მაშინ, როცა საპრეზიდენტო კამპანიის დაძაბული სეზონი ერთმანეთისადმი კონკურენტუნარიან მეტოქეებს გვთავაზობს, არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ მომავალ პრეზიდენტს არ ექნება კარგად მომზადებული მისასალმებელი სიტყვა. ამის გათვალისწინებით, თავს უფლება მივეცი შემეთხზა სამი მთავარი კანდიდატის საჯარო გამოსვლა, რითიც, ჩემი აზრით, ამოვავსებ მათ კამპანიებში არსებულ ნაპრალებს და ამომრჩევლის ყურადღებას მივმართავ ფართო სურათზე, ნაცვლად ვიწროპარტიული party-პოლიტიკისა.
გიორგი მარგველაშვილი
პატივცემულო მეგობრებო, ძვირფასო ქართველებო, საპატიო სტუმრებო, მოგესალმებით!
მე დიდად დავალებული ვარ (განსაკუთრებით თქვენგან, ბატონო ბიძინა) და ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ დღეს აქ ვდგავარ, თქვენს წინაშე, როგორც ახლად არჩეული პრეზიდენტი
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვესაუბრე ჩემს კონკურენტებს და მათ უკვე მომილოცეს ეს ისტორიული გამარჯვება. მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, მისი თბილი სიტყვებისა და გამხნევებისათვის. „გიორგი, – მითხრა მან, – მინდა იცოდე, რომ ჩვენი ურთიერთობა ამით არ დასრულებულა და მას შემდეგ, რაც ბიძინა პოლიტიკური არენიდან წავა, მე თქვენთვის მოვიცლი”.
მე ვდგავარ აქ, როგორც ყველა ქართველის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა თუ რომელ პარტიას ან რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერდნენ ისინი მხარს – თუკი, რა თქმა უნდა, ეს პარტია მაინცა და მაინც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ არის. მე ვდგავარ აქ, როგორც ჩვენი საყვარელი ქვეყნის ლიდერი – ქრისტიანებისა თუ მუსლიმანებისათვის, ქართველებისათვის, სომხებისა, თუ აზერბაიჯანელებისათვის – ყველასთვის, გარდა გეებისა, არა ლევან? და გარდა მუსლიმანებისა… და სომხებისა… და აზერბაიჯანელებისა… მშვენიერი ჩოხაა, სხვათა შორის, ლევან.
ჩვენ საარჩევნო ბრძოლის ქარცეცხლი გავიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი და ეს არჩევანი დანარჩენ ორ კანდიდატზე არ შეჩერებულა. ჩემს სასარგებლოდ ხმის მიცემის შედეგად ახლა ქვეყანას ჰყავს – როგორც პრემიერმა აღნიშნა ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისში – ნამდვილად ევროპული ყაიდის პრეზიდენტი. და მე, სანამ პრეზიდენტის კაბინეტი მაბარია, ყოველდღე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ეს შეფასება გავამართლო: როგორც ყველა სხვა ევროპელი ლიდერი, მეც საიდუმლოდ განვიმსჭვალები ზიზღით ამერიკელებისადმი, თუმცა ძირითადად მაინც მათ ჭკუაზე ვივლი; ამავე დროს, მე გპირდებით, რომ დავათბობ ურთიერთობებს კრემლთან ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე და არანაირი რეალური სარგებელის სანაცვლოდ; მე გპირდებით, რომ ვიქნები უმოქმედო, როცა ეკონომიკა ერთი კრიზისიდან მეორეში გადაეშვება.
გპირდებით, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს – ანუ კეთილსინდისიერად შევასრულებ ყველაფერს, რასაც ბიძინა ივანიშვილი მეტყვის. გპირდებით, რომ გამოვიყენებ ამ თანამდებობას ქართველი ხალხის გასაერთიანებლად – ყოველ შემთხვევაში ხალხი იმაზე მაინც შეთანხმდება, რომ ერთი უფერული საჯარო მოხელე ვარ, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე არაფერი ესაქმება. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთხმად და ერთად მივალთ აქამდე.
დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ.
დავით ბაქრაძე
პატივცემულო მეგობრებო, ძვირფასო ქართველებო, ბატონო ყოფილო პრეზიდენტო, მოგესალმებით!
დღეს ისტორიული დღეა. ესაა დღე, როდესაც საქართველო საბოლოოდ გამოემშვიდობა თითქმის ერთწლიან პრორუსულ ავტორიტარიზმს, პოლიტიკურ დევნასა და ეკონომიკურ კოლაფსს და დაუბრუნდა ჩვეულ ყოფას – რუსეთთან კონფლიქტის, მასობრივი მოსმენებისა და პოლიტიკური დევნის ბუნებრივ კურსს.
ესაა დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა ზურგი აქცია ცარიელ დაპირებებსა და დამსხვრეულ ოცნებებს და კიდევ ერთხელ დაადგა გზას, რომელიც საქართველოს აქცევს ახალ სინგაპურად, დუბაის (და ოდნავი ესტონეთის) ელემენტებით. მე გპირდებით, რომ ჩვენ ამ ოცნებას ნამდვილად ავისრულებთ.
მე ვდგავარ, აქ, თქვენ წინაშე, როგორც ყველა ქართველის პრეზიდენტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ჩემთვის არ მოგიციათ ხმა – არ ინერვიულოთ, არ გიბრაზდებით. თუმცა მაინც იცოდეთ, რომ ვანომ იცის, სად ცხოვრობთ.
აღსანიშნავია, რომ ჩემთვის ეს გამარჯვება მეტი თავმდაბლობის საბაბია. მე ძალიან კარგად ვუწყი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩემმა პარტიამ შეცდომები დაუშვა. მაგრამ ადამიანი იმიტომ ხარ გონიერი არსება, რომ ყოველთვის შეეცადო, აღარ გაიმეორო შეცდომა. ჩვენ აღარასოდეს მივანიჭებთ ორმაგ მოქალაქეობას მილიარდერს! ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ, რომ საიდუმლო მიყურადებისა და ვიდეოჩანაწერების პრაქტიკა იმდენად გავრცელდეს, რომ ჩვენ თვითონვე აღმოვჩნდეთ მათზე აღბეჭდილი! ჩვენ აღარასოდეს მოვახდენთ ოკუპანტი მონღოლოიდი ბარბაროსების (რომლებიც ტყე-ღრეში დარბოდნენ, როდესაც ჩვენ რუსთაველი გვყავდა) პროვოცირებას, მათი ლილიპუტი ბელადის შეურაცხყოფით!
აგრეთვე მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი სახელოვანი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ – მადლობა მიშა! მადლობა მიშა იმისათვის, რომ შექმენი ჩვენი პარტია და აქციე ჩვენი ქვეყანა სახელმწიფოდ, რომელსაც ჩამოშლა არ ემუქრება. მადლობა მიშა იმისათვის, რომ შექმენი ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მეშვეობითაც მივაღწიეთ დღევანდელ გამარჯვებას. მადლობა მიშა გასული ოქტომბრისთვის, კინაღამ რომ დააპატიმრებინე ჩვენი თავი, ისეთი დამთმობი საჯარო გამოსვლა გქონდა. გაგეფრთხილებინეთ მაინც!
დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რომ მიშა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს და რომლის მსგავსიც, საქართველოს ისტორიაში – ყოველ შემთხვევაში დავით აღმაშენებლის შემდეგ – არ ყოფილა. სწორედ ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მე მსურს განვაცხადო ბატონი მიხეილის ახალი როლის შესახებ: იგი გახდება ლაზიკას მერი – ქალაქისა, რომელიც უნდა აშენდეს ანაკლიისაგან ათი კილომეტრით დაშორებულ ხელოვნურ კუნძულზე. ჩვენ დიდი სიამოვნებით გატყობინებთ, რომ მალე იგი იქ გადავა საცხოვრებლად, თუმცა ვერტმფრენების აეროდრომსა და საზღვაო პორტის მშენებლობას, დამატებით, სულ მცირე, ხუთი წელიწადი დასჭირდება.
დაბოლოს, მე მსურს გავიხსენო ჩვენი ეროვნული გმირის, რონალდ რეიგანის სიტყვები: „მოდით დავცხოთ რუსეთს!”
ნინო ბურჯანაძე
პატივცემულო მეგობრებო, ძვირფასო ქართველებო, ბატონო ლავროვ, გამარჯობა!
ხედავ მიშა?! ხომ გეუბნებოდი შევძლებ-მეთქი? იმედი მაქვს უკვე ბარგს ალაგებ, მისტერ, რადგან საღამოსთვის უკვე ნეტარი ვასილის ტაძარზე უნდა კონწიალობდე ერთი ადგილით.
და ჰო, კიდევ, გულუბრყვილო „მეოცნებენო”, თქვენი ღალატის ტოლფასი „კოჰაბიტაციით”, არც თქვენ დამვიწყნიხართ. ყველანი ციხეში წახვალთ იმ უდიდესი დანაშაულის გამო, უფრო ადრე რომ ვერ ან არ გააცნობიერეთ და გამოიყენეთ ჩემი გენიალურობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემში იოტისოდენა ეჭვსაც არ იწვევდა არჩევნებში გარდაუვალი და ძლევამოსილი გამარჯვება, ბოლო დღეების განმავლობაში მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი ბატონ ლავროვთან და აი, სულ ახლახანს, ტელეფონით ვესაუბრე თვით მას – ბატონი ვლადიმერ პუტინის პირად მდივანს! მე მინდა დიდი სიხარულით გამცნოთ, რომ ჩემი ზებუნებრივი დიპლომატიური უნარ-ჩვევების დამსახურებით ისეთ შეთანხმებას მივაღწიე, რომლითაც ჩვენი ყველა პრობლემა მოგვარდება!
დიახ, დიახ, ისინი ამბობდნენ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ, სულ მცირე საფასურის – ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსებისა და ევროკავშირსა და ნატოში შესვლაზე სამუდამოდ უარის თქმის – სანაცვლოდ, მე მივიღე სერიოზული დაპირება, რომ რუსეთი ჩვენს მიმართ გარკვეული დროის მანძილზე ტაქტიანი იქნება!
დიახ, მე მივაღწიე ამას – არა მიშამ თავისი კავშირებით ვაშინგტონში, არა ბიძინამ, თავისი წევრობით მილიარდერთა კლუბში, არამედ მე! მე მივიღე ბატონი ლავროვის მკაფიო გარანტია, რომ ისინი ძალიან სერიოზულად დაფიქრდებიან ჩვენთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. მან განმიცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს (იგი ის კაცია, რომელთან ურთიერთობაც მე ძალიან კარგად ვიცი) მალე მზად ექნება გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს რეინტეგრაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. მე დიდი სიამაყით ვაანონსებ ამ ახალი გაერთიანების სახელს: „ტრანსკავკასიური სამხედრო ოლქი”.
მაგრამ მე არ მინდა ჩემი მიმართვა ყველასთვის ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულო. ამ არჩევანის შედეგად ქართველ ხალხს ეძლევა შანსი, იფიქროს მომავალზე. გპირდებით, რომ ერთად, ჩვენ მივაღწევთ ისეთ მომავალს, რომელშიც აბსოლუტურად ყველა, ვინც რაიმე სახით დაკავშირებული იყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან (მას შემდეგ, რაც მე მათი რიგები დავტოვე) ციხეში იჯდება. ეს ის მომავალია, რომლისაც ჩვენ ყველას უნდა გვწამდეს.
დიდი მადლობა, თუმცა კი, სინამდვილეში, თქვენ უნდა იყოთ ჩემდამი მადლიერნი.
დატოვე კომენტარი