
– „მენტალური შვებულებით“ სარგებლობა თქვენს თანამშრომლებს 27 მარტიდან უკვე შეუძლიათ. როგორი იყო მათი რეაქცია ამ სიახლის გაცნობის შემდეგ და როგორია მოთხოვნა დამატებით საშვებულებო დღეებზე?
კომპანიის კორპორაციული კულტურის მიხედვით, სიახლეების დანერგვისას ამ ინფორმაციას, პირველ რიგში, თანამშრომლებს ვაცნობთ ხოლმე. ჩვენ მათ დეტალურად ავუხსენით, რას ნიშნავს ეს შეთავაზება და რა ბენეფიტების მიღება შეუძლიათ. დღემდე მათთვის გაზიარებული სიახლეებიდან, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ „მენტალური შვებულების“ შეთავაზებამ ყველაზე დადებითი შეფასება დაიმსახურა. სამმა თანამშრომელმა დამატებითი შვებულებით სარგებლობის სურვილი მის ამოქმედებამდე გამოთქვა და განაცხადიც გააკეთა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს თანამშრომლებს შვებულების დამატებითი 5 დღით სარგებლობა როგორც ერთიანად, ასევე სხვადასხვა პერიოდში ცალკეული დღეების გამოყენებით, მათი სურვილის მიხედვით შეუძლიათ. ჩვენი მხრიდან მათ გავუწევთ რეკომენდაციას, როგორ გამოიყენონ საუკეთესოდ ეს შეთავაზება – მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კურსები მენტალური განტვირთვისთვის, სხვადასხვა გაცნობიერების პრაქტიკა, რომლებიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში აქტიურად ტარდება. ამ სახის ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით და, უპირველეს ყოვლისა, თავისი თავისთვის ამ პერიოდის გაცნობიერებულ გამოყენებაში დავეხმარებით.
– ახალ შეთავაზებაზე საუბრისას აქცენტს თანამშრომლების მიერ მიღებულ ბენეფიტებზე აკეთებთ, თუმცა რას ნიშნავს ამგვარი სიახლეები და გადაწყვეტები თავად კომპანიისთვის? როგორ იმუშავებს ეს შეთავაზება კომპანიისთვის?
ველით, რომ ეს შეთავაზება „თიბისი დაზღვევის“ თანამშრომლებს კიდევ უფრო წაახალისებს და კიდევ უფრო ჩართულს და მოტივირებულს გახდის. მენტალური ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი ეს დღეები იმის დასტურია, რომ კომპანია რეალურად ზრუნავს თანამშრომლებზე, რომლებიც კომპანიისთვის მნიშვნელოვანნი არიან. ამგვარად, დასაქმებულებიც მეტად აფასებენ კომპანიას, უფრო მეტი ემოციური ბმა და დადებითი განწყობა უჩნდებათ, რაც მათი მუშაობის ეფექტიანობაზე პოზიტიურად აისახება და დამსაქმებელთან თანამშრომლობას ხანგრძლივი პერსპექტივით უყურებენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები იყვნენ პროფესიონალები, მეორე მხრივ კი – ბედნიერნი. ჩვენ ვზრუნავთ როგორც ემოციურ, ასევე კომპეტენციის ნაწილზე და ამ პრიზმაში ვუყურებთ იმას, რომ ნებისმიერი ჩვენი ქმედება ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
– ქვეყანასა და რეგიონში პირველები ხართ, ვინც „მენტალური შვებულების“ კორპორაციული პრაქტიკა შემოიტანა. რამდენად მზად არიან სიახლის მისაღებად ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილით რა ცვლილებების მოლოდინი გაქვთ?
მენტალური ჯანმრთელობისთვის გამოყოფილ დასვენების დღეებს, ვფიქრობ, კომპანიებისთვის წამახალისებელი ეფექტი ექნება. ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორში კორპორაციული კულტურა განვითარდა. შესაძლოა, მოწინავე კომპანიები „მენტალური შვებულების“ დანერგვის კუთხითაც გააქტიურდნენ. ასევე შეიძლება, ამ ფუნდამენტზე დაფუძნებული თანამშრომლებზე ზრუნვის სხვა ფორმაც მოიფიქრონ.
„თიბისი დაზღვევაში“ მსგავსი არაერთი ინიციატივა გვქონია, იგივე „ბედნიერი პარასკევი“, რომელიც შემდგომში კომპანიებისთვის სხვადასხვა აქტივობის წამახალისებელი აღმოჩნდა, ბევრი კომპანია 4-დღიან სამუშაო გრაფიკზეც კი გადავიდა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი მიდგომებით კომპანიები ერთმანეთს ვზრდით და ვავითარებთ. გამიხარდება, თუ „მენტალური შვებულება“ წარმატებული პროექტი იქნება და ბევრი კომპანიისთვის მოტივაციის გაზრდის საწინდარი გახდება. S
დატოვე კომენტარი