ავტომობილების მწარმოებელი გერმანული კომპანია Mercedes-Benz-ი რუსეთის ფედერაციაში საკუთარ ინდუსტრიულ და საფინანსო სერვისების ბიზნესს ყიდის და ქვეყნის ბაზრიდან საბოლოოდ გადის.
კომპანიის ცნობით, Merdeces-ის აქტივებს რუსული კომპანია Avtodom-ი შეიძენს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სადილეროებს ფლობს.
ამ ეტაპზე გარიგების მოცულობა და დეტალები უცნობია, თუმცა Mercedes-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი, ჰარალდ ვილჰელმი იუწყება, რომ ზემოხსენებული ტრანზაქციის დასრულებით კომპანიას დამატებითი ზარალი არ მიადგება – რუსეთში ავტომობილების რეალიზაციის შეწყვეტის ნეგატიური ეფექტი კი კომპანიის აქციონერებმა მეორე და მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებში უკვე იხილეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში ბიზნესის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო იაპონურმა Nissan-მა და ფრანგულმა Renault-მაც.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების პროტესტის ნიშნად, მარტში გერმანულმა კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით ახალი ავტომობილების გაყიდვა შეაჩერა.
დატოვე კომენტარი