ზურაბ ბუბუტეიშვილი “სარაჯიშვილის” საუკუნოვან მეურნეობას ყველაზე რთულ დროს ჩაუდგა სათავეში – 2006 წელს, როცა ინდუსტრია რუსეთის ემბარგომ დაანგრია. “სარაჯიშვილის” გაყიდვები 70%-ით შემცირდა, თუმცა თამამი გადაწყვეტილებების, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ახალი, კრეატიული სტრატეგიის საშუალებით, დღეს კომპანია რამდენჯერმე უფრო ძლიერია, ვიდრე ემბარგომდე იყო.
დაუჯერებელი რამ გადამხდა. სამოთხეში მოვხვდი! – გაჩერებულ დროს თვალი გავუსწორე და ანგელოზების წილი ანაორთქლი შევისუნთქე. ნუ შეშინდებით, ჩემს თავს ყველაფერი კარგადაა, არც გონება დამიკარგავს და ამ ქვეყნის ნოყიერ მიწაზეც შეძლებისდაგვარად მყარად დავაბიჯებ, მაგრამ ნურც ისე იფიქრებთ, თითქოს რამეს ვაჭარბებდე.
სანამ თავხედობისთვის დამსახურებულად განმსჯიდეთ, ნება მიბოძეთ განვმარტო – მე იმ სამოთხეზე არ გესაუბრებით, სადაც შებიჯების პრივილეგია, როგორც წესი, ამქვეყნიური ვნებების დამთრგუნველ ერთეულებს ენიჭებათ. უფრო პირიქით: სამოთხეში, რომელშიც მე გახლდით, იმათ უფრო მიესვლებათ, ვისაც განსაკუთრებით უყვართ ამქვეყნიური სიამოვნების მათრობელა არომატი, ან მეტიც – უშუალოდ გახლავან მისი შემოქმედები. საქმე ისაა, რომ სწორედ ასე ეწოდება ადგილს, სადაც კონიაკის დიდი ტრადიციის მქონე სახლები თავიანთ უძველეს და უძვირფასეს სპირტებს ინახავენ – სამოთხე – le Paradis.
36 წლის ზურაბ ბუბუტეიშვილი მხნედ, მაგრამ, ამავდროულად, შესამჩნევი რუდუნებით დააბიჯებს მუხის კასრთა ხშირ რიგებს შორის, თითქოს ცდილობს, ვინმეს ან რამეს ძილი არ დაუფრთხოს. საინტერესო სცენაა: წესით, მას “სარაჯიშვილში” არავისთან უნდა მართებდეს რიდი, როგორც სხვა ნებისმიერ მმართველს, რომელიც რომელიმე კომპანიის უმაღლეს თანამდებობას იკავებს, მით უმეტეს, რომ “სარაჯიშვილი” ზურაბ ბუბუტეიშვილისთვის მხოლოდ სამსახური კი არა – საგვარეულო სახლიცაა (მისი ოჯახი ქარხნის ტერიტორიაზე განლაგებულ ერთ-ერთი ოთხსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მოწყობილ აპარტამენტში ცხოვრობს, დანარჩენი სამი სართული კი ადმინისტრაციულ ოფისებს ეთმობა). თუმცა “სამოთხეში” შებიჯებისთანავე მისი ხმა დაბლდება, ნაბიჯები კი მსუბუქდება. შეიძლება სხვა თანამშრომლებისთვის იგი უფროსია, მაგრამ როგორც კი იმ კასრებს ვუახლოვდებით, რომლებშიც 40, 50, 70 წლის მთვლემარე სპირტები მწიფდება, ზურაბ ბუბუტეიშვილი რაღაც მასზე უფრო დიდის მორიდებულ ქვეშევრდომად გარდაისახება. აღმასრულებელი დირექტორის უეცარმა გარდასახვამ ერთი ბიზნესტრუიზმი გამახსენა – მმართველი საქმეს მართავს, ლიდერი კი მიუძღვება და ემსახურება. “საქმეს ემსახურება” – ამ გამოთქმის მნიშვნელობა, მთელი მისი სისავსით, იქ მყოფებზე მინიმუმ ორჯერ უფრო ასაკოვან კასრებს შორის გახდა განსაკუთრებით თვალსაჩინო.
სხვაგვარად არც შეიძლება. “სარაჯიშვილი” ხომ მხოლოდ ბიზნესი არაა, იგი ისტორიაცაა. Forbes Georgia, რა თქმა უნდა, პირველად არ წერს კომპანიაზე, რომლის დამაარსებელიც – ბიზნესმენი და მეცენატი დავით სარაჯიშვილი – აუცილებლად დაიმსახურებდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მოხვედრას, რადგან მისი კაპიტალი, დღევანდელი გათვლებით მილიარდის აშშ დოლარის ეკვივალენტს აჭარბებს. რაც შეეხება უშუალოდ მის მიერ შექმნილ ბრენდს – 1887 წელს თბილისში გახსნილი ქარხანა პირველი კონიაკის ქარხანა იყო რუსეთის იმპერიის მასშტაბით, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ნედლეულზე მუშაობდა და მას შემდეგ, რაც სარაჯიშვილის კონიაკის დახვეწილი სურნელი საიმპერატორო კარსაც კი მისწვდა, მისი ქსელი მთელ იმპერიაში განიტოტა. სხვათა შორის, დასავლეთში, კონიაკის მოყვარულთა სამყაროში, ერთი ასეთი ლეგენდაც არსებობს: როდესაც 1917 წელს ბოლშევიკებმა პეტერბურგის ზამთრის სასახლე დაიკავეს, რევოლუციამ ერთკვირიანი იძულებითი პაუზა აიღო, რადგან აჯანყებულები იმპერატორის კონიაკის კოლექციას მიეძალნენო.
სფეროს პროფესიონალებთან გაუგებრობები რომ თავიდან ავიცილოთ, აქვე აუცილებელია განიმარტოს, რომ სარაჯიშვილი არ არის “კონიაკი” კლასიკური გაგებით. ტექნოლოგია აბსოლუტურად კლასიკურია, მაგრამ მოგეხსენებათ ფრანგების აროგანტული ხასიათი – შანსს არ უშვებენ, საკუთარი განსაკუთრებულობა წარმოაჩინონ – განსაკუთრებით მაშინ, თუკი საქმე სასმელს უკავშირდება. შედეგად, “კონიაკის” იურიდიული სტატუსი არავის აძლევს უფლებას, ეს სახელდება გამოიყენოს, თუკი ბრენდი ყურძნის იმ მოსავლით არ გამოიხადა, რომელიც ქალაქ კონიაკის მიმდებარე რეგიონში მოდის. “სარაჯიშვილიც” არა კონიაკის, არამედ ბრენდის სახელით გადის ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ პეტერბურგში, მიუნხენში, ჰაიდელბერგში, ჰოენჰაიმში, ჰალეში, დაბოლოს, საფრანგეთის მევენახეობა-მეღვინეობის უმაღლეს სკოლაში განათლებამიღებულმა დავით სარაჯიშვილმა მეცნიერულად დაასაბუთა, რომ შესაბამის ნიადაგზე და კლიმატურ პირობებში მოყვანილი ზოგიერთი ქართული ყურძნის ჯიში თავისი მახასიათებლებით ძალიან ახლოსაა იმ ფრანგულ ჯიშებთან, რომელთაგანაც საკონიაკე სპირტი იხდება.
მაშ რატომაა “სარაჯიშვილი” ბრენდი და არა კონიაკი? საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ბუნებრივი კლიმატურ-ნიადაგური თავისებურებები, აბორიგენული ვაზის ჯიშები, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ყველა იმ აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს, რაც უმაღლესი ხარისხის კონიაკის წარმოებას სჭირდება, მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ ისტორიულ ბრენდს ეხება, როგორიც “სარაჯიშვილია” (2005 წელს “სარაჯიშვილი” პირველი კონიაკის მწარმოებელი კომპანია გახდა ამიერკავკასიაში, რომელსაც ISO 9001 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიენიჭა), მაგრამ, როგორც ფრანგები იტყოდნენ, A tout pourquoi il y a parce que – ყველა “რატომ”-ს თავისი “იმიტომ” მოეძებნება.
საბოლოო ჯამში, გამოდის, ერთადერთი და ყველაზე სერიოზული დამაბრკოლებელი გარემოება საერთაშორისო ბაზარზე “სარაჯიშვილის” პროდუქტის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით არის არა გემოვნური ხარვეზები, არამედ ის, რომ სარაჯიშვილს არა აქვს უფლება, სიტყვა “კონიაკი” გამოიყენოს.
“ღირებულება იგივე გაქვს, მაგრამ იმავე ფასს ვერ ვაწერთ სახელდების გამო. იძულებულნი ვართ, ბრენდის სახელით კატეგორიზდეს”, – წუხს ზურაბ ბუბუტეიშვილი. ვერ ვიტყვი, რომ კონიაკის მოყვარულთათვის ეს ცუდი ამბავია: ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ყველაზე ელიტარული კონიაკის ბრენდების გემოვნური ეკვივალენტი შედარებით იაფად შევიძინოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “სარაჯიშვილს” დამსახურებული პატივი არ უნდა მივაგოთ – უფრო პირიქით. ჰოდა, მეგობრებო, ფრანგებთან ბოდიში, მაგრამ ჩემს ტექსტში “სარაჯიშვილს” მოვიხსენიებ სახელით, რომელიც ასოციირდება ელეგანტურობასთან, ფუფუნებასთან, რაფინირებულობასა და დახვეწილობასთან – კონიაკი. რატომ? – იმიტომ!
როგორც Forbes-ის წინა ნომერში ვთქვით, ამ უძველესმა ქართულმა ბრენდმა, რომელიც ოდითგანვე ინოვაციურობით გამოირჩეოდა, იგივე გზა გამოიარა, რაც თავად ქვეყანამ (სარაჯიშვილის სამარკო ნიშანი – ჯიხვი – რომლის ვარიაციასაც კომპანია დღესაც იყენებს, ერთ-ერთი უძველესი “ლოგოა” მსოფლიოში, ხოლო საუკუნის წინანდელი სარეკლამო აფიშა, რომელზეც კონიაკის ბოთლით ხელდამშვენებული არისტოკრატი ბანოვანია გამოსახული – “სარეკლამო სახის” კონცეფციის ერთ-ერთი პირველი თვალსაჩინო ნიმუში). პარალელი აშკარაა: კომპანია, ისევე როგორც ქვეყანა, ჯერ რუსეთის იმპერიის მიერ იყო გათავისებული და მოუსვენრად ეძებდა გზას დანარჩენი სამყაროსთვის თავის წარსადგენად. ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც: 1889 –1912 სარაჯიშვილის კონიაკი დაჯილდოვდა ოქროს მედლებით პარიზის, ბრიუსელის, ჩიკაგოსა და სხვა გამოჩენილ საერთაშორისო კონკურსებზე. შემდეგ საბჭოთა საზღვრებში ჩაკეტილმა და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში “თბილისის კონიაკის ქარხნად” გადანათლულმა, სხვადასხვა პროფესიონალის ხელში, რომლებიც ტექნოლოგიურ პროცესს უძღვებოდნენ, უნიკალური სპირტების რეზერვების შექმნა და საკუთარი ტრადიციების ერთგულება განაგრძო, ბოლოს კი, 1994 წელს, ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად, კერძო საკუთრებაში გადასულმა, სახელი დაიბრუნა და ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურის გამდიდრებას შეუდგა.
“კომუნისტებმა სარაჯიშვილის სახელი მოაშორეს კონიაკს, – ამბობს გენერალური დირექტორი. – მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, სულ 20 წელი გავიდა. ეს პატარა დროა ამ ინდუსტრიაში სახელის დამკვიდრებისთვის, პატარა დროა, რომ ბრენდი “სარაჯიშვილი” გახდეს ისეთი პოპულარული, როგორიც უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ამ წყვეტის გარეშე “სარაჯიშვილი” გაცილებით ცნობადი იქნებოდა”.
ზურაბ ბუბუტეიშვილის ბიოგრაფია ისევე მჭიდროდაა დაკავშირებული “სარაჯიშვილთან”, როგორც სარაჯიშვილის ბიოგრაფია – ქვეყნის ისტორიასთან. ალბათ ამიტომაცაა, რომ იგი კომპანიის მიღმა საკუთარ ცხოვრებაზე თითქმის არ საუბრობს. გარდა იმისა, რომ ჰყავს მეუღლე და 17 წლის ქალიშვილი, ერთადერთი, რაც გამოვტყუე, ის იყო, რომ წყლის თხილამურებითაა გატაცებული და თბილისის ზღვაზე საკუთარი კატერი აქვს – “დღის ძირითად ნაწილს სამსახურში ვატარებ, მაგრამ როცა ვახერხებ, შესვენების დრო როცა მაქვს, სასრიალოდ მივდივარ”, – ამით შემოიფარგლა. აჰ, და კიდევ ერთი ექსტრაორდინარული ფაქტი: ზურაბ ბუბუტეიშვილი ხორვატიის საპატიო კონსულია. როგორ მოხდა ეს ამბავი, მოგვიანებით, “სარაჯიშვილზე” საუბარს რომ მოვრჩებით, მერე მოგიყვებიო – მითხრა, მაგრამ აღარ გახსენებია. ცოდვა გამხელილი ჯობს და გამოვტყდები, მეც არ გამომიდია დიდად თავი. მაგრამ აქაც, სანამ განმსჯიდეთ, მიზეზიც შეისმინეთ, რომელიც, ვფიქრობ, ფრიად საპატიოა – პირადად დავით სარაჯიშვილის მიერ დაყენებული 122 წლის საკონიაკე სპირტის განსაცვიფრებელი არომატით (და ამდენადვე მისი დეგუსტაციის პრივილეგიით) გაბრუებულს ინტერვიუს ბოლოსკენ ხორვატია კი არა, დედასამშობლოც არ მახსოვდა. ვგონებ, მომიტევებთ ამ მცირე დაუდევრობას იმ დათქმით, რომ მე, ჩემი მხრივ, შევეცდები დავახასიათო გასაოგნებელი გემო, რომელიც ახლაც ენის წვერზე მადგას და ერთი სული აქვს, იქიდან ასხლეტილი თქვენამდე როდის მოაღწევს. ილტვის, რადგან ასეთია ბუნება მისი – ყოვლისმომცველი, ყოვლისმპყრობელი, მხურვალე და ტკბილი, როგორც გრძნობა, რომელსაც ფსკერი არ უჩანს და მასში მომზირალნი, მხოლოდ ჩვენი ჩურჩულის ხმამაღალი ექოთი ვხვდებით, თუ რა ღრმაა იგი. ყველას არ უწერია, დროის ტყვიაგაუმტარი ბედნიერება იგემოს, მაგრამ ვინც ხელმომჭირნე ბედს მას მუჭიდან გამოსტაცებს – თუნდაც წუთით, თუნდაც წამით – ის ჩათვლის, რომ იცხოვრა. აი, ხომ გესმით, შემთხვევითი გახსენებაც კი საკმარისია, რომ თავით გადავეშვა ხავერდოვანი ნეტარების ორომტრიალში, რომლის კუპაჟის ერთი ბოთლი $10-15 ათასად ფასობს. თქვენ კიდევ – ხორვატიაო. ამიტომ ჯობს აქ გავჩერდეთ და კვლავ ამ საუკუნოვანი განძის მცველს დავუბრუნდეთ.
ზურაბ ბუბუტეიშვილი აგრძელებს ჩემს მეგზურობას “სამოთხეში”. მუხის კასრების რიგთა მიღმა შუშის სათავსოებია, რომლებშიც განსაკუთრებული სიძველის სითხეები ასხია. ზოგიერთი მათგანის ასაკი საუკუნეს აღემატება. ისინი მეტისმეტად ძველია იმისათვის, რომ კასრში დარჩნენ. განსხვავებით იმ სამოთხისგან, რომელში შესვლასაც გარდაცვალების შემდეგ იმედოვნებენ, სარაჯიშვილის le Paradis-ი ის ადგილია, სადაც კონიაკები დაბადებას ელიან.
ამ რამდენიმე სარდაფში, სარაჯიშვილის მოხუც ტექნოლოგთა მუდმივი მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ – მათგან ყველაზე მხცოვანი 51 წელია, რაც ქარხნის უზარმაზარ ფლიგელებს შორის კასრებს დააგორებს, მთავარი ტექნოლოგი კი 30 წელია, “სარაჯიშვილს” ემსახურება – ახალგაზრდა სპირტი რამდენიმე ათეული წელი უნდა ელოდოს, სანამ განდიდებულ სითხედ იქცევა. წელიწადში მისი 3% კასრიდან უბრალოდ ორთქლდება, ამიტომ სათავსოები მუდმივად გაჟღენთილია ნატიფი არომატით, განსაკუთრებით კი ორშაბათობით, რადგან შაბათ-კვირას, დასვენების დღეებში, სარდაფის კარი დაგმანულია. ამ ანაორთქლს ფრანგებმა, ჩვეულებისამებრ, პოეტური სახელი მოუძებნეს – “ანგელოზის წილი”. ანგელოზებს აშკარად მოსწონთ ეს სასმელი. რომ დავუფიქრდეთ, მათი დაწყურება კონიაკის მწარმოებლებს საკმაოდ ძვირიც უჯდებათ – წლის განმავლობაში ათიათასობით ბოთლის სამყოფი ძვირფასი სპირტის ფასი, მაგრამ სხვანაირად აბა, როგორ. ანგელოზები ხომ კონიაკს მის უმთავრეს ინგრედიენტს აჩუქებენ – დროს.
შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ ბუბუტეიშვილის ყმაწვილკაცობამ კონიაკის მოყვარულ ანგელოზთა კომპანიაში განვლო. პრივატიზაციის შემდეგ “სარაჯიშვილი” ბატონი ზურაბის მამის, ელგუჯა ბუბუტეიშვილის მფლობელობაში მოექცა. “სარაჯიშვილის” გენერალური დირექტორი განათლებით სახელმწიფო მოხელეა – საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში და 1998 წელს, სწავლის დამთავრებისთანავე, მამის ბიზნესში ჩაერთო: “18 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე. პოზიცია არ მქონდა. დავდიოდი, მამას ვეხმარებოდი. ამის შემდეგ თითქმის ყველა პოზიცია გავიარე – გაყიდვების სამსახური, მარკეტინგი, სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორატის წევრობა, ნელ-ნელა ხდებოდა პოზიციების გამაგრება და 2006 წლიდან სრულიად გადმოვიბარე კომპანიის მართვა”, – ამბობს იგი.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად 2006 წელს იწყება კომპანიის რებრენდინგი და “სარაჯიშვილის” სახელის გაძლიერება. უკანა პლანზე გადაიწია ისეთმა მეორადმა ბრენდებმა, როგორიცაა“ენისელი”, “ვარციხე” “გრემი”. ეს სახელები შეესატყვისებოდა საქართველოს მეღვინეობის მიკროზონებს. აღნიშნული დასახელებები ხშირ შემთხვევაში გაუგებრობას ქმნიდა საერთაშორისო ასპარეზზე, რის გამოც გადაწყდა, ისინი მთლიანად ამოღებულიყო პროდუქციის ხაზიდან. სამაგიეროდ, კომპანია მიჰყვა საერთაშორისოდ აპრობირებულ პრაქტიკას და აბრევიატურები VS, VSOP და XO შემოიღო.
დრო, როდესაც ზურაბ ბუბუტეიშვილმა კომპანიის მართვის სადავეები გადაიბარა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო “სარაჯიშვილის” ისტორიაში. 2006 წელს რუსეთის ემბარგომ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბევრი კომპანია გააკოტრა, ხოლო “სარაჯიშვილის” გაყიდვების მაჩვენებელი 70%-ით შეამცირა. ამის შემდეგ დღის წესრიგში აუცილებლად დადგებოდა უცხოურ ბაზრებზე გასვლის ახალი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა. ახალი გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, “სარაჯიშვილმა” მოახერხა კრიტიკულ ვითარებაში ძალებისა და რესურსების კონსოლიდირება და მცირე პერიოდში შეძლო არა თუ თავი დაეღწია ამ კრიზისისთვის, არამედ კიდევ უფრო გაძლიერებულიყო. რებრენდინგისა და პროდუქციის დასახელებების საერთაშორისო აბრევიატურებზე გადაყვანის გარდა, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიცირება და სრულიად ახალი, კომერციულად გამართლებული პროექტების განხორციელება მოხერხდა. “როცა რუსეთის ბაზარი დაიკეტა, მთელი ჩვენი რესურსები გადავრთეთ ევროპისკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, ჩინეთისკენ, – იხსენებს “სარაჯიშვილის” მმართველი. – “ვარციხე”, “გრემი”, “ენისელი” პოსტსაბჭოთა ბაზრებისთვის კი იყო ცნობილი, მაგრამ ევროპაში “ვარციხე” რომ აუხსნა, ძალიან რთულია. ეს ქვებრენდები სულ ამოვიღეთ და მხოლოდ “სარაჯიშვილის” სახელის დამკვიდრება დავიწყეთ. ძალიან დიდი კამათი იყო წლების განმავლობაში შემდგარი სახელების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ რთულ ვითარებაში. დიდი რისკი გავწიეთ ახალი პროდუქტით შესვლით. თუმცა ამან საკმაოდ დიდი შედეგი მოიტანა”.
“სარაჯიშვილის” ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობიდან გამომდინარე, წარმომიდგენია, რა რთულია, ცივი გონებით გაუძღვე საქმეს და ბიზნესის თანამდევი მუდმივი რისკი გასწიო. მით უმეტეს, რთულია რადიკალური ზომების მიღება, როცა რაღაც უფრო დიდთან გაქვს საქმე, ვიდრე უბრალოდ ბიზნესია. “ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, – დამეთანხმა ზურაბ ბუბუტეიშვილი. – აი, მაგალითად, 2015 წელს გვინდა ახალი სარეკლამო კამპანია წარვმართოთ და ამასაც კი განუზომლად ფაქიზად ვუდგებით”. თუმცა, ჩანს, გაათმაგებული პასუხისმგებლობა და “შვიდჯერ გაზომვისა და ერთხელ გაჭრის” პრინციპის ერთგულება კომპანიას მოუქნელად არ აქცევს. პირიქით, “სარაჯიშვილი” საოცრად მობილურია, სწრაფად ადაპტირდება ბაზრის გამოწვევების მიმართ, წარმოებაში თუ პოზიციონირებაში მუდმივი სიახლეებით გამოირჩევა და სწრაფად იზრდება როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრებზე.
დღეს კომპანია “სარაჯიშვილი” კონიაკის ინდუსტრიის ლიდერია ქვეყანაში და ბაზრის 70% უჭირავს. რაც შეეხება ექსპორტს, პროდუქცია 20-მდე ქვეყანაში გადის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ჩინეთში. “სარაჯიშვილმა” ახლახან გაიმარჯვა კანადის სახელმწიფო მონოპოლიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის შედეგადაც 2015 წლის გაზაფხულიდან კანადელი მომხმარებელიც შეძლებს პროდუქციის დაგემოვნებას. იგეგმება აზიური ქვეყნების მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურება.
“ჩინეთი არის ძალიან საინტერესო ბაზარი. სწრაფად ვითარდება. ცოტა გვეშინია კიდეც, სულ არ დაგვცალონ, – ხუმრობს ახალგაზრდა დირექტორი. – ძირითადად VSOP და XO მიდის იქ. უცნაურია, ასეთი მაღალი რანგის კონიაკებს “სპრაიტში” ურევენ და ისე სვამენ”.
ჩინეთში “სარაჯიშვილმა” დაახლოებით 25 000 ბოთლი XO გაიტანა შარშან, მომავალ წელს კი ამ მიმართულებით ზრდას ელოდებიან. რაც შეეხება საექსპორტო და შიდა ბაზრების მოცვას, თუკი რუსეთის ემბარგომდე ბაზარზე 2,5 მილიონი ბოთლი “სარაჯიშვილი” გადიოდა, დღეს რიცხვი 5 მილიონს აღემატება. მათ შორისაა განსაკუთრებულად ძვირფასი მარკებიც, რომელთა თითო ბოთლის ფასიც რამდენიმე ათას აშშ დოლარს უტოლდება.
თვალსაჩინო მაგალითია მარკა “მეოცე საუკუნე”. აღნიშნული მარკის კუპაჟში მონაწილეობას იღებენ მეოცე საუკუნის ყველა ათწლეულის ქართული საკონიაკე სპირტები, რომელთაგან ყველაზე ძველი 1905 წელს, თვით დავით სარაჯიშვილის უშუალო მონაწილეობით არის გამოხდილი, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 1993 წელს შეიქმნა. სულ 17 სხვადასხვა ასაკის სპირტია გამოყენებული. მსგავსი კუპაჟის დამზადება სხვა კომპანიებს არ ძალუძთ, რადგან ასეთი ასაკის სპირტები, უბრალოდ, ფიზიკურად არავის გააჩნია. ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე აღნიშნულ მარკას შეარქვეს “მეოცე საუკუნის მატიანე ბოთლში”.
გარდა “მეოცე საუკუნისა”, 2003 წელს, დავით სარაჯიშვილის იუბილესთან დაკავშირებით, დაამზადეს 100-წლიანი დაძველების კონიაკი “სარაჯიშვილი საიუბილეო”, რომლის კუპაჟში შევიდა დავით სარაჯიშვილის მონაწილეობით 1893 და 1905 წლებში გამოხდილი ორი სახის სპირტი. აღნიშნული მარკა წარდგენილ იქნა საერთაშორისო დეგუსტაციაზე და დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო – “სუპერ გრან-პრი”.
“კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტები შემოვა. ძალიან დიდი მარაგია ძველი კონიაკების, რომელსაც, ამდენი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ ვეხებოდით. ბაზრების განვითარება უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პროდუქტები გამოვუშვათ. ოთხი პროდუქტი გამოვა კარგი შეფუთვით, აქედან, ორის სახელი უკვე ვიცით, რა იქნება – ერთი იქნება “ძალიან ძველი”. როდესაც სარაჯიშვილი უშვებდა “ძალიან ძველს” (მან ეს პროდუქტი 1901 წელს გამოუშვა), მაშინ, ყველაზე ძველი კონიაკი, რაც მას ჰქონდა, 12 წლის იყო. შესაბამისად, დაარქვა “ძალიან ძველი”. ჩვენ ამ პროდუქტს გამოვუშვებთ 2015-ში და ჩვენი ყველაზე ძველი კონიაკი იქნება 122 წლის”, – მეუბნება სარაჯიშვილის გენერალური დირექტორი. იქვე მეორე პროდუქტის სახელსაც ამჟღავნებს – “სარაჯიშვილი Independence”, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას მიეძღვნება – ეს იქნება 1918 და 1990 სპირტების კუპაჟი. რა თქმა უნდა, ყველა ეს ძვირფასი მარკა ლიმიტირებულად გამოვა, სავარაუდოდ, 1000 ბოთლამდე. “სულ გამოვუშვებთ დაახლოებით 30 დასახელების კონიაკს. რაც შეეხება ფასს, ჯერ არ დაგვიზუსტებია, თუმცა ლიმიტირებული მარკების შემთხვევაში, წინასწარი ვარაუდით, ბოთლის ფასი $300-დან $15 ათასამდე იქნება”.
“სარაჯიშვილი” სავენახო მეურნეობასაც შეეჭიდა. კახეთში უკვე გაშენებულია 100 ჰექტარი ვენახი. იგეგმება მისი გაზრდა 500 ჰექტარამდე. გარდა ამისა, გეგმაშია სპირტის სახდელი ქარხნის აშენება.
“პარალელურ რეჟიმში ჩვენ არყის წარმოება დავიწყეთ, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი, – მაგარი სასმელების წარმოება, რომლებიც უფრო სწრაფად მზადდება, ვიდრე კონიაკი. კონიაკს, იცით, რომ დრო უნდა. გავაკეთეთ ჩვენი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში და დღეს, არყის მიმართულებითაც, ადგილობრივ წარმოებაში უკვე მეორე ადგილი გვიჭირავს”. გასათვალისწინებელია, რაოდენ მოკლე დროში მიაღწია კომპანიამ ამ შედეგს – არყის წარმოება მხოლოდ 2009-2010 წლებში დაიწყო.
ინტერვიუს დასასრულისკენ ვფიქრობ – ამ ჰიპერაქტიურ და “სწრაფი რეაგირების” ეპოქაში, როგორია, წარმართავდე და ემსახურებოდე ბიზნესს, რომლის ნაყოფსაც შეიძლება ვერ მოესწრო? ჩვენს დროში ხომ ადამიანები დაუყოვნებელ შედეგებსა და მყისიერ პასუხებს ელიან, თუნდაც საუკუნოვან კითხვებზე. განურჩევლად იმისა, ფილმის სტრიმინგის დაწყებას ველოდებით ჩვენს ტაბლეტებში, თუ რამე ნივთს ვიწერთ რომელიმე სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით, ჩვენი მოთმინება ყოველთვის ამოწურვის ზღვარზეა. როგორი ვიქნებოდი, ჩემი საქმე ექსტრემალურად გრძელვადიან დაგეგმარებას რომ მოითხოვდეს და მიუხედავად იმისა, თუ რამდენ წელს ვიცოცხლებ, ჩემი შრომის ნაყოფს გემო ვერ გაუსინჯო?
რატომღაც მგონია, “უსასრულობასთან ზიარება” და ანგელოზებთან ალაფის გაყოფა ყოველდღიურობის უმნიშვნელო მტვრისგან დისტანცირებულ, უფრო მშვიდ, ლაღ, აუღელვებელ – მოკლედ, უკეთეს ადამიანად მაქცევდა – ცხოვრებასადმი ფილოსოფიური, ოდნავ ირონიული დამოკიდებულებით. მაგრამ ვიქნებოდი კი უფრო მოტივირებული, უფრო შრომისმოყვარე? – არ ვიცი.
“რთული პროცესია, მოთმინება თუ არ გაქვს, ძალიან ძნელია. 18 წელი გავიდა, რაც მოვედი. ახალი ვენახისგან პირველი სპირტის მიღების მოლოდინში კიდევ ათწლეულები გავა. ამისთვის შინაგანად მზად უნდა იყო, – მეუბნება “სარაჯიშვილის” საქმიანობის წარმმართველი და მსახური. – უნდა იცოდე, გრძელვადიან ინვესტიციასთან გაქვს საქმე. ამიტომ არის, რომ, ვთქვათ, კონიაკის წარმოება ტრადიციულად ოჯახს მოჰყვება, აქაც, საფრანგეთშიც. მე რომ ვაკეთებ, უნდა ვიცოდე, რომ შეიძლება ოცდაათი, ორმოცი, ორმოცდაათი წელი გავიდეს და შედეგი ვერ მივიღო, ისეთი, როგორსაც ჩემი შთამომავალი მიიღებს, მერე მისი, მერე კიდევ მისი და ბოლოს ვიღაცას ეწევა. ის ვიღაც არის მერე ბედნიერი”.
დატოვე კომენტარი