მექსიკელი კანონმდებლები კონგრესში სავარაუდოდ უცხოპლანეტელების სხეულების აღმოჩენის შესახებ ქვეყნის ისტორიაში პირველი ღია მოსმენა გაიმართა. სამშაბათს გამართულ ღია მოსმენაზე კანონმდებლებმა ორი ამოუცნობი ობიექტის სხეულზე იმსჯელეს, რომელთაც არამიწიერი ფორმა და ზომები აქვს. აღმოჩენილი სხეულების შესახებ მექსიკელმა ჟურნალისტმა და ამოუცნობი ობიექტების დიდი ხნის ენთუზიასტმა, ხაიმე მაუსანმა ისაუბრა.
მისი მტკიცებით, აღმოჩენილი სხეულების მახასიათებლები დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებების არც ერთ ნიმუშს არ განეკუთვნება. 2017 წელს პერუში აღმოჩენილ ორ მცირე ზომის სხეულს ხელებზე სამ-სამი თითი და წაგრძელებული ფორმის თავები აქვს. ჟურნალისტის მტკიცებით, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის გამოკვლევებით დადგინდა, რომ სხეულები დაახლოებით 1,000 წლისაა.
ცნობისთვის, მსგავსი ფორმის აღმოჩენები აქამდეც გაკეთებულა და მოგვიანებით დადგენილა, რომ ისინი მუმიფიცირებული ბავშვები იყვნენ.
„ვფიქრობ, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არაადამიანური წარმოშობის არსებებთან, რომელთაც სამყაროში არც ერთ ცოცხალ არსებასთან კავშირი არა აქვთ. ამიტომ ეს საკითხი უნდა გამოვიძიოთ. ჩვენ არ ვართ მარტო“, – განაცხადა მექსიკის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ხაიმე მაუსანმა.
მექსიკელი ჟურნალისტის მოსაზრება დაადასტურა ქვეყნის საზღვაო ძალების ჯანდაცვის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა და აღნიშნა, რომ ნაშთებს სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა. მისი მტკიცებით, დნმ-ის, 3-განზომილებიანი რეკონსტრუქციისა და რენტგენული გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ამ სხეულებს ადამიანთან არანაირი კავშირი არა აქვთ.