Mercer-ი, ცხოვრების ხარჯების ინდექსზე დაყრდნობით, კომპანიებსა და მთავრობებს ემიგრანტი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების განსაზღვრაში ეხმარება. აღნიშნული ინდექსის გათვალისწინებით ახლახან კომპანიამ უცხოელებისთვის საცხოვრებლად და სამუშაოდ ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა შორის ჰონგ-კონგი ლიდერობს.
Mercer-ის წლევანდელი ინდექსი 227 ქალაქს და 200-ზე მეტი პროდუქტის ფასს მოიცავს. მათ შორის გათვალისწინებულია საკვების, ტრანსპორტისა და საცხოვრებლის ხარჯები.
Mercer-ის მიერ ჰონგ-კონგის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად დასახელება დიდწილად მზარდი ინფლაციური წნეხითაა განპირობებული, რის შედეგადაც ცხოვრების ხარჯები არამხოლოდ იქ, არამედ მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამას თან ერთვის ჰონგ-კონგის უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია, საქონლისა და მომსახურების ღირებულების მატება და პოლიტიკური არასტაბილურობა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ათეულში მის გარდა კიდევ სამი აზიური ქალაქი, სინგაპური, ტოკიო და პეკინი მოხვდა. ასევე საინტერესოა, რომ Mercer-მა ემიგრანტებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ტოპ-10-ში შვეიცარიიდან ციურიხი, ჟენევა, ბაზელი და ბერნი შეიტანა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი მხოლოდ ნიუ-იორკი.
Mercer-ის მიერ შედგენილი ათეული ასე გამოიყურება:
- ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგი (სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი)
- ციურიხი, შვეიცარია
- ჟენევა, შვეიცარია
- ბაზელი, შვეიცარია
- ბერნი, შვეიცარია
- თელ-ავივი, ისრაელი
- ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
- სინგაპური, სინგაპური
- ტოკიო, იაპონია
- პეკინი, ჩინეთი