გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის, ჩარლზ მესამის კორონაცია მომავალი წლის სამ ივნისს, ვესტმინსტერის სააბატოში შედგება, – ამის შესახებ ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი წერს.
საინტერესოა, რომ მომავალი წლის ზაფხულში, მეფე ჩარლზს სამოცდათოთხმეტი წელი შეუსრულდება და ამგვარად, ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი იქნება, რომელსაც მეფედ აკურთხებენ. როგორც ირკვევა, კორონაციის ეს ცერემონიალი მეტად მოკრძალებული იქნება, მაგრამ მას მრავალფეროვანი შეხედულებებისა და რწმენის ადამიანები დაესწრებიან, რაც დღევანდელი ბრიტანეთის ერთგვარი სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ ჩარლზ მესამესთან ერთად, კორონაციის ცერემონიალში მონაწილეობას მისი მეუღლე, დედოფალი კამილაც მიიღებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ჩარლზ მესამის დედის, ელისაბედ მეორის კორონაციის ცერემონიალს, რომელიც 1953 წელს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა, ას ოცდაცხრა სახელმწიფოდან ჩამოსულ რვა ათას სტუმარზე მეტი დაესწრო, მათ შორის იყო ბრიტანული არისტოკრატიის ყველა წევრი. თუმცა, მას მერე დიდი დრო გავიდა და უსაფრთხოების სტანდარტები შეიცვალა, რომელთა თანახმად, კორონაციის ცერემონიალზე დასწრება, დღეს, მხოლოდ ორი ათას ადამიანს შეუძლია, რაც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
კორონაციის ცერემონიალი ტრადიციული ღონისძიებაა, რომლის პროტოკოლი ისტორიულ ნორმებს ეფუძნება, პროცესი კი, ასეთია: პირველად, მეფე, რომელსაც ხელთ სამეფო კვერთხი და სფერო უპყრია, რომლებიც ქვეყანაზე მის კონსტიტუციურ კონტროლს და ქრისტიანული სამყაროს წევრობას აღნიშნავენ, ედუარდის ტახტრევანში ჯდება. მეორე ნაბიჯი სამეფო ზეთისცხებაა, რომლის შემდეგ ახალ მეფეს მაღალი რანგის სასულიერო პირები ლოცავენ, ხოლო მეფის თავზე წმინდა ედუარდის გვირგვინი აღიმართება.
თავად სამეფო გვირგვინი, რომელიც ანგლო-საქსების მეფის, ედუარდ აღმსარებლის სახელს ატარებს, სუფთა ოქროსგანაა დამზადებული და ის ოთხასზე მეტი პატიოსანი თვლით, მათ შორის ლალით, ძოწითა და საფირონითაა შემკული. საინტერესოა რომ ის გვირგვინი, რომელიც მომავალი წლის კორონაციის ცერემონიალში იქნება გამოყენებული, ჯერ კიდევ 1661 წელს, მეფე ჩარლზ მეორისთვის შეიქმნა – ის ოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლისაა და 2.23 კილოგრამს იწონის. როგორც წესი, ის ლონდონის ტაუერში ინახება.
დატოვე კომენტარი